Saturday, October 30, 2010

Facebook-ი და სამეზობლო

   ფეისბუქი ერთი დიდი ქუჩასავითაა.

   აქ არის ბევრი Wall-ი, რომლებიც სხვადასხვა ადამიანს ეკუთვნის და ისინი პირდაპირ ქუჩაზე გამოფენენ მათთვის საინტერესო რაღაცეებს - ფოტოებს, ვიდეოებს, ჩანაწერებს და ასე შემდეგ.
  შენც, დილით რომ გაიღვიძებ, ჩამოივლი ქუჩაზე ყავის ჭიქით ხელში და ცნობისმოყვარედ ათვალიერებ სხვის კედლებს. შეგიძლია უფრო გათავხედდე და მათ სახლებშიც შეიხედო, სადაც თავმოყრილია ყველაფერი ის, რის გაზიარებაც პატრონს უნდა. ზოგი ფანჯრიდან არის გადმოდგარი და ყველა ხედავს, რომ ის სახლშია. ზოგი კი საგულდაგულოდ არის დამალული, დარაბები შეხურულილ აქვს და არ ჩანს.
  ასე, ჩამოივლი, და თუ რამეა, შეგიძლია  საფოსტო ყუთში წერილი ჩაუგდო ვინმეს, ან პირდაპირ, კედელზე მისწერო. აქ ყველას თავის მისამართი აქვს - ზოგს უამრავი ციფრისგან შემდგარი რიცხვი, ხოლო ვისაც არ დაეზარა, მათ საინტერესო მისამართი გაიკეთეს.

 ჩემი მისამართია კონჩეტინა. ასე, დაწერ კონჩეტინას და შეხვალ ჩემს სახლში.


    ფეისბუქი ნამდვილი საოცრებათა სამყაროა - ბევრი ცნობილი ადამიანი ცხოვრობს და შეგიძლია მათი მეზობელიც იყო, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ისინი განსაკუთრებულ შენობებში ცხოვრობენ და არ შეგიძლია, მაგალითად, წერილი მისწერო. თუ რამეა, კედელზე მიუწერ და დიდი შანსია, რომ ვერ წაიკითხავენ. მაგრამ მაინც, შენ მათი მეზობელი ხარ!  აქ ასევე ბევრი კომპანია და სხვა დაწესებულებაა. მათაც განსხვავებული შენობები აქვთ. [აი, ზოგიერთმა ქართულმა კომპანიამ ეს ვერ ისწავლა და ჩვეულებრივ სახლებში ცხოვრობენ].

  ჩემს მეზობლებს რაც შეეხება. ამჟამად, მე ხან 240 მეზობელი მყავს, ხან - 239. იმის მიუხედავად, ამ პერიოდში ვამატებ ან ვშლი თუ არა ვინმეს. მეზობლების რიცხვი თავისით იმატებს ან იკლებს.  ჩემს ქუჩაზე ცხოვრობს ჩემი 9 ჯგუფელი და ჩვენ ხშირად ვურთიერთობთ ერთმანეთთან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სწავლა დავამთავრეთ. ვგევმავთ შეხვედრებს, რომლებიც უხშირესად ჩაიშლება ხოლმე. ვამხნევებთ გამოცდების წინ და ასე. მეზობლების უმეტესობას, მგონი ბლოგერები შეადგენენ.

    აქ ჩვენ ვირჩევთ, ვინ იცხოვრებს ჩვენს ქუჩაზე. ვინც არ მოგვეწონება, შეგვიძლია უბრალოდ ავიღოთ და ქუჩიდან გავასახლოთ.

   ერთი ფეისბუქური ისტორია მაქვს. ნუ, ისეთი არაფერი, მაგრამ მოგიყვებით. თითქმის ყველა ადამიანს ვიმატებ, ვინც მეგობრობას მთხოვს. ასე აღმოჩნდა ჩემს მეზობლებში ერთი ბიჭი, რომელიც არც კი მახსოვს როდის დავიმატე.  ერთხელ ჩატის ფანჯარა ამოხტა სადაც ის მწერდა - 'გავიცნო?' არაფერი მიპასუხია. რამდენიმე დღის თუ კვირის შემდეგ, კიდევ მომწერა, მაგრამ მე დროულად ვერ ვნახე, კარადას ვალაგებდი და ტანსაცმელში ვიხრჩობოდი.  ეტყობა, გაბრაზდა რომ არ მივწერე და,  თუ არ გინდა ჩემთან ლაპარაკი, წამშალეო.  რომ წავიკითხე, მივწერე შეგიძლია შენ წამშალო-მეთქი. მე წაშლა არ ვიციო და მერე იქვე მოაყოლა, რამდენი წლის ხარო. მე ვუთხარი რომ ფეისბუქის პროფილი იმისთვისაა, რომ შეხვიდე და ინფორმაცია ნახო ასაკის და კიდევ სხვა ბევრი რამის შესახებ. მეორე დღეს, ალბათ ჩათვალა რომ უკვე ძალიან ახლოს ვიყავით და პირდაპირ 'ზდაროვა'-ზე გადავიდა. მე აღარ ვუპასუხე და ასე გავიდა რამდენიმე დღე. და აი, ერთ მშვენიერ დღეს, კვლავ ამოხტა ჩატის ფანჯარა იგივე ადამიანისგან 'პრივეტ. გავიცნოდ?' ვიფიქრე, რომ საკმარისი მიზეზები დაგროვდა იმისათვის, რომ ეს ადამიანი წამეშალა ჩემი ფრენდ-ლისტიდან. [არ ვიცი, ეს იყო ზმნის ბოლოს, თუ უბრალოდ არ მინდოდა, რომ ყველა გამვლელი ჩემი ფრენდი ყოფილიყო] ამით იმის თქმა მინდა, რომ როგორი პოპულარულიც  არ უნდა იყოს ფეისბუქი საქართველოში, არიან ადამიანები, რომლებმაც უბრალოდ ვერ გაუგეს ვერაფერი მას.  ზოგი კი მისით ცხოვრებას იწყობს.

  p.s ისე, რატომ არ უნდა დავარქვათ რამე ამ ფეისბუქურ ქუჩას? ანუ, ჩვენ ყველას ხომ საკუთარი ქუჩა გვაქვს და გვყავს საერთო მეზობლები. მოდი, ჩემს ქუჩას დავარქმევ ალუბლების ქუჩას ან შოკოლადის ბულვარს..  ან მოვიფიქრებ კიდევ რამეს.

12 comments:

  1. რა რაკრაკით ჩავიკითხე <3

    :ლავ: :ლავ: :ლავ: :ლავ:

    ^_^

    ReplyDelete
  2. sakvareli postia sakvare;\l Facebookze

    ReplyDelete
  3. misteria lane ert-erti kargi ubrania chemtvis
    hoda ragac sheni postis mere warmovidgine rom ase iyo facebookis quchebic
    arada, rom davfiqrdi viwroquchiani didi korpusia, yvela rjulis xalxs rom aertianebs xolme :)

    ReplyDelete
  4. რა კარგი პოსტია :)
    მაგრამ რა ისტორია იყო, შევწუხდი :/

    ReplyDelete
  5. Clown, <3

    babisa. მე რატომღაც ჩემი ქუჩის მსგავსი წარმოვიდგინე :D ტიპიური ქართული ქუჩა, კერძო სახლებით :))

    Agasfer, მეც შევწუხდი თავის დროზე :დ

    ReplyDelete
  6. ხო, მეც მსგავსი ასოციაციები მექმნება ხოლმე ფბ-სთან დაკავშირებით. კარგი პოსტი იყო, მიყვარს ასე რომ წერ.

    ReplyDelete
  7. შოკოლადის ბულვარი ჯობია! უფრო გემრიელია! ან კიდევ კაპუჩინოს მოედანი მოგიხდებოდა... :)

    ReplyDelete
  8. მიხარია, შენი მეზობელი რომ ვარ! :) ^_^ :* მომეწონა საოცრად!

    ReplyDelete
  9. ჰეჰე კაი იყო
    ქუჩის ასოციაცია არასოდეს მქონია, მაგრამ მომწეონა,გონებაში ჩამივარდა და აწი ფბ-ზე ყოველი შესვლისას გამახსენდება და ასოციაციებს მეც გავავლებ :)))
    ყოჩაღ შენ ყველას რომ იმატებ ვისგანაც მოთხოვნა მოვა; მე არ შემიძლია, თითქმის საერთოდ არ ვუყურებ მეგობრობის თხოვნებს ან ძალიან იშვიათად; მახსოვს ერთი რეალური მეგობრის საშუალებით გავიცანი მისი მეგობარი "რეალში"და ძალიან დავახლოვდით(მასთან უფრო ვმეგობრობ ვიდრე შუამავალ მეგობართან), თურმე ამ ყმაწვილს მეგობრობის რექვესთი 7 თვის წინ გამოუგზავნია ფბ-ზე და მისაყვედურა იქ რომ არ დამიმეგობრდიო :)))) შემოვირტყი თავში ხელი :)))
    სხვა დროს კი როგორც წესი არ მიყვარს როცა მეგობრობას მთავაზობენ ყოველგვარი თანმხლები წერილის გარეშე__მომწერე რა ვინა ხარ რა გინდა რატო უნდა "დაგასახლო ჩემს ქუჩაზე ჩემს მეზობლად"..ესეთი ხალხის არ მესმის და ამიტომაც ვაიგნორებ :))) ცუდი გოგო ვარ?!

    ReplyDelete
  10. pelagiaa, ყველა ვერ მოგწერს, თუ რატომ უნდა შენთან დამეგობრება. აი მე მაგალითად, ზოგი ადამიანი მაინტერესებს, ისე რომ თვითონ არ იცის ვინ ვარ, და როგორ ავუხსნა? :)) სულ სულ თავიდან ყველას ვწერდი, ვინ ვიყავი. მაგრამ ეხლა აღარ. და მე თუ ვიმეგობრებ, ერთს გადავხედავ ხოლმე მის პროფილს და თუ არ მომეწონა/დამაინტერესა, remove და ეგაა :))

    ReplyDelete
  11. მე მე სულ ვკითხულობ, რომელი ხარ-მეთქი.
    ამას წინათ ერთმა ბიჭმა გამომიგზავნა თხოვნა, რომელი ხარ-მეთქი და

    "სახელი, გვარი, შენი კომენტარები მომეწონა და შენთნ დამეგობრება მინდა"-ო. რათქმაუნდა არ დავიმატე. უცნობებს არ ვამატებ ხოლმე. მილიონი პირადი ინფორმაცია მიდევს და ისედაც არ მსიამოვნებს, რომ სრულიად უცნობი ადამიანი მათვალიერებს.

    ReplyDelete
  12. სასიამოვო წასაკითხი იყო და საერთოდ პირველად ვარ აქ და მომწონს აქაურობა,შემოგივლი ხოლმე სიამოვნებით :>

    ReplyDelete