Wednesday, April 28, 2010

ყავა და ბლოგი

უკვე რამდენი დღეა როცა აქ ვზივარ, გარედან წვიმის ხმა მესმის; და ეს ისეთი ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, რომ ყურიც შეეჩვია.

ახალი ჰედერი რომ მაქვს, თუ შეამჩნია ვინმემ? ძლივს მოვარგე ზომა, ხან ფოტოს ვუცვლიდი სიგრძე-სიგანეს და ხან ბლოგს. ახლა ყავის სუნი უფრო რეალური იქნება.


კიდევ, ახალი ბლოგ-ლისტი მაქვს, ჩემთვის და მხოლოდ ჩემთვის. თუმცა, მსურველებს შეგიძლიათ დაათვალიეროთ, ძირითადად საჩოგბურთო და კულინარიული ბლოგებია.

დღეს ისეთი გემრიელი ბლოგი დავამატე, ერთი გადავხედე მხოლოდ და კინაღამ საკუთარმა ნერწყვმა დამახრჩო. აი თვით ისიც - love and olive oil. განსაკუთრებით აღსანიშნავი კი ეს პოსტია. თავის მხრივ, ამ ბლოგის ლისტიდან კიდევ უამრავ ნერწყვისმომდენ ბლოგზე შეიძლება გადასვლა.

აი, ეს ძალიან გავს ჩემს ლიმნიან ნამცხვარს. ძალიან გავს კი არა, ის არის ზუსტად. ინტერნეტში შემომხვდა რაღაცას რომ ვეძებდი. ოღონდ, მე ასეთი ფუმფულა არ გამომდის ხოლმე.


ოდესმე, მეც გავაკეთებ ხოლმე გემრიელ და მრავალფეროვან ნამცხვრებს. ახლა ძალიან იშვიათად და დედას დახმარებით ვაცხობ, რაც სრულ თავისუფლებას არ მაძლევს. და მაშინ, როცა ეს მოხდება, აუცილებლად მოვაწყობ ბლოგერებისთვის გემრიელ საღამოებს. ეს შეიძლება ძალიან დიდი ხნის შემდეგ იყოს, მაგრამ იქნება, საკუთარ თავს ვპირდები.

Sunday, April 25, 2010

დაგვიანებული პოსტი წიგნის ფესტივალზე

სამედიცინოში გვიან მივედი, 4 იყო დაწყებული. ანუ უკვე ის დრო იყო, როცა ყველაფერი არეულია ხოლმე - ყველა წიგნთან ბევრი ხალხია და წესრიგს არავინ იცავს.

ზოგიერთი რამ ისევე იყო, როგორც გასულ წელს.

მაგალითად, დეფის მაგიდის გარშემო უამრავი თვალებანთებული გოგონა იჯდა:

დეფი წინიდან


დეფი უკნიდან


ცაგარელთან უამრავი ადამიანი იდგა.


ესეც ცაგარელის თავს ხდება


ჯუმბერ ლეჟავასთან კი 2-3 კაცი იყო მხოლოდ [არადა რამდენი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია ამ ადამიანს..]


იყვნენ ახალი წიგნებიც; მაგალითად, გოგა ჩანადირი. ერთ ხანს ვფიქრობდი, რომ მივსულიყავი, მაგრამ მერე გადავიფიქრე. თუმცა თვალს ვერ ვაშორებდი, ვინაიდან ძალიან მაგონებდა როჯერ ფედერერს [მართლა გავს, თუ მე ვამსგავსებ მხოლოდ?].


ასევე, ახალი წიგნი იყო დათო რობაქიძე, რომელიც კარგად გემახსოვრებათ ნიჭიერიდან. მასთან სრული ანშლაგი იყო, რაც ალბათ არც არის გასაკვირი, ნიჭიერის ნახევარფინალში მისი ნომრების შემდეგ.


დათო აკრიანის წაკითხვა მინდა ორივე ფესტივალია და ვერ მოვახერხე. რაღაც მაგიური ძალა მიშლის ხელს :D


ჩემი ზურგსართი


[ეს 2 ზომით დიდი მაისური ისე მიყვარს, მეორე წელია მშვენიერ სამსახურს მიწევს]

ჰანნას ზურგსართი


ბიბლიოთეკის ერთ კუთხეში აღმოვაჩინე ’ტკბილი ქვეყანის’ ძალიან ბევრი ტკბილეული და თავი სამოთხეში მეგონა :D მერე გავიგე, თურმე სპონსორი ყოფილა.

გავიცანი როდრიგო, რომელსაც ძალიან კეთილი და თბილი ღიმილი აქვს. [აქვე, მანაც დაწერა პოსტი წიგნის ფესტივალზე, შეგიძლიათ იხილოთ - გაყინული წიგნის ფესტივალი]

პოეზიის საღამოს ნახევარს დავესწარი და წამოვედი, ძალიან დაღლილი ვიყავი და რა თქმა უნდა, თავი მტკიოდა.


საბოლოო შეფასებით, ყველაფერმა სასიამოვნოდ ჩაიარა, მე მიყვარს ეს ფესტივალი : )

პ.ს ფოტოები ჰანნამ მომაწოდა, მაგრამ ფოტოგრაფი ვინ არის არ ვიცი, თორემ მივაწერდი.

Tuesday, April 20, 2010

წიგნის ფესტივალი, მედიცინა და ვიტამინი

ბევრი ამბობს, რომ ადამიანებს წიგნი ნაკლებად აინტერესებთ და მოციმციმე ეკრანთან ჯდომა ურჩევნიათ. გასულ საუკუნეში, საერთოდაც, ეგონათ რომ ტელევიზია ჩაანაცვლებდა თეატრს. მაგრამ დრო ყველაფერს ალაგებს, და საბოლოოდ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ყველაფერი თავის ადგილს იკავებს და ერთმანეთს არ უშლიან ხელს. ვისაც კითხვა უყვარს, ის ახლაც კითხულობს წიგნებს და მოციმციმე ეკრანთანაც ატარებს დროს.


23 აპრილი - წიგნის დღეა. ამ დღეს უამრავი ივენთი იმართება, როგორც წესი. ერთ-ერთი პოსტის სათაურში ხსენებული წიგნის ფესტივალია, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტში ტარდება. პირველად შარშან გაიმართა, მე პოსტიც დავწერე ამ მოვლენაზე და უფრო დაწვრილებით რომ გაიგოთ, თუ რით განსხვავდებოდა ის სხვა ივენთებისგან, შეგიძლიათ ნახოთ აქ - წიგნის ფესტივალი


წელსაც იგივე იგეგმება და კვლავ ’ვიტამინი’ აკეთებს. ადამიანებს კვლავ აიტერესებთ წიგნები, არასამედიცინო და სამედიცინოც :) ასე რომ, თუ ამ დღეს გეგმავთ სადმე წასვლას, ერთ-ერთ ღონისძიებაზე მე მოგაწოდეთ ინფორმაცია და შეგიძლიათ გაითვალისწინოთ.

სავარაუდოდ მეც ვიქნები, თუ ოდესმე გამოვკეთდი - თავი სამუდამო ავადმყოფი მგონია უკვე.


მოკლე პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ფოტოზე -

Thursday, April 15, 2010

წითელი თიხა, ჩოგბურთი და მონტე კარლო

ამ კვირას ჩოგბურთის ტურნირი მიმდინარეობს მონტე კარლოში. რა თქმა უნდა ბევრი ადამიანი ესწრება, სხვადასხვა ქვეყნიდან. ესწრებიან თამაშებს, ვარჯიშებს..


ინდივიდუალურ სპორტს ასეთი დადებითი მხარე აქვს - საკმაოდ მცირე რაოდენობის ადამიანები არიან და ხშირი კონტაქტი აქვთ როგორც გულშემატკივრებთან, ისე ერთმანეთთან და თითქოს ისეთი გარემო იქმნება, რომ ყველა ერთად ხართ, დიდი ხნის ნაცნობები. და თუ შემთხვევით ქუჩაში შეხვდები რომელიმე მათგანს, თავისუფლად შეგიძლია მოიკითხო - ჰეი, ნოვაკ, როგორ ხარ, მაჯა რომ გტკიოდა, კიდევ გაწუხებს? ან - რაფა, სიბრძნის კბილი კიდევ გტკივა?


მოკლედ, საჩოგბურთო სამყარო საკმაოდ ინტიმურია, თავისი ჩოგბურთელებით და გულშემატკივრებით.

მონტე კარლოზე გიამბობდით. იმის თქმა, რომ ლამაზი მხარეა, ალბათ ზედმეტი იქნება. კორტებიც ულამაზეს ადგილზეა - იქვე ზღვის ხედი იშლება, არც კორტების ზომა არის ძალიან დიდი და ესეც მყუდრო გარემოს ქმნის.


რაფას გულშემატკივრებიც არიან რა თქმა უნდა, რამდენიმე პოსტებსაც წერს ყოველდღიურად, ერთ-ერთ ფორუმზე ვეცნობი ხოლმე. წერენ, თუ როგორ დაესწრნენ ვარჯიშს, იღებენ ფოტოებს და მერე გვიზიარებენ. წერენ, რომ ახლა სადილად უნდა გავიდნენ, მერე ალბათ რომელიმე თამაშზე წავლენ. ამ ყველაფერის კითხვისას, მთელი სიცხადით წარმომიდგება ხოლმე თუ რა ხდება იქ და ოცნებებში მივდივარ [და ეს მაინცდამაინც მონტე კარლოზე დამემართა რატომღაც. არანაირი დაინტერესება არ მქონია იმ მხრივ, რომ ცნობილი ადგილია თავის კაზინოებით და ა.შ მოულოდნელად მოხდა ეს ყველაფერი].

ისე მინდა, რომ ოდესმე მოვხვდე იქ და მეც ჩავერთო სატურნირო ორომტრიალში.. ვწერო პოსტები და თქვენც გაგიზიაროთ, არაგულშემატკივრებს თუნდაც. უკვე წარმოდგენილი მაქვს, როგორი დღეები მექნება. დროს არ დავკარგავ და მაქსიმალურად გამოვიყენებ - დავესწრები რაც შეიძლება მეტ თამაშს, ვარჯიშებს და დავაკვირდები ჩემთვის საინტერესო ადამიანებს. ბევრს ვიხეტიალებ და ძალიან, ძალიან გვიან დავბრუნდები ჩემს ნომერში.

უჰ, ძნელია ოცნებებში წასვლა.. როცა მონტე კარლოზე ფიქრობ, უცებ რეალობას დაუბრუნდები და გაგახსენდება, რომ ხვალისთვის პედიატრია გაქვს სამეცადინო :D

Wednesday, April 14, 2010

My green shadow

გუშინ ავტობუსში ორი ბიჭის საუბარს მოვკარი ყური. ვარჯიშიდან ბრუნდებოდნენ ალბათ, დიდი სპორტული ჩანთები ქონდათ ორივეს. ერთი ამბობდა, ნეტავ 10 წლის მერე დამანახა, როგორ ვიქნებიო. მეორემ უპასუხა, რად გინდა, მერე გული რომ გაგისკდესო?..

მე არ მინდა ვიცოდე, რა მელის მომავალში. სწორედ ამიტომ არის ცხოვრება საინტერესო, რომ მოლოდინით არის სავსე. სულ ყოველთვის და ყველაფერს ველოდები, ზოგჯერ მეტად უმნიშვნელოს და ზოგჯერ გადაჭარბებულადაც.

მაგრამ მიზანი, მიზანი ყოველთვის უნდა გქონდეს ადამიანს. თუმცა ამ ეტაპზე, ჩემი მომავალი მეტად გაურკვეველია და ეს მაშინებს. წელს სტუდენტობის პერიოდს ვამთავრებ, და მერე არ ვიცი, რა იქნება. უკვე აღარ ვიცი, მეყოფა თუ არა ძალა, რომ ველოდო. ესპანეთი ძალიან შორეული მეჩვენება, რეზიდენტურა - განუხორციელებელი. მადლობა ღმერთს, რომ ფინანსურად არ შემიძლია საქართველოში სწავლის გაგრძელება, თორემ რაღაც მომენტში მომბეზრდებოდა და უარს ვიტყოდი ჩემს დიად მიზნებზე, დავრჩებოდი აქ და სავარაუდოდ, თავს ძალიან უბედურად ვიგრძნობდი მაშინ, როცა გამახსენდებოდა, თუ რისი მიღწევა მსურდა.

ასეთ პერიოდში როცა უკან ვიხევ თითქოს, ისეთ ადამიანებს ვხვდები, რომ ძალა მომეცემა ხოლმე. ასეთი ადამიანები არ მეუბნებიან ’სად მოდიოდი’, ’აქ რამ ჩაგაბარებინა’ ან ’დიაგნოსტიკა აირჩიე, სუფთა საქმეა..’ ისინი საერთოდ არაფერს მეუბნებიან; არც არის საჭირო რამის თქმა. უბრალოდ, რომ უყურებ თუ როგორები არიან ისინი, ისევ გიბრუნდება რწმენა, რომ შენც გამოგივა.

ასეთ დროს ყოველთვის ნოდარ დუმბაძის ’მარადისობის კანონი’ მახსენდება ხოლმე. კანონი, რომელსაც გაუცნობიერებლად ყველა ვასრულებთ.

Monday, April 12, 2010

Life is such a beach

წვიმიანი დღეები ერთმანეთს გადაება, მე კიდევ ეპიგასტრიუმის არეში საშინელი ტკივილი მაწუხებს. ანტაციდს ვსვამ - ისეთი გემრიელი აბებია, ერთი სული მაქვს როდის ამტკივდება რომ დავლიო, განსაკუთრებით ბანანის გემოთი მიყვარს. მაგრამ დღეს ისე მტკიოდა, აღარ მიხაროდა ტკბილი წამლის მიღება.

მიუხედავად იმისა რომ წვიმდა, ლექციაზე მაინც ფეხით წავედი და ვისიამოვნე წვიმიანი დილით.

ისე ვარ, ვერ ვხვდები რა მიხარია და რა - არა. დილით ბევრი ვიცინე, მაგრამ იმ მომენტშივე ვგრძნობდი, რომ ისტერიული უფრო იყო ის სიცილი, ვიდრე გულიანი. პატარა რაღაც მაკლდა რომ საპირისპირო ემოციით შეცვლილიყო.

ყოველ წუთში მზად ვარ აღშფოთება გამოვხატო ადამიანების მიმართ. ყველა მათი ნაკლი განსაკუთრებით მეჩხირება თვალში, და კიდევ იმაზე ვბრაზდები, რომ როცა ასეთ რაღაცას ვწერ, მაშინვე თავის მართლების სურვილი მიჩნდება - რომ ეს მხოლოდ ჩემი განწყობის ბრალია და ადამიანები სინამდვილეში ძალიან კარგები არიან, თავისი უამრავი ნაკლით. არადა სულაც არ არის ასე, და ვეცდები თავი არ ვიმართლო. მე არც ისე ცუდი ვარ, როგორიც ჩემი თავი მგონია ახლა.

რა საშინელი პოსტია ღმერთო ჩემო. იმაზე უარესია, წინა პოსტში რომ მოვიხსენიე და აღარ გამოვაქვეყნე.

Saturday, April 10, 2010

Reggae Music and the Beat Goes On

წეღან საშინელი პოსტი დავწერე და მაშინვე გადავიფიქრე გამოქვეყნება. ვიფიქრე, რომ ჩემს განწყობას უფრო დაამძიმებდა. ამიტომ გადავწყვიტე თერაპიის სხვა გზა მომეძებნა - უფრო მსუბუქი და მუსიკალური.

მსუბუქი ფოტოებია, მუსიკალური - სიმღერა პოსტის ბოლოს.

დღეს ჩემი უამრავი ფოლდერიდან რამდენიმე დავალაგე. ბევრი რომ არ მეძებნა, ფოტოები სწორედ ამ ფოლდერებიდანაა.

[ჯეიკ ჯილენჰაალს თუ არ ჩავთვლით. აღმოვაჩინე რომ მისი არც ერთი ფოტო არ მქონდა და ეხლა მოვძებნე გუგლის მეშვეობით]










პ.ს ფოტოებს საერთო მხოლოდ ერთი აქვთ - ყველა მათგანზე მომღიმარი ცნობილი ადამიანია გამოსახული.