Thursday, October 31, 2013

Elephant dream



  ”მუშაობა მინდა. ერთი ჩვეულებრივი სამსახური - შაბათ-კვირას რომ ველოდებოდე მუდმივად, ორშაბათი დილა მძულდეს და შვებულებამდე დღეებს ვითვლიდე. ვიცი, ვიწუწუნებდი დროის უქონლობასა და დაღლილობებზე, მაგრამ გულის სიღრმეში ყოველთვის მადლიერი ვიქნებოდი იმის, რაც მაქვს..”


   ეს არის ჩანაწერი ჩემი ერთ-ერთი პოსტიდან, რომელიც თითქმის 3 წლის წინ გამოქვეყნდა. მე აბსოლუტური სიზუსტით ამიხდა ეს ოცნება.
   მქონდა სამსახური, სადაც სიკვდილამდე ვიღლებოდი, მძულდა ორშაბათი დილები ისე, როგორც არავის ამქვეყნად სძულებია ორშაბათები. ვითვლიდი დღეებს შვებულებამდე, მაგრამ არ შემეძლო, არაფრით არ შემეძლო ვყოფილიყავი ბედნიერი იმით, რაც მქონდა.    მაგრამ მაინც ვცდილობდი, მთელი ძალებით ვცდილობდი, და სადღაც გულის სიღრმეში, ვიყავი კიდეც მადლიერი, რომ მქონდა სამსახური და საკუთარი ფული.

   მაშინ, როცა 30 სექტემბრის გამთენიისას, სამსახურში ვიჯექი მარტო, სიმწრის ცრემლებს ვყლაპავდი, გადავწყვიტე, რომ ამ ყველაფერს ბოლო უნდა მოღებოდა. გადაწყვეტილება სისრულეში მოვიყვანე და რაღაცნაირად, გულზე მომეშვა. 

 2 დღეში  აღარ მექნება სამსახური. მაგრამ შემეძლება ძალდატანების გარეშე წავიკითხო წიგნები, ისევ მიყვარდეს ადამიანები და შემოდგომა. კვლავ გამიჩნდება დეტალური ბედნიერებები, კიდევ გამოვაცხობ ნამცხვრებს, დავითვლი ცაში ჩემს ღამეულ ვეშაპებს და ისევ ხშირად ვიფრენ სიზმრებში.

   ლურჯი კვლავ გახდება ჩემი საყვარელი ფერი, ვიყიდი ბევრ თბილ გეტრს და ფერად კოლგოტებზე ჩავიცვამ.

  სადღაც გულის სიღრმეში, ოცნებების განყოფილებაში მიმალულ საკონდიტროს იდეას მაღლა ამოვწევ და ვიტყვი - რატომაც არა.

   მანამდე კი, მინდა გითხრათ, გაგაფრთხილოთ, რომ ძალიან ყურადღებით მოეკიდეთ თქვენს ფიქრებს, სურვილებს თუ ოცნებებს. ისინი აუცილებლად ხდება, მაგრამ ბედის თუ რაღაც სხვა ძალის ირონიით, ხშირად ისე არა, როგორც ჩვენ გვინდა. დაისახეთ კონკრეტული მიზნები, თავშივე, ძალიან დაწვრილებით ჩამოაყალიბეთ, რა გინდათ, თორემ ”მინდა მქონდეს სამსახური” შეიძლება ძალიან, ძალიან ცუდად აგიხდეთ.

May the force be with me.



 

Sunday, October 13, 2013

And I give you my summer wine

                                                           Strawberries cherries and an angel's kiss in spring
                                                        My summer wine is really made from all these things
.


   შემოდგომის შუაგულში, როცა ზაფხულის ღვინო დაწურული და უკვე დამდგარია, მინდა, რომ ბლოგზე გამოვდგა გამჭვირვალე გრაფინით და ყველამ კარგად დაინახოს, რისგან შედგება ჩემი ზაფხულის ღვინო.

   ყველა მოგონებას თავის ფერი, გემო, სუნი და მუსიკა აქვს. წლევანდელი ზაფხული ისეთი მრავალფეროვანი იყო,  გამიჭირდება ერთი, ორი ან თუნდაც სამი, ზემოთჩამოთვლილი მახასიათებელი მოვარგო.

    ჩემს ზაფხულის ღვინოს აქვს ცივი ფორთოხლის წვენის (დიდებული სასმელი, რომელიც 1 ლირად იყიდებოდა ისტიკლალზე), ტკბილ-ტკბილი და არომატული რახათ ლუხუმების გემო.



    ეს იყო ხანგრძლივი მგზავრობების, ავტობუსების მოუხერხებელ სკამებზე ძილის, მატარებელში ჯდომისა და ბედნიერებებისგან ავსების ზაფხული.

  თვალებს რომ ვხუჭავ, მახსენდება, თითქოს სიზმარში იყო, როჯერ ვოტერსი რომ იდგა ჩემ წინ და მიმღეროდა - Come on, now, I hear you're feeling down, I can ease your pain, get you on your feet again..  თითქოს სიზმარშივე ავყევი ჩუმად, სულ ჩუმად, ამ სიმღერას და როცა გილმორის სოლო უნდა დაწყებულიყო, სანამ კედელს ავხედავდი, ძალიან ისე, იმედგადაწურულმა,  სადღაც გულის სიღრმეში ვინატრე, იქ დევიდი დამენახა.

სტამბული

    სტამბულის ყველა მოგონება ტვინში შესაბამის უჯრებში ფაქიზად დავკეცე და ჩავალაგე.  ეს მოგონებები იმდენია და ისე ნაწყვეტ-ნაწყვეტი, რომ დაწერა მიჭირს.

    დილის 4 საათზე მოლას ხმაზე რომ გული მეკუმშებოდა, ისე მთრგუნავდა. უგემრიელესი მწვანე სალათი, გემით სეირნობის შემდეგ რომ ვჭამე ღია ზღვისპირა კაფეში,  სადაც ვისხედით ყველა ერთად, გრძელ მაგიდასთან და გვქონდა ზაფხული.
 ახლადჩასულები რომ ვიყავით სტამბულში, ძალიან დაღლილები, კონცერტის ბილეთები ავიღეთ და გული გამალებით მიცემდა სიხარულისგან. მერე ბიჭები ძალით სტარბაქსში გავაქანე, ვერანდაზე ვისხედით, გემრიელ ყავას ვსვამდი და ისტიკლალს გავყურებდი. წინ მთელი ორი დღე მელოდებოდა სტამბულში და ის იშვიათი მომენტი იყო, როცა მაშინვე ხვდები, რომ აქ და ახლა, ბედნიერი ხარ. 
ბოსფორს რომ ვეძებდით, მიყრუებულ ქუჩებში მოვხვდით, მივუხვიეთ, მოვუხვიეთ და უცებ გამოჩნდა წინ, დიდებული და ზურმუხტისფერი ზღვა, ისეთი, როგორიც არ მინახავს მანამდე.


   წამოსვლის წინ, ბოლო წუთებზე, სულ სირბილ-სირბილით, ბარგით რომ მივედით უმანკოების მუზემთან და საჩქაროდ სურათები გადავუღეთ.
 რახათ ლუხუმის საოცარ მაღაზიაში რომ ვიყავი, სადაც იმდენი და იმდენნაირი ტკბილეული იყიდებოდა, გორები იდგა, აღარ ვიცოდი, საით გამეხედა, რომელი ამერჩია.. მერე პატარ ყუთით ვიყიდე, უგემრიელესი, პუდრამოყრილი და ჰოსტელში გემრიელად ვჭამეთ.

 


  ბათუმი

   სექტემბრის ბათუმს ძალიან არარომანტიული, შებოლილი სულგუნის ჩხირების და პაშტეტის გემო აქვს : )

    ბათუმში ჩემი დაბადების დღე იყო. მოულოდნელი საჩუქრებით, ენა რომ ჩამივარდა, ისეთით. კარგი ადამიანები რომ მყავდა გვერდით, ერთად ვსვამდით მარტინის, ვუსმენდით დორსს და ვლაპარაკობდით ათას ამბებზე. ბათუმში ყველაზე მყუდრო სახლი იყო, ღამეული ვიზიტები სუპერმარკეტში, მარილიანი მზესუმზირის და შებოლილი სულგუნის ჩხირების ყიდვა, ღამის კინოსეანსისთვის. წიგნები ბათუმში - ყველაზე საოცარ მაღაზიაში, ჭიქა წითელ ღვინოს რომ ვსვამდით, ძალიან რომ ციოდა, წვიმა ცრიდა და საღამოს კინოფესტივალის გახსნისთვის ვემზადებოდით.



   მეგობრები რომ მოეშურებოდნენ თბილისიდან, სამსახურებს რომ მიანებეს თავი და იმიტომ ჩამოვიდნენ, ჩემს დაბადების დღეს შევხვედროდით ერთად.

   ძალიან მშვიდი, თითქმის უტალღო ზღვა, თვალდახუჭული ნაპირზე წოლა, მზეზე ნელი შრობა და ზღვის ხმიანობის მოსმენა.

    ბათუმში კინოფესტივალი იყო, ყოველდღიურად დაგეგმილ ფილმებზე სიარული, აპოლოსკენ მიმავალი ქვაფენილებიანი ქუჩა, გზად ღია კინოთეატრი, ღამით აციმციმებული ლამპიონები და ადამიანების მხიარული ხმები.

   ზღვის მარილისგან დახვეული თმები, ოდნავ შესამჩნევი რუჯი, ზანტი დილის ყავები,  არარსებული მონსტრების ღამეული შიშები,  მეკობრეებთან და დინოზავრებთან ფოტოსესია, მეგობრების ხმიანობაში ჩაძინება, გემრიელი ვახშმები და სვაიაკი ჩაიზე,

   თბილისში გამომგზავრების წინ, საღამოს გამოსამშვიდობებელი თურქული ყავა პრივეტში და მთელი დღის განმავლობაში ყელში გაჩხერილი ბურთი.

  ...And when I woke up the sun was shining in my eyes.

   ზაფხულის ღვინო უკვე დაწურულია. ნელ-ნელა გამოვიზოგავ, ზამთრის ცივი და გრძელი საღამოებისთვის.

Wednesday, October 9, 2013

გრავიტაცია

    თუ თქვენ ოდესმე, ერთი წამით მაინც, გიოცნებიათ კოსმოსში გაფრენაზე,  თუ რომელიმე ღამეს, ცაში უამრავ ვარსკლავს რომ შეჰყურებდით, დაინტერესებულხართ, რა ხდება იქ, როგორია ჩვენი დედამიწა ზევიდან, მაშინ აუცილებლად უნდა ადგეთ და  წახვიდეთ კინოში ამ ფილმის სანახავად. იმიტომ, რომ აქ არის კადრები, საოცარი კადრები. მთელი ფილმი ამ კადრებად ღირს, მეტი არც არაფერია სანახავი და გასაგები.

   არ ვიცი, ეს ხალხი რის ნახვას ელოდა, ბოლოს უკმაყოფილოები რომ გამოდიოდნენ. რატომ უნდა გქონდეს რაღაც განსაკუთრებულის, განსხვავებულის მოლოდინი, როცა იცი, რომ მთავარ როლებში სანდრა ბალოკი და ჯორჯ კლუნი არიან. ჩემთვის ფილმი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც წარმომედგინა მანამდე. ამიტომ აბსოლუტური კმაყოფილების გრძნობით დავტოვე დარბაზი. მხოლოდ იმან შემაწუხა, ერთ მომენტში, სანდრა ბალოკი რომ თავს მიარტყამს და გონებას კარგავს, ვიღაც კაცმა ხმამაღალი სიცილი რომ ატეხა.

  ძალიან მომეწონა იდეა, რომ იქ, სადღაც ცაში, ყველა ერი ერთიანდება. შეგიძლია დაჯდე ჩინურ კოსმოსურ სადგურში, იყო ამერიკელი და გეცვას რუსული კოსმონავტის კომბინიზონი. რუსულ სადგურში ხატი, ჩინურში კი - ბუდა, იმის მანიშნებელია, რომ ზეციური ძალა ერთია, უბრალოდ ჩვენ, ადამიანები, მას  სხვადასხვა სახელს ვარქმევთ.



    საინტერესო იყო ფილმის იდეა -  ახლიდან დაბადება. სანდრა ბალოკის გმირი ერთი იმედდაკარგული ქალია, რომელიც ყოველ დილას დგება, მიდის სამსახურში, საღამოს ბრუნდება სახლში და უსმენს რადიოს. და ყოველდღე ისევ და ისევ, ერთი და იგივე.
  იქ, კოსმოსში,  მისი ხელახალი დაბადება იწყება. ერთ მომენტში, როცა ასტრონავტის ჩაცმულობას იხდის, ემბრიონის პოზაში ისვენებს. ბოლო ეპიზოდში კი, კაფსულიდან გამოდის,  ტბიდან ნაპირზე გამოცურავს და სიარულს თითქოს თავიდან სწავლობს.
   თუმცა ეს ყველაფერი ძალიან ჰოლივუდურადაა გადმოცემული. მიზეზი, თუ რატომ უნდა ნახოთ ფილმი, პირველ აბზაცშია :)

Monday, September 30, 2013

My Polish, lucid dream (Or my melancholy blues)

   არა, ეს სიზმარი აუცილებლად უნდა მოვყვე,  როგორ ვცხოვრობდი პოლონეთში. ძილში თავიდან გავიფიქრე, პრაღა ხომ არ ავირჩიო-მეთქი, მაგრამ მერე პოლონეთის ერთ პატარა ქალაქში დავსახლდი.



   მე არ ვიყავი მარტო - ჩვენ ორნი ვცხოვრობდით დიდი კორპუსის მაღალ სართულზე, ერთ პატარა ბინაში, რომელშიც ჯერ არ გვქონდა ავეჯი, იყო სარემონტო და ვგეგმავდით ერთად გაგვეკეთებინა. შობის წინა პერიოდი იყო, ჩემი სახლიდან ძალიან აღმართიანი ქუჩით ავდიოდით ზევით და იქიდან მთელი ქალაქი ჩანდა, ქვევით დიდ ციხე-კოშკს ბერავდნენ და საშობაოდ უნდა მოერთოთ; ლამაზი, მრავალსართულიანი სახლებიც ციმციმა ნათურებით იყო მორთული.

  რომ ავედით, ჩემი ნინო (ო წარმოითქმის ოდნავ გაგრძელებით), პატარა გალავანზე დადგა და იქიდან გადახედა ქალაქს, მერე მე შემომხედა და გამიღიმა. სულ ერთი წამით წარმოვიდგინე, იქიდან რომ გადავარდნილიყო და გული ისე მომეწურა, მაშინვე თვალებით ვთხოვე ჩამოსულიყო.
  უცებ სიცილი მომესმა და დავინახე, იქვე, რამდენიმე გოგო იდგა, პატარა, ხის კარებიანი მაღაზია იმ დროს გაეღოთ. შევიხედე, პაწაწინა იყო,  შიგნით ხის დახლები და მაგიდები იდგა.  გავიფიქრე, რომ პატარა ყავახანას ხსნიდნენ, სადაც უგემრიელესი ცხელი შოკოლადი გაიყიდებოდა.  გამოველაპარაკე და სწორედ ასე აღმოჩნდა. საოცარი სურნელი იდგა ახლადგამომცხვარი ფუნთუშების, ათასგვარი ტკბილი ცომეული გამოეცხოთ და ვიფიქრე, ურიგო არ იქნებოდა მეგობრებისთვის შემეტყობინებინა (რომლებიც იმ პერიოდში გვსტუმრობდნენ ჩვენ) ამ ადგილის შესახებ და საღამოს ერთად დაგველია ცხელი შოკოლადი.

   ქალაქში ვმგზავრობდი რაღაც ხომალდით, რომელიც ღია იყო და  საოცარი სისწრაფით გადაადგილდებოდა დატვირთულ ქუჩებში.

  შემდგომ ყველაფერი მხოლოდ ეპიზოდებად მახსოვს, ყავახანაში ბევრი ადამიანი ერთად, მერე ჩვენს სახლში დაბრუნება და ოთახების ჩვენება მეგობრებისთვის.

  ის კი კარგად მახსოვს, რომ მთელი სიზმრის განმავლობაში, ძილში არ მტოვებდა შეგრძნება, რომ მქონდა საკუთარი სახლი, პოლონეთის პატარა ქალაქში, სადაც ვცხოვრობდი ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად,  ახლოვდებოდა შობა,  ჩვენთან სტუმრად მეგობრები იყვნენ ჩამოსული (რამდენიმე მახსოვს, ვინც იყო) და ვიყავი ძალიან ბედნიერი.

   წუხელ საშინელი ღამე რომ მქონდა, ალბათ მფარველმა ანგელოზმა დღეს ნუგეშად ეს სიზმარი გამომიგზავნა.

Saturday, September 28, 2013

Географ глобус пропил и он свободен

    გარეთ ჭექა-ქუხილია და წვიმს. ზუსტად ისეთი ამინდია, როგორიც ბათუმში იცოდა ხოლმე. ახლა ამ სიმღერას ჩავრთავ [თქვენც გადადით და მოუსმინეთ], და როგორც სიმღერებმა იციან მოგონებების შემონახვა, ესეც თავის წილ,  ბათუმურ შეგრძნებებს მოიტანს.


   ფესტივალზე ერთი კარგი რუსული ფილმი ვნახე. არც შედევრი, არც რაიმე განსაკუთრებული, მაგრამ ჩემთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი.

  Географ глобус пропил - ასე ჰქვია ორიგინალში და ნაწარმოების ეკრანიზაციაა.

   მთელი ფილმი ჩემი შიშების განხორციელება იყო. ვიქტორს თავის ცოლი უყვარდა მთელი ძალით, ცოლს კი ის სძულდა. თავიდან  ცდილობდა ურთიერთობის დალაგებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ბოლოს კი, ჩემი აზრით ყველაზე ცუდი დასასრული ჰქონდა.  ეს იყო ძალიან ტრაგიკული ამბავი და მთელი არსებით მეცოდებოდა მთავარი გმირი, ფილმის დასრულებისას კი საშინლად, საშინლად შემეშინდა, ოდესმე მეც იგივე არ დამმართნოდა.
  
      როცა ბედნიერი ვარ, მუდმივად თან მდევს შეგრძნება, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება. ამიტომ ყოველთვის მეშინია, ვიყო კარგად; და როცა რაღაც მიხარია, თავს ბედნიერად ვგრძნობ, სადღაც გულის სიღრმეში, ჩუმად ვიწყებ ლოცვას, ღმერთო, რამე ცუდი არ მოხდეს, ეს ბედნიერება არ წამართვა-მეთქი.

   სიყვარულიც ეგ არის, თან ბედნიერებისგან და სიხარულისგან რომ ხარ ავსებული, და თან სულ, სულ გეშინია, რამე არ შეიცვალოს, უცებ ერთ დილას არ გაიღვიძო და  არ აღმოაჩინო, რომ ეს სიყვარული სადღაც გაქრა, ქმრის შეხებაზე ზიზღისგან გაკანკალებს და თმაგაჩეჩილი, ტირილისგან დასიებული თვალებით დადიხარ პატარა ბინის ოთახებში. 

Sunday, September 22, 2013

Let's make love in London

                                                                     And I was so much older then
                                                                     When I was young, when I was young..


   მაშინ, როცა ჩაბნელებულ დარბაზში 60-70-იანი წლების ფსიქოდელიური მუსიკა ჟღერდა, მე რაღაც ძალებით ისე მეძინებოდა, რომ მეგონა სადაცაა გონებას დავკარგავდი და ნახევრად გონებადაბინდულს ჩამესმოდა როლინგ სტოუნზის "Paint it black", თავი ყველაზე საიმედო მხარზე მედო და ვფიქრობდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს და არ ვიცოდი, ფეხზე დგომას შევძლებდი თუ არა, იმის მიუხედავადაც, რომ ეს დოკ.ფილმი არ აღმოჩნდა, საერთოდ არ აღმოჩნდა, პინკ ფლოიდზე და არც მათი გამოსვლის უნიკალური კადრებისთვის მომიკრავს თვალი სადმე, მაინც ვფიქრობდი, რომ ეს იყო ერთ-ერთ საუკეთესო საღამო, რაც კი ოდესმე მქონია.

  მე ვნახე და მოვუსმინე ჯო ბოიდს, კაცს, რომელსაც უმუშავია პინკ ფლოიდთან, უნახავს სიდ ბარეტი და შეიძლება, რაღაც წვლილიც შეიტანა ჯგუფის წარმატებაში.

   ფილმში ვუყურე იმ პერიოდს, როცა პინკ ფლოიდის, როლინგ სტოუნზის და ჯიმი ჰენდრიქსის მუსიკას 'პოპ მუსიკას' უწოდებდნენ. ვნახე ალენ გინსბერგი და ახალგაზრდა მიკ ჯაგერი.  და ვნახე ეს ყველაფერი დაბინდული გონებით, როცა რაღაც მომენტებში სულ ვეთიშებოდი სამყაროს და მუსიკის მძლავრ ხმიანობაზე ისევ გონებაზე მოვყავდი.


    და მერე, როცა ბათუმის უკვე ნაცნობ ქუჩებში მოვდიოდით, მე ისევ მეშინოდა, რომ არ წავქცეულიყავი; ჯერ კიდევ მუსიკის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი და ჩუმად, სულ ჩუმად, ღიღინით ვიმეორებდი - When I was young, when I was young..


That night, we really made love in London.



Wednesday, September 18, 2013

A bit here and there

                                                              - Where were you before?
                                                              - A bit here and there. We move with the seasons.

  
     ბათუმში საუცხოო ამინდია. ღია კაფეში ვზივარ მეგობრებთან ერთად, ეხლახან გვქონდა ძალიან გემრიელი და ნოყიერი საუზმე (დიახ, საუზმე, 3 საათზე). 


   გუშინ საკონკურსო ფილმი - მეხუთე სეზონი ვნახე. ფილმი მუდმივ ზამთარზე, შიმშილზე, სასოწარკვეთასა და სახედაკარგულ ადამიანებზე.



    ერთ პატარა, ევროპულ სოფელში ასეთი რიტუალი აქვთ - ზამთრის მიწურულს გლეხები თივისგან შეკრულ ბიძია ზამთარს წვავენ და სოფლიდან აძევებენ.
 
  ფილმების ყურებისას არის მომენტები, როცა ერთი ეპიზოდს უყურებ და გონებაში ამბობ, მორჩა, ეს ფილმი მოგწონს. მეხუთე სეზონში ეს იყო ცეკვის სცენა, როცა ბიძია ზამთრის გაძევების რიტუალს ატარებდნენ. სოფლის მაცხოვრებლები ნათურებით განათებულ ხის სცენაზე ცეკვავდნენ, მშვენიერი სიმღერა ჟღერდა, იქვე ფურგონში ცხელ-ცხელი გლინტვეინი იყიდებოდა. სცენა ძალიან ლამაზი იყო, და ერთი შეხედვით სოფლის იდეალურ ცხოვრებას გვაჩვენებდა. მაგრამ რომ ვუყურებდი ამ სარიტუალო ცეკვას, ვხვდებოდი, რომ ეს ყველაფერი ძალიან სევდიანი იყო, საშინლად სევდიანი.

    თივას ცეცხლი არ მოეკიდება და სოფელში დგება მეხუთე სეზონი - მუდმივი ზამთარი. ძროხები აღარ იწველებიან, ფუტკრები იხოცებიან და ხალხი ნელ-ნელა საკუთარ სახეს კარგავს.

  ბოლო ეპიზოდზე თავი ისე ვიგრძენი, თითქოს გული ხელით მომიწურეს და წვეთი სისხლი აღარ დამრჩა. ვერც კი ვიტირე, გახევებულ ვიჯექი და არ ვიცოდი, რა მექნა; ან მე რას ვიზამდი, იქ რომ ვყოფილიყავი და ადამიანების ასეთი შეშლა მენახა. ალბათ ელისივით მეც ხმის ჩახლეჩამდე, გულის წასვლამდე ვიკივლებდი.



      ახლა, როცა აქ, კაფეში ვზივარ, გვერდით საყვარელი ადამიანები სხედან, მათ სახეებს ვუყურებ და  მიხარია, რომ შემოდგომაა, სექტემბრის მზიანი დღეები დგას, ჩვენ აქ ვართ და გვაქვს ჩვენი შემოდგომა, მესამე სეზონი.