Thursday, July 22, 2010

SGH

დილით თვალები გაჭირვებით გავახილე. ნახევრადმძინარეს, მესმოდა როგორ შხაპუნობდა წვიმა ფანჯრებზე. გარეთ ჯერ კიდევ ბნელოდა, მაღვიძარა კი გაუთავებლად რეკავდა..

აბაზანაში დიდხანს ვიდექი მოშვებულ ონკანთან და სარკეში საკუთარ თავს შევყურებდი. გვერდით ოთახებიდან ხმაური მოისმოდა - ჩანს, უკვე ყველამ გაიღვიძა. ონკანი დავკეტე და ოთახში გამოსული, უაზროდ მივაჩერდი ტანსაცმლის კარადას. მერე რაღაც ჩავიცვი, მგონი ჯინსი და მწვანე ზედატანი.

დაბლა რომ ჩავედი, ყველა სამზარეულოში იყო [ყველა - ანუ სამივე]. გაუთავებლად ლაპარაკობდნენ და მეც მომმართეს, მგონი. ღმერთო, ნუთუ ჩემს გამომეტყველებაზე ვერ ხვდებიან, რომ არაფერი მესმის?

ძველი კარადიდან ჩემი ჭიქა გადმოვიღე და ყავა დავისხი. მაგიდას მივუჯექი და გახუხულ პურზე შოკოლადის კარაქი გადავუსვი. წინ ცხელი ყავით სავსე ჭიქა მიდგას, ცხელი ორთქლი ასდის და სასიამოვნო სუნი რეცეპტორების საშუალებით ტვინამდე აღწევს. მე დაფიქრებული შევყურებ, მერე ჭიქა ტუჩებთან მიმაქვს, რამდენიმე წამით ვაყოვნებ, ღრმად ვისუნთქავ და თვალებს ვხუჭავ. პირველი ყლუპი - ვგრძნობ, როგორ ჩადის ცხელი სითხე სხეულში..

ვაგვიანებთ. ბოლო ყლუპი აჩქარებით გადავყლაპე, ჩანთას, საკიდზე დაკიდებულ ქურთუკს და გასაღებს ხელი წამოვავლე და გავედით. ისევ თავსხმაა. მანქანიდან გზა თითქმის არ ჩანს. კვლავ რაღაცაზე კამათობენ და მე ნელ-ნელა ვფხიზლდები.

როგორც იქნა, კლინიკა გამოჩნდა - მოვედით. მანქანიდან რომ გადმოვედით, წვიმამ თითქმის გადაიღო. დილის სუფთა ჰაერი მაცოცხლებლად მოქმედებს, მეც ღრმად ვისუნთქავ. უკვე კარგად მესმის, თუ რაზე კამათობენ დილიდან:

- გუშინ შენი რიგი იყო, საყიდლებზე კი ისე წახვედი, რომ სია არ წაიღე. ღმერთო ჩემო, საყიდლების სია არ წაიღე!...

ოდნავ ჩამოვრჩი სხვებს, ვუყურებ და მეღიმება..

ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს - ახალი დღე დაიწყო.



ნატალია 'გრეის ანატომიაში'. შესაძლოა, I ნაწილი.

Monday, July 12, 2010

La furia roja

  იცით, რაღაც საკითხებში ეგოისტი ვარ. რაც მე ძალიან მიყვარს და ჩემია, არ მინდა ყველას უყვარდეს; არ მინდა, საქვეყნოდ იყოს ცნობილი და ყველა ამაზე ლაპარაკობდეს. მინდა რომ მხოლოდ მე ვატარებდე გონებაში და მერე სხვებს ვუყვებოდე. უფრო სწორედ, ვწერდე. თორემ ხმამაღლა არც მიყვარს ჩემეულ რაღაცეებზე ლაპარაკი.

   ადრე მოყოლილი მაქვს, თუ როგორ შემიყვარდა ესპანეთი. რაულიდან დაიწყო ყველაფერი, ასე 2000-2001 წლებში. მომეწონა რაული, მერე გავიგე რომ ესპანელი იყო, და შემიყვარდა ესპანეთი. მას მერე მიყვარს. თუ როგორ მიყვარს, ეს უკვე ყველამ იცის მგონი, ვინც ამ ბლოგზე ორჯერ მაინც შემოსულა :) 

 ახლა, მხოლოდ ფეხბურთის კუთხით რომ განვიხილო - თავიდან უფრო მეტად რაული მიყვარდა, ვიდრე თვითონ ნაკრები. და თამაშებზეც სულ რაულს ვეძებდი, ოღონდ თვალი მომეკრა. მოკლედ, თინეიჯერული ამბები. 

  მე მახსოვს ესპანეთი, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე ყველა თამაშს იგებდა, თან დამაჯერებლად, და შემდეგ პირველივე, ან მეორე მატჩებში მარცხდებოდა. საკმაოდ განვიცდიდი. ზოგადად, მე არ ვარ ფეხბურთის მოყვარული, ამ სიტყვის ღრმა მნიშვნელობით. გამოთქმა 'ეს უფრო მეტია, ვიდრე სპორტი' არასდროს განმიცდია ფეხბურთის ყურებისას. ერთი-ორჯერ მქონდა ეს მომენტი ჩოგბურთზე. მაგრამ არც ჩოგბურთის ჭეშმარიტ გულშემატკივრად ვთვლი თავს, თუმცა ყველაზე მეტად მიყვარს. ან შეიძლება მხოლოდ ჩოგბურთის გულშემატკივარი ვარ, ვინ იცის.

  მოკლედ, იმას გეუბნებოდით, რომ ესპანეთი, როგორც ერთი მთლიანი, 2008 წელს აღვიქვი, როცა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. თავიდან გადავწყვიტე, რომ აღარ მეგულშემატკივრა მათთვის, ვინაიდან გულწრფელად მჯეროდა, რომ მე მათთვის ცუდი იღბალი მომქონდა. ხანდახან ცრუმორწმუნე ვარ, ვაღიარებ. მაგრამ პირველივე თამაშს ვუყურე და ბოლომდე ასე მივყევი. 

 მერე კი დაიწყო ის, რაზეც დასაწყისში ვსაუბრობდი. რაღაც ჩემი, საყოველთაო გახდა. ხალხმა ესპანეთის შესახებ გაიგო და რახან ჩემპიონები გახდნენ, ჩათვალეს რომ მათთვის უნდა დაეჭირათ მხარი, როცა საქმე საქმეზე მიდგებოდა. 

 და აი, წელს 'მიდგა'. 

 გუშინ ბოლო წუთებზე ტელევიზორს გამოვეცალე და კომპიუტერში გრეის ანატომია ჩავრთე, ყურსასმენები გავიკეთე და ხმამაღლა ავუწიე, კომენტატორის ხმას ჩემამდე რომ არ მოეღწია. არადა საერთოდ ვერ აღვიქვამდი, რას ვუყურებდი. თან ანგარიშს ვნახულობდი, აკანკალებული ხელებით. 

 იცით, რას ნიშნავს, როცა 117-ე წუთზე [როცა თამაში 120-ე წუთზე უნდა დამთავრდეს] შენი გუნდი გოლს გაიტანს? 

 იმას, რომ ყურსასმენები ნერვიულად მოიძრო ყურებიდან, წამოხტე, ხმამაღლა იყვირო და იხტუნო.  


 ესპანეთი საყოველთაო გახდა. მაგრამ მადლობა ღმერთს ჩემი ესპანეთი ჩემთან რჩება, და მას ვერასდროს გაიცნობენ.


p.s

 რაფაელ ნადალმა 2008 წელს როლან გაროსი და უიმბლდონი მოიგო. იმავე წელს, ესპანეთი ევროპის ჩემპიონი გახდა. წელს, რაფამ მეორედ შეასრულა 'დუბლი' და კვლავ, როლან გაროსი - უიმბლდონი მოიგო. ესპანეთის ნაკრები კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

Friday, July 9, 2010

Metaphor

  ღამით უცნაური სიზმარი ვნახე. რელიგიური, თუ რაღაც ამდაგვარი. იმდენად ბუნდოვნად მახსოვს, რომ სიტყვებსაც ვერ ვპოულობ გადმოსაცემად. სამაგიეროდ, შეგრძნებები გამომყვა ცხადად. სიზმრებს ხომ უფრო მეტად შეგრძნებები ახასიათებთ, ვიდრე ლოგიკა და თანმიმდევრობა. არა, პირდაპირი გაგებით რელიგიურიც არ იყო. .

 ხანდახან მგონია, რომ ერთი აბეზარი ვინმე ვარ, რომელსაც ყველა და ყველაფერი აღიზიანებს. ისე დამღალა ამ 21-ე საუკუნემ..

  დღეს დავით აღმაშენებელის კითხვა დავიწყე და კვლავ გამიჩნდა სურვილი, წინა საუკუნეებში მეცხოვრა. ზუსტად არ ვიცი, რამდენჯერ მაქვს წაკითხული, 3-ჯერ ან 4-ჯერ? რომ ვკითხულობ, იმ დროში გადავდივარ. სიტყვებიც კი ისეთია, ძველიდან ამოჩხრეკილი, და წარსულის სუნი დაკრავს.

  ზოგჯერ ვფიქრობ, რომ წარსულიდან მოსული უცნობი ვარ, რომელიც ვერაფრით შეეგუა ამ ეპოქას; რომ მე გრძელი კაბა უნდა მეცვას და თმაში მარგალიტები მქონდეს ჩაბნეული.. ბაღში, მოჩუქურთმებულ სკამზე ვიჯდე და წიგნს ვკითხულობდე. საღამოობით კი, ეზოში მაშხალები ინთებოდეს და ეტლების ხმა მოისმოდეს, კარებთან კი ვიღაც სტუმრებს ეგებებოდეს. მერე ოთახებში ხმადაბალი ლაპარაკი, ალაგ-ალაგ სიცილი და პიანინოს ხმა მოისმოდეს.

 ღამე, ყველაფრისგან დაღლილი, თმას ვიშლიდე და ქვის აივანზე გავდიოდე, შორიდან კი ღამის ფრინველის ხმა მოჰქონდეს ნიავს. 

 რეალურად კი მე ბლოგერი ვარ, კლავიატურას ვუზივარ და პოსტს ვწერ. რა სიტყვებია ეს? ვინმემ იცოდა ამ ასოების თანწყობა -  ვინც ოდესღაც, ღამის სიგრილეში, აივანზე იდგა, თმაგაშლილი?.. 

  

Tuesday, July 6, 2010

Impossible is nothing, so just do it!

  ასეთი ჩვევა მაქვს - ტრასპორტიდან ადამიანების სახეებს ვიმახსოვრებ. უცებ ვიღაცას დავინახავ და მის გამომეტყველებას ფოტო-კადრივით ვინახავ. მერე შემდეგი გამოჩნდება და ასე გრძელდება. თუ უსიამო სახე შემხვდა, ერთი სული მაქვს, ახალი გამოჩნდეს, რომ წინა დავივიწყო. ყველა ადამიანს არ აქვს დასამახსოვრებელი სახე. ბევრი ისე გაივლის, რომ აღქმასაც ვერ ვასწრებ.

 აი ასე, ჩემს გონებაში ბევრი ადამიანის თვალები ინახება. უკვე ვახსენე სადმე, რომ თვალებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ? ასეა. თვალებმა შეიძლება განსაზღვროს ადამიანის სილამაზე, თვალებით შეიძლება გადმოსცე ბევრი რამ და ზოგადად, თვალებით გამოიცნობ ადამიანს. 

 [ამ შესანიშნავი ესპანელი ქალის ფოტოსთვის დიდი მადლობა ჰექსეს]

 დღეს აუტანელი სიცხეა. ბოლო დღეებია აუტანელი სიცხე. მე კი უნებურად მეფიქრება, ადამიანებს რატომ უნდა სიამოვნებდეთ ერთმანეთის ლანძღვა და რატომ არ უნდა ცდილობდნენ სულ ცოტა მაინც მოითმინონ. იმდენს ვფიქრობ, და საბოლოოდ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ყველას და ყველაფერს აქვს გამართლება. მეც ვჩხუბობ, როცა მშიერი ვარ, ან PMS მაქვს, ან როცა მალოდინებენ. 

 მიხარია, რომ ბანკეტი [თუ რაღაც ამდაგვარი] მქონდა ზუსტად ისეთი [თითქმის ზუსტად ისეთი], როგორიც მინდოდა. რომ ბევრი ვიცეკვე, ცოტა დავლიე და ყველაფერი სასიამოვნოდ დამთავრდა.

ბოლო დღეები რაღაცეები გამოვტოვე - ბლოგებზე პოსტები, ტელევიზორში - უიმბლდონის ფინალი. პირველი მიხარია, აღმოჩნდა რომ სასიამოვნო არაფერი დაწერილა. მეორეზე კი გული მწყდება. 

 რომ არა ეს ჭრელი სარაფანი, ალბათ პოსტს არ დავწერდი. ან იქნებ სიცხეა ყველაფერში დამნაშავე? ნაყინი მინდა, მაგრამ რატომღაც გავცივდი, მახველებს და ვერ შევჭამ უახლოესი დღეები.  ყავა აქვეა, სამაგიეროდ. მე კიდევ ადამიანები მენატრება.

Wednesday, June 30, 2010

Oh, summer days..

ახლა ვზივარ ანას ლეპტოპთან, მაცვია ანას [თუ მარის?] მწვანე სარაფანი, საშინლად მცხელა და ანუშკას სიმღერას ვუსმენ. ჩემი რა მაქვს? ჰო, ეს პოსტი ჩემია ნამდვილად.

მე ხანდახან საშინლად გაღიზიანებული ვარ, დაახლოებით თვეში ერთხელ, ერთი კვირა. ზოგი ამას PMS-ს ეძახის. პრინციპში, მეც ასე ვეძახი, ოღონდ ყოველ მეორე წუთში გამეორება არ მიყვარს, იმიტომ რომ მაშინ ძალიან გაღიზიანებული ვარ და ამის აღნიშვნა არ მამშვიდებს.

კიდევ, აღმოვაჩინე რომ ჩოგბურთს ვერ ვთამაშობ კარგად, უფრო სწორედ, საერთოდ ვერ ვთამაშობ და იმედგაცრუებული ვარ.

თუმცა, აღნიშვნის ღირსია, რომ გარეთ მზე ანათებს, ზაფხულია და მე სრულიად თავისუფალი ვარ.

Friday, June 25, 2010

Alejandro

პოსტის დაწყება, დამთავრება და დასათაურება ყოველთვის მიჭირს და ბევრ ვფიქრობ. თუმცა მგონი უმეტესობა ასეა. ანუ, ახალი არაფერი მითქვამს.
ყველაზე კარგი მეთოდია, პოსტის ბოლოს მიმაგრებული სიმღერის დასახელებით დაასათაურო, ხოდა მეც ასე მოვიქცევი.

ფილმში ვიკი კრისტინა ბარსელონა, სკარლეტი იოჰანსონის გმირს - კრისტინას, სექსი ექნება მარია ელენასთან; მერე თავის მეგობარ ცოლ-ქმარს მოუყვება და ქმარი ჰკითხავს, ანუ ახლა შენ ბისექსუალი ხარო? კრისტინა უპასუხებს, რა საჭიროა ეგრევე იარლიყების მიკერება, მე მომეწონა და თავი კარგად ვიგრძენიო. ხოდა ახლა ამას ვფიქრობ მეც. რატომ უნდა იყოს ბლოგერობა რაღაც იარლიყი? მე მომწონს თავისუფალ დროს რაღაცეების წერა, იმის, რაც მინდა იმ მომენტში. სულ არ ვთვლი საჭიროდ რომ გავეცნო ’ათას ხერხს’ წარმატების მისაღწევად, ვიზიტორების მოსაზიდად და ა.შ მე ჩემი 20 ვიზიტორი მყავს და კმაყოფილი ვარ. ბლოგერობა არც პროფესიაა და არც ვალდებულება. მე სიამოვნებას ვიღებ წერისას და სხვის პოსტების კითხვისას. ხოდა თქვენც მიიღეთ.

მანამდე კი Lady Gaga-ს მოუსმინეთ :D დღეს დილით გამახსენდა ეს სიმღერა, ჩავრთე ტელევიზორი და ზუსტად იმ დროს გადიოდა. ვიფიქრე, რომ It is karma, და ამიტომ ამ პოსტს დავურთე თან :)

Monday, June 21, 2010

Wimbledon 2010

დღეიდან, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, ჩემთვის დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად განახლებადი საიტი გახდება ეს - 2010 Wimbledon Championships Website

ყველაზე აქტიური ფერები - მწვანე და იისფერის კომბინაცია.

უიმბლდონი იწყება, ყველაზე დახვეწილი და არისტოკრატული საჩოგბურთო ტურნირებს შორის.


თანამედროვე ჩოგბურთი მე-19 საუკუნის ინგლისში ჩაისახა. თუმცა მანამდე, განსხვავებული ფორმით ის უკვე არსებობდა და პოპულარული იყო საფრანგეთსა და ინგლისში [წყარო - http://en.wikipedia.org/wiki/Tennis].


ანუ, ჩოგბურთი უმეტესად სწორედ დიდ ბრიტანეთთან ასოცირდება, და რა გასაკვირია, რომ უიმბლდონი განსაკუთრებული ტურნირია სხვებთან შედარებით. წელს ის კიდევ უფრო განსაკუთრებულია - დიდი ბრიტანეთის დედოფალს ელოდებიან სტუმრად, რომელიც 30 წელზე მეტია, აღარ ყოფილა აქ.


ჰო, უიმბლდონს განსაკუთრებული წესები აქვს. მაგალითად, თვითონ შეუძლიათ გადაწყვიტონ, ვინ რა ნომრად განთესონ. ასევე, ყველა ჩოგბურთელს აუცილებლად თეთრი ფორმა უნდა ეცვას.

დიდი სამზადისი



წინა კვირას კი თითქმის ყველა შეიკრიბა:

კიმ კლაისტერსი


ჟუსტინ ენინი


მარია შარაპოვა



რაფაელ ნადალი



როჯერ ფედერერი



[მე რომ უიმბლდონის თამაშებს ვესწრებოდე, თეთრ შორტებს და ამავე ფერის მაისურს ჩავიცვამდი, რომელსაც მუქი მწვანე ფერის დეტალები ექნებოდა :)]



რაფას ბლოგი კვლავ გააქტიურდა, ახლა უკვე ლონდონიდან. პირველი პოსტიც დაწერა უკვე, და ბედნიერია, რომ ორი წლის შემდეგ კვლავ მიეცა შესაძლებლობა, ამ [მისთვის] განსაკუთრებულ ტურნირზე ითამაშოს.

აი ასე. ახლა კი, Let play begin!