Showing posts with label España. Show all posts
Showing posts with label España. Show all posts

Monday, July 12, 2010

La furia roja

  იცით, რაღაც საკითხებში ეგოისტი ვარ. რაც მე ძალიან მიყვარს და ჩემია, არ მინდა ყველას უყვარდეს; არ მინდა, საქვეყნოდ იყოს ცნობილი და ყველა ამაზე ლაპარაკობდეს. მინდა რომ მხოლოდ მე ვატარებდე გონებაში და მერე სხვებს ვუყვებოდე. უფრო სწორედ, ვწერდე. თორემ ხმამაღლა არც მიყვარს ჩემეულ რაღაცეებზე ლაპარაკი.

   ადრე მოყოლილი მაქვს, თუ როგორ შემიყვარდა ესპანეთი. რაულიდან დაიწყო ყველაფერი, ასე 2000-2001 წლებში. მომეწონა რაული, მერე გავიგე რომ ესპანელი იყო, და შემიყვარდა ესპანეთი. მას მერე მიყვარს. თუ როგორ მიყვარს, ეს უკვე ყველამ იცის მგონი, ვინც ამ ბლოგზე ორჯერ მაინც შემოსულა :) 

 ახლა, მხოლოდ ფეხბურთის კუთხით რომ განვიხილო - თავიდან უფრო მეტად რაული მიყვარდა, ვიდრე თვითონ ნაკრები. და თამაშებზეც სულ რაულს ვეძებდი, ოღონდ თვალი მომეკრა. მოკლედ, თინეიჯერული ამბები. 

  მე მახსოვს ესპანეთი, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე ყველა თამაშს იგებდა, თან დამაჯერებლად, და შემდეგ პირველივე, ან მეორე მატჩებში მარცხდებოდა. საკმაოდ განვიცდიდი. ზოგადად, მე არ ვარ ფეხბურთის მოყვარული, ამ სიტყვის ღრმა მნიშვნელობით. გამოთქმა 'ეს უფრო მეტია, ვიდრე სპორტი' არასდროს განმიცდია ფეხბურთის ყურებისას. ერთი-ორჯერ მქონდა ეს მომენტი ჩოგბურთზე. მაგრამ არც ჩოგბურთის ჭეშმარიტ გულშემატკივრად ვთვლი თავს, თუმცა ყველაზე მეტად მიყვარს. ან შეიძლება მხოლოდ ჩოგბურთის გულშემატკივარი ვარ, ვინ იცის.

  მოკლედ, იმას გეუბნებოდით, რომ ესპანეთი, როგორც ერთი მთლიანი, 2008 წელს აღვიქვი, როცა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. თავიდან გადავწყვიტე, რომ აღარ მეგულშემატკივრა მათთვის, ვინაიდან გულწრფელად მჯეროდა, რომ მე მათთვის ცუდი იღბალი მომქონდა. ხანდახან ცრუმორწმუნე ვარ, ვაღიარებ. მაგრამ პირველივე თამაშს ვუყურე და ბოლომდე ასე მივყევი. 

 მერე კი დაიწყო ის, რაზეც დასაწყისში ვსაუბრობდი. რაღაც ჩემი, საყოველთაო გახდა. ხალხმა ესპანეთის შესახებ გაიგო და რახან ჩემპიონები გახდნენ, ჩათვალეს რომ მათთვის უნდა დაეჭირათ მხარი, როცა საქმე საქმეზე მიდგებოდა. 

 და აი, წელს 'მიდგა'. 

 გუშინ ბოლო წუთებზე ტელევიზორს გამოვეცალე და კომპიუტერში გრეის ანატომია ჩავრთე, ყურსასმენები გავიკეთე და ხმამაღლა ავუწიე, კომენტატორის ხმას ჩემამდე რომ არ მოეღწია. არადა საერთოდ ვერ აღვიქვამდი, რას ვუყურებდი. თან ანგარიშს ვნახულობდი, აკანკალებული ხელებით. 

 იცით, რას ნიშნავს, როცა 117-ე წუთზე [როცა თამაში 120-ე წუთზე უნდა დამთავრდეს] შენი გუნდი გოლს გაიტანს? 

 იმას, რომ ყურსასმენები ნერვიულად მოიძრო ყურებიდან, წამოხტე, ხმამაღლა იყვირო და იხტუნო.  


 ესპანეთი საყოველთაო გახდა. მაგრამ მადლობა ღმერთს ჩემი ესპანეთი ჩემთან რჩება, და მას ვერასდროს გაიცნობენ.


p.s

 რაფაელ ნადალმა 2008 წელს როლან გაროსი და უიმბლდონი მოიგო. იმავე წელს, ესპანეთი ევროპის ჩემპიონი გახდა. წელს, რაფამ მეორედ შეასრულა 'დუბლი' და კვლავ, როლან გაროსი - უიმბლდონი მოიგო. ესპანეთის ნაკრები კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

Tuesday, February 16, 2010

Viva La Vida

როცა ცუდად ვარ, ჩემს wonderland-ს ვაფარებ ხოლმე თავს. დღესაც ასე ვარ - უმიზეზოდ ცუდად.

აი, ეხლა მინდა ესპანეთში ვიყო. ქუჩაში მივდიოდე და თავზე მზე დამნათოდეს. აუტანლად ცხელოდეს, და მე მაინც ბედნიერი ვიყო.


ესპანეთში მინდა. ყვითელ, მზიან ესპანეთში.

პაწაწინა სახლში მინდა ვცხოვრობდე, ნათელი ოთახებით და მწვანე დარაბებით. სამზარეულოთი, სადაც ვიკულინარებდი ხანდახან, გემრიელ ნამცხვრებს გამოვაცხობდი, მერე მაგიდაზე დავდებდი, წინ დიდი ჭიქით ყავას დავიდგამდი და ბევრს ვიფიქრებდი გარინდებული..


საძინებელში წიგნების კარადა მექნებოდა, მე კი ღამეებს ლეპტოპთან გავათენებდი.

ესპანეთში მინდა. ყვითელ, მზიან ესპანეთში.

საღამოობით, დაბინდებისას, ლამპიონები აინთებოდა. დღის შუქიც გაფერმკრთალდებოდა, და სიგრილესთან ერთად, ხალხის ხმაური გაძლიერდებოდა.

მე ისევ ქუჩაში ვივლიდი. ხმაურისგან და ესპანური გიტარისგან ოდნავ გაბრუებული.


ყველაფერს დავთმობდი, და ვიცხოვრებდი ბედნიერი იქ, ჩემს სახლში..



ფერნანდო ვერდასკო მომწონს. რაღაც აქვს, ისეთი..



ოქროსფერი გოგო ვარ. დედამ ასე მითხრა. დღეს ალბათ ესპანეთის მზე ვანათებ და იმიტომ.



გამამხნევეთ რა.

Sunday, November 1, 2009

España

      My lovely, sunny Spain...


 ფერადი

  

   

 თბილი

  

 

ხმაურიანი

  

 

ბევრი ყვავილით

  


და ლამპიონებით

  

 

 With her

  

 

 

  And with him


 


 ..My lovely, sunny Spain

  

Saturday, August 29, 2009

აბრაკადაბრა

ყურში მანქანების ხმა ჩამესმა. თვალები გავახილე, ნახევრად ბურანში ვიყავი ისევ. ქუჩიდან ხმაური უფრო და უფრო ძლიერდებოდა. მერე უამრავ ხმაში ჭურჭლის წკრიალიც გავარჩიე. უცებ წამოვხტი - სახლში ვიღაც არის! ააჰ, გამახსენდა, ჰანნა ჩამოვიდა ჩემთან.

რამდენიმე წამი გამოფხიზლებას მოვანდომე, მერე წამოვდექი და გავედი. ცხვირში ყავის სასიამოვნო სუნი ვიგრძენი.

მზიანი დილაა, სხივები ანათებენ სამზარეულოს. პატარა მაგიდაზე პური, ჯემი და მდნარი ყველი დევს.

- როგორ ხარ ნატალია? ჰანნა როგორც ყოველთვის იღიმება და ჭიქებს მაგიდაზე აწყობს.

ყავის ორთქლს ღრმად ვისუნთქავ და წინა დღეს ვიხსენებ.

გუშინ გვიანობამდე ვიხეტიალეთ ქუჩებში. ცოტა ხნით სანაპიროზეც გავედით, მაგრამ ზღვაში არ შევსულვართ - საცურაო კოსტიუმები არ გვქონდა, თან ციოდა. მერე ღია კაფეში დავსხედით. სულ ვლაპარაკობთ, არ ვჩერდებით. გვინდა ეს 1 კვირა ბოლომდე გამოვიყენოთ. მიხარია ჰანნას რომ მოეწონა აქაურობა, როგორ შეიძლება არ მოგეწონოს - ყველაფერი ისეთი ფერადია.

ესეც გუშინდელი ფოტო: მარცხნივ მე ვარ, მარჯვნივ - ჰანნა.



ბარსელონა, 17 ივნისი, 2012 წ.

პ.ს ამ პოსტის იდეა ერთობლივად დაგვებადა მე და ჰანნას, როცა ესპანეთის ფოტოებს ვათვალიერებდით და ზემოთ მოცემულ სურათზე ჩვენი თავები ’ამოვიცანით’. გადავწყვიტეთ რომ ეს სურათი მომავლიდან იყო, როცა მე ესპანეთში, ანა კი - გერმანიაში იქნებოდა. თავისუფალ დროს ჩემთან სტუმრად ჩამოვიდოდა რამდენიმე დღით და ერთად ვიწანწალებდით ქალაქში. რატომ მაინცდამაინც ბარსელონა? უბრალოდ ეს სურათი სწორედ ამ ქალაქშია გადაღებული და იმიტომ :D

Thursday, July 2, 2009

მივემგზავრები მადრიდს

  რამდენიმე თვის წინ ნაირა გელაშვილის მოთხრობა წავიკითხე - ’მივემგზავრები მადრიდს’. სათაურიდანვე დამაინტერესა, და კითხვა რომ დავიწყე, მეგონა მთავარი პერსონაჟი მე ვიყავი. მთავარი გმირი ოცნებობდა ესპანეთზე და იქ წასვლაზე, მართალია საბოლოოდ ნაწარმოებმა სულ სხვა მიმართულება მიიღო, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩემი ოცნებები ვიპოვე მოთხრობაში.

   ესპანეთი  - ჩემი ოცნების ქვეყანა. ხომ არსებობს რაღაცეები, რაც განსაკუთრებულად გიყვარს ადამიანს, რომელთა ხსენებაზეც კი სიამოვნების ჟრუანტელი გივლის და გინდა ხშირად ახსენო, ასეთი ’რაღაცაა’ ჩემთვის ესპანეთი.

    ყველაფერი კი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ფეხბურთით დაიწყო, უფრო კონკრეტულად კი - რაულით. ეს დიდი ხნის წინ იყო, როცა მე თინეიჯერობის ასაკში ტვ-ში თვალი მოვკარი რაულს და უიმედოდ შემიყვარდა :)) მერე გავიგე რომ ესპანელი იყო და გადავწყვიტე ესპანეთისთვის მეგულშემატკივრა მსოფლიო ჩემპიონატზე. შემდეგ უკვე ისე მოხდა რომ, ახლა რაულს უბრალოდ პატივს ვცემ, ესპანეთი კი მიყვარს - თავისი საფეხბურთო ნაკრებით, რაფაელ ნადალით, ესპანური ქალაქებით, ესპანური ენით და ყველაფერი ესპანურით. 

 ერთხელ მეგობართან ვიყავი, რომელსაც გარკვეული კავშირები აქვს ესპანეთთან და ნამყოფია რამდენჯერმე. ხოდა, ყავა დაგვალევინა, ესპანური წესით მოდუღებული. რომ არა ეს ’ესპანური’, ყავა ჩვეულებრივი იქნებოდა. მაგრამ ამ ჯადოსნურმა სიტყვამ ყველაფერი შეცვალა, ასეთი გემრიელი ყავა ცხოვრებაში არ დამილევია : ) 

  ხშირად წარმოვიდგენ, თუ როგორი იქნება ესპანეთი რეალურად, ჩემი თვალით დანახული [რა თქმა უნდა მინახავს ფოტოები, ფილმები, მაგრამ სულ სხვაა თუ როგორ აღვიქვამ ამ ყველაფერს მე, ჩემს ესპანეთს, როცა პირადად ვნახავ]. დაახლოებით როგორი წარმომიდგენია იცით? ’ამელი’-ში რომ არის ყვითელი, თბილი ფერები, თითქოს სულ მზე ანათებს. ასეთივე ფერებია ’ვიკი კრისტინა ბარსელონა’-შიც, ალბათ ამიტომ მიყვარს ასე ძალიან ეს ფილმი, ესპანეთთან ასოცირდება.

  ხოდა მეც ვოცნებობ. ვოცნებობ, როდის ჩავალ ესპანეთში, ჩავიცვამ შორტებს, ავიღებ ზურგჩანთას და დილიდან საღამომდე ვიხეტიალებ - რომელიმე ქალაქის ქუჩებში. დავტკბები თბილი ფერებით, იქაური სუნით  [რომელიც, სიმართლე რომ გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს როგორია :D], ფერადი სახლებით.. საღამოს კი, სადმე ღია კაფეში ფინჯან ყავას დავლევ და ხალხს დავაკვირდები.

 p.s   ესპანეთის ფოტოების ძიებაში ერთი საოცარი საიტი ვიპოვე, რომლის დევიზია ’დალაშქრე მსოფლიო სურათების საშუალებით’, სადაც უამრავი ფოტო დევს, მათ შორის, რა თქმა უნდა - ესპანეთისაც. მსურველებს შეუძლიათ იხილონ აქ

  p.p.s ეს ფოტო სპეციალურად ანუკ-ის პოსტის საპასუხოდ, ვარდისფერი კაბრიოლეტი,  გზაო და.. :)