გრეის ანატომიის ახალი სეზონი დაიწყო. დაზუსტებით რომ ვთქვა, ხუთშაბათს გამოვიდა პირველი სერია, მაგრამ ჩემთვის ხელმისაწვდომი დღეს გახდა. არ ვიცი, მითქვამს თუ არა, რომ გრეის ყურება ჩემთვის რიტუალია. მშვიდი გარემოს შექმნა, ყავის და [ზოგჯერ] რამე გემრიელის მომარაგება, ჩამოჯდომა და გომ ფლეიერის ჩართვა. თითზე ჩამოსათვლელი სერიებია, რომელიც ამ რუტინის დაცვით არ ვნახე.
დღესაც ყველა რუტინა ზედმიწევნით დავიცავი. მაგრამ ზუსტად შუაში, ინტერნეტის ბრალი იყო თუ ლინკის, არ ვიცი, მაგრამ ვეღარ ვიწერ და ასე დავრჩი, როგორც მშიერი ადამიანი, საჭმელს წინ რომ დაგიდგამენ და მესამე ლუკმაზე აგაცლიან.
მომინდა, რომ გრეიზე მომეყოლა თქვენთვის.
რა თქმა უნდა, არ არსებობს ისეთი რამ, რაც ყველას უყვარს. სატელევიზიო შოუები რომ ავიღოთ, ჰაუსი არის ასეთი, ყველასთვის საყვარელი [ნუ, თითქმის ყველასთვის]. მაგრამ ჰაუსს თავი დავანებოთ.
რატომ უნდა გიყვარდეთ გრეის ანატომია?
არ ვიცი.
უბრალოდ, თუ ისე პირველივე სერიიდან თქვენი არ გახდა, ესე იგი, არაფერი გამოგივიდათ და უნდა შეეშვათ. მაგრამ თუ პირველივე წუთებიდან მიხვდით, რომ თქვენ შორის chemistry არის, ბედნიერი ადამიანი ხართ. არ ავხსნი, რატომ. ისინი, ვინც გრეის დაუმეგობრდა, ისედაც მიხვდებიან, ხოლო მათთვის, ვისაც გრეისთან არაფერი გამოუვიდა - ახსნითაც არაფერი გახდება ნათელი. არაფერი ისეთი, ეს იგივე ურთიერთობასავითაა ორ ადამიანს შორის - ან ეწყობით, ან - არა.
სცენარისტებს როგორი სათუთად მოვლილი და ნალოლიავები ყავთ პერსონაჟები იცით? თითოეული მათგანი ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებაა და ეს ისე ცხადად იგრძნობა, რომ შენც გიყვარდება ყველა. ყველა დადებითი და უარყოფითი თვისებით. მათ რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ არ არსებობს იდეალური ადამიანი, არ არსებობს კარგი ადამიანი [თუ გჯერა, რომ ასეთები არსებობენ, ან ბავშვი ხარ და ან - ინფანტილური მეოცნებე].
ყველა ურთიერთობას სჭირდება დრო, რომ საბოლოო ფორმა მიიღოს. იქნება ეს მეგობრობა, თუ სიყვარული.
დრო ძალიან მნიშვნელოვანია.
ეს მარტო გრეიდან არ მისწავლია. სწავლისთვის ნახვა/წაკითხვა არ არის საკმარისი. როცა პირადად შეგემთხვევა, მაშინ სწავლობ. მეც შემემთხვა და - ვისწავლე.
ღმერთო, ხომ მარტივი რამეა, მაგრამ რომ უკვირდები, რა საინტერესოა ყველა ადამიანი.