Showing posts with label Katy Perry. Show all posts
Showing posts with label Katy Perry. Show all posts

Sunday, November 28, 2010

მაგრად ვარ დავრბივარ

  ხანდახან ხომ ხდება, რომ რაღაც მუსიკის გავლენით იწერება პოსტი, და მერე რომ კითხულობ, სულ ის სიმღერა გახსენდება. დღეს იმდენ სიმღერას მოვუსმინე, რომ არც კი ვიცი, რომელი გამახსენებს ამ დღეს. პოსტს კი ზუსტად ვიცი, რაც გამახსენებს [შეგიძლიათ იხილოთ ბოლოში]. ტიმბალენდი მომწონს, რომ ვუსმენ მსუბუქ ხასიათზე ვდგები და მგონია, რომ ამქვეყნად პრობლემები არ არსებობს და ერთადერთი ის დაგრჩენია, მუსიკას მხრები ააყოლო, ისე როგორც კეტი პერი და ტიმბალენდის ეს საყვარელი კაცი აკეთებენ.

  მალე ახალი წელი მოდის და ალბათ ყველა თქვენგანმა უკვე შეამჩნია საახალწლო დეტალები, მაღაზიებში, ან ტვ-ში. მე ჯერ წინასაახალწლო განწყობას ველოდები, რომელიც ხანდახან გაკრთება სადღაც. როგორც არ უნდა ვიზრდებოდე და ვიცვლიდე შეხედულებებს, ახალი წელი მაინც ჯადოსნური და საყვარელია ჩემთვის. სამწუხაროა, რომ ამ ბოლო დროს სანტა კლაუსი აღარ მოდის, მაგრამ უმაგისოდაც ვახერხებ თავი გავიბედნიერო. ჩემთვის ვიწყობ ხოლმე დღესასწაულს, ერთი შოკოლადის კანფეტით, ან ინტერნეტში ნაპოვნი სურათით. აი, წელს პირველად ამ ფოტომ მომიტანა საახალწლო შეგრძნება.

Rafa & Goofy

  ახალი წელი ხომ რაღაცნაირად ბავშვობას გაგონებთ. არა? მე სულ ასე ვარ, მაგ დროს სასწაულების მჯერა და თავი პატარა მგონია. ბავშვობაზე გამახსენდა, რამდენიმე დღის წინ დედა საკუჭნაოს თუ რაღაც ამგვარ პატარა ოთახს ალაგებდა, უცებ დამიძახა და მე უხალისოდ გავემართე, რაღაცის დავალების მოლოდინში. ჯერ ის გავიგე, რომ მეუბნებოდა, ამ წიგნს არ ეძებდიო და მერე თვით ის დავინახე - პეპი და კარლსონი ერთად. ჩემი დალაქავებული, ძველი წიგნი. უცებ თავი იმ ბავშვად ვიგრძენი, საყვარელი სათამაშო რომ უყიდეს და გახარებულმა არ იცის, რა მოიმოქმედოს. ჯერ თვალები რომ უცინის და მერე სანუკვარ ნივთს გულში ჩაიკრავს. აღარ ვიცოდი რა მექნა, ხან ვკოცნიდი და ხან გულში ვიხუტებდი წიგნს. ამ წიგნის პრეისტორია ის არის, რომ ოდესღაც ჩვენს ნათესავს თითქმის ყველა საბავშვო წიგნი ვათხოვეთ - ლინდგრენის ემილი, ბიულერბიუელი ბავშვები და სალტკროკელები ერთად, ჰარი პოტერი და ა.შ და აღარ დაუბრუნებია. მეგონა რომ ეს წიგნიც ვათხოვე და იმის მერე მივტიროდი. მოულოდნელად კი აღმოვაჩინე, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში აქვე, ყუთში დებულა. აი, ასეთი ბედნიერება მეწვია და მას შემდეგ გვერდიდან არ ვიშორებ.

 ჰო, ჩემს ამბავს თუ იკითხავთ - მაგრად ვარ, დავრბივარ :)