Monday, September 14, 2020
The Good Villa
Thursday, August 27, 2020
საოცნებო ოფის-სივრცე ფილმიდან
რომელია თქვენი საოცნებო ოფის-სივრცე ფილმებიდან?
არ ვიცი, ამ შუა შვებულებების პერიოდში რატომ გამიჩნდა ეს კითხვა. შეიძლება იმიტომ რომ ოფისი ნახევრად დაცარიელდა და ჩემს ოთახში საერთოდაც მარტო დავრჩი.
უფრო სწორედ კი, ფილმმა The Intern შთამაგონა, ეს კითხვა დამესვა. ნახეთ, რამხელა ფანჯრებია და როგორი ნათელი სივრცეა! სიამოვნებით ვიმუშავებდი ასეთ ადგილას, იმაზეც არ მექნებოდა პრობლემა, ჩემს მონიტორს რომ ყველა დაინახავდა (რასაც არ უნდა ვაკეთებდე კომპიუტერში, არ მიყვარს ჩემს მონიტორს სხვები რომ ხედავენ, რაღაცნაირად ვიძაბები, "ალბათ მიყურებენ და ფიქრობენ რა ნელა ვაკეთებ ექსელში ამ რაღაცას?" - და მსგავსი სულელური ფიქრები).
მიუხედავად იმისა რომ ინტროვერტი ვარ და ჩემს პირად სივრცეში სხვების შემოშვება არ მიყვარს, ოფისში ერთიან, დიდ სივრცეში მუშაობის იდეა ძალიან მხიბლავს. ჩემი სულ-სულ პირველი სამსახური სწორედ ასეთ სივრცეში იყო, უზარმაზარ ოთახში (ალბათ ოთახი უკვე აღარ ეთქმოდა, ისეთი დიდი იყო), დიდ მაგიდებთან ვიყავით კომპიუტერებთან მიმჯდარი და ძალიან მომწონდა. თან ჩემი პირველი საოფისე სამსახური იყო და რაღაცნაირად მომწონდა, დილით რომ მივდიოდი (ყველაზე ადრე, როგორც წესი), მხოლოდ მე და ოფისის დიასახლისები ვიყავით, მე კომპიუტერს ვრთავდი და ოთახი ნელ-ნელა ივსებოდა ხალხით, ყავის აპარატთან რიგი დგებოდა, ჰაერში კი ყავის სურნელი დატრიალდებოდა
ახლა სამსახურში პატარა ოთახები გვაქვს, თითიეულში 3-4 კაცით და მართალია, ოთახების კარი სულ ღია გვაქვს ერთიანობის ილუზიის შესაქმნელად, ხანდახან ერთი ოთახიდან მეორეში გადავძახებთ ხოლმე ერთმანეთს, მაინც განცალკევებით ვართ და რაღაცნაირად არაკომფორტულია ჩემთვის. ამას რომ ვამბობ კიდევ ერთხელ მიკვირს, საშინლად ინტროვერტი ვარ და ხშირად ყურსასმენებით ვმუშაობ, ისე რომ გარემოს სრულიად ვწყდები. მაგრამ როგორც ჩანს, დიდი სივრცე მეტ კომფორტს მიქმნის, მითუმეტეს თუ ეს სივრცე აი ასეთია:
ინდუსტრიული დეტალები ინტერიერში, შემინული ჭერი და თეთრად შელესილი კედლები ძალიან მომწონს. შეიძლება დესკტოპადაც კი დავიყენო სამსახურში და ილუზია შევიქმნა, რომ მეც ასეთ ადგილას ვმუშაობ :)
Tuesday, August 11, 2020
ბათუმი
ბათუმი მენატრება ძალიან. რაღაცნაირად, სულისშემხუთავად ძლიერ.
რატომღაც მგონია რომ უკვე კარგად ვიცნობ. მისი ყველა უარყოფითი და დადებითი მხარე ვიცი და მიყვარს იმ უარყოფითების მიუხედავად და დადებითების გამო.
იცით რა მენატრება? ის შეგრძნება, ქალაქი პირველად რომ გამოჩნდება. თვითონ ქალაქის დანახვაც, მაგრამ უფრო ის, სქაილაინს რომ დაინახავ და უცებ რაღაც დაგივლის სხეულში, გაგახსენდება ყველაფერი ამ ქალაქთან დაკავშირებული და უკვე მთელი სიცხადით აღიქვამ, რომ ჩამოხვედი.
დაბინავების შემდეგ პირველი გამოსვლა ქუჩებში და ტენიან ჰაერში გახვევა. ტენიანში, მაგრამ ძალიან სუფთა ჰაერში, თბილისის შემდეგ განსაკუთრებით.
პირველი ჭამისთვის წასვლა, უხშირესად - "მიუნხენში". ვიწრო, ქვაფენილიან ქუჩებში სიარული და ბოლოსდაბოლოს მიუნხენის დროშების დანახვა. მაგიდასთან დაჯდომა და სიხარულის კიდევ ერთხელ, ცხადი გააზრება, რომ დიახ, ბათუმში ხარ, და მალე გემრიელად შეჭამ.
დილით თვალის გახელა და სიუცხოვის არგანცდა. თუ მივლინებით ვარ, შეხვედრაზე წასვლისთვის გამზადება და თუ დასასვენებლად - ზღვაზე გასვლა, თუნდაც ზღვაში არ ჩავდიოდე, მაინც დიდი ბედნიერება ზღვის დანახვისას და მარილიანი ჰაერის სუნთქვა ბევრჯერ, ბევრჯერ.
დილის სირბილის დაგეგმვა - ეს საკმაოდ იშვიათად, მაგრამ ყოველი სირბილის შემდეგ იმაზე ორჯერ უფრო ბედნიერი ვარ, ვიდრე თბილისში სირბილისას. და მერწმუნეთ, სირბილის შემდეგ თბილისშიც ბედნიერი ვარ ხოლმე.
ბათუმის ქუჩებში სიარული არასდროს მომბეზრდება. თუნდაც წვიმაში. თუნდაც სიცხეში, როდესაც ძალიან დაგაჭერს მზე, უცებ სიადანღაც მაცოცხლებელი ზღვის გრილი ბრიზი მოვა და შვებას გაგრძნობინებს.
ზოგჯერ ხომ არის, რომ სანამ მოგონებები არ გახდება, უშუალოდ მიმდინარეობისას ისე ვერ გრძნობ სიხარულს და ბედნიერებას, ვიდრე შემდეგ, როცა იხსენებ. ბათუმის შემთხვევაში ასე არაა, ის ბედნიერება ყოველთვის იმ წუთისაა ხოლმე, ცხადი და ხელშესახები.
და ახლა, როცა ვიხსენებ, ისევ ისეთი ძლიერია, მაგრამ არა - ხელშესახები.
უამრავი ფოტოდან ეს ავარჩიე, ფოტო გადაღებულია გზიდან, როცა კარანტინის შემდეგ პირველად ჩავედი ბათუმში
Sunday, August 9, 2020
Some Random Thoughts
არასდროს მესმოდა იმ ადამიანების, დილას ყავის დალევამდე ხმა არ გამცეთო, რომ ამბობდნენ. მაგრამ დღეს ყავის პირველი ყლუპის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემზეც ჰქონია ეგ ზემოქმედება კოფეინს, უბრალოდ აქამდე ვერ ვამჩნევდი - დილას რაღაცაზე გავბრაზდი და ყავის მერე ცოტა გამიკვირდა, ასე რა მანერვიულებდა.
***
ფეისბუქი უკვე თვეზე მეტია, გაუქმებული მაქვს. ძირითადი მიზეზი, რის გამოც გავაუქმე, სქროლვაზე დამოკიდებულება იყო. უკვე ვეღარ ვაკონტროლებდი, როგორ ვიღებდი ტელეფონს, ვხსნიდი აპლიკაციას და გაუაზრებლად ვიწყებდი სქროლვას. ამიტომ ერთ დღესაც (კერძოდ, 29 ივნისს) ავდექი და გავაუქმე. ეს ფეისბუქის გაუქმების მეორე შემთხვევაა ჩემთვის, პირველი შარშან ზაფხულს, ზუსტად ამ პერიოდში იყო, თუმცა უფრო ხანმოკლე პერიოდით - 2 კვირაში ისევ დავუბრუნდი. წელს ჯერჯერობით დაბრუნების სურვილი არ მქონია. თუმცა თავს არც ვიზღუდავ, თუ მომინდება, აღვადგენ; არ მინდა, აკრძალული ხილი გახდეს. სექტემბერში ჩემი დაბადების დღისთვის ვგეგმავ დაბრუნებას, მილოცვები მიყვარს ☺ ფეისბუქის გაუქმების შემდეგ ინსტაგრამი გახდა ჩემი მთავარი სოციალური ქსელი და ზოგადად, ინტერნეტ-სივრცე. ბოლო დროს როცა შევამჩნიე, რომ ამ სივრცეშიც უკვე დიდი დროის გატარება დავიწყე, ტელეფონში აპლიკაციაზე თაიმერი დავაყენე, რის მიხედვითაც დღეში მაქსიმუმ საათნახევრის გატარება შემიძლია. თუ ამ დროს გადაცდა, ტელეფონი აპლიკაციას დამიბლოკავს და ღამის 12-მდე შესვლას ვერ შევძლებ. ჯერჯერობით შედეგი ასეთია: სამუშაო დღეებში დროისთვის არ გადამიჭარბებია, მაგრამ ვიქენდებზე კატასტროფა ხდება - მაგალითად გუშინ, აპლიკაციაში 3 საათი და 14 წუთი გავატარე! თუ საათნახევრიანი შეზღუდვა გქონდა, ამდენი დრო როგორ დაგიგროვდაო, იკითხავთ. ამაზე გიპასუხებთ რომ საათნახევრის შემდეგ ტაიმერი გამოვრთე და ისე გავაგრძელე სქროლვა. თუმცა საკუთარ თავს დავპირდი, რომ მსგავსი აღარ განმეორდება.
***
"სქროლვის" ქართული შესატყვისი არ გვაქვს, ხომ? იმ ადამიანებს არ მივეკუთვნები ვისაც მიაჩნია რომ ყველა სიტყვა და ტერმინი ქართულადაც უნდა გვქონდეს, მაგრამ ქართული ენა ძალიან მომწონს და ვთვლი, რომ მის დიდ ნაწილს ყოველდღიურ საუბარში ისე აქტიურად არ ვიყენებთ, როგორც შეიძლებოდა, რომ გამოგვეყენებინა. მე რაღაც სიტყვების ამოჩემება ვიცი ხოლმე, ძირითადად ძველებურ სიტყვებს ვაბრუნებ ჩემს ლექსიკონში და რაღაც პერიოდი ძალიან ხშირად ვიყენებ. იმდენი კარგი ჟღერადობის სიტყვებია, რომ მგონია უფრო ზუსტად აღწერს მოცემულ მნიშვნელობას, სხვა უფრო გავრცელებულ სიტყვებთან შედარებით. მაგალითად, ბოლო დროს ხშირად ვხმარობ სიტყვას "მყისიერი", რომელსაც ასე ყოველდღიურ საუბარში ხალხი დიდად არ იყენებს. არადა ძალიან კარგია, მეილებშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგალითად: "გმადლობთ მყისიერი პასუხისთვის" - ზუსტად აღწერს რომ ადრესატმა ძალიან სწრაფად და დროულად გიპასუხათ. "სწრაფი" ან "დროული" ისე კარგად ვერ გამოხატავდა აზრს, როგორც "მყისიერი".
***
"შითს კრიკს" ვუყურებ და ბოლო სეზონზე ვარ უკვე. კარგ სერიალს რომ მივაგნებ, ეგ მჭირს, მთლიანად უნდა გადავეშვა და ისე სწრაფად ვუყურო, რომ უცებ დავამთავრო და მერე გული დამწყდეს, ასე მალე რომ მოვრჩი, თან ახლის ძებნა რომ მომიწევს.
***
ჩემი კიდევ ერთი random thought არის თუ რატომ ვარქმევ პოსტების უმეტესობას ინგლისურ სახელებს. ეს ფენომენი ჯერჯერობით ვერ ამოვხსენი, არადა დასაბამიდან ეგრე ვარ. მითუმეტეს, რომ ამ პოსტში, რომელსაც ასევე ინგლისური სახელი ჰქვია, ვლაპარაკობ თუ როგორი კარგია ქართული ენა.
Sunday, July 5, 2020
Seinfeld Sunday
Saturday, June 27, 2020
აურზაური არაფრის გამო
Thursday, June 4, 2020
ფუნთუშა კარამელით
ქალაქი მთის ძირში იყო შეყუჟული. სახლების კარი პირდაპირ ქვაფენილიან ქუჩებზე გამოდიოდა. დილაობით ამ ქუჩებში ახლადმოხარშული ყავის სუნი ტრიალებდა.
ყველა ასეთი დილა უყვარდა მატილდას, როცა უმეტესობას ჯერ კიდევ ეძინა და მხოლოდ ქალბატონი ნ. შესდგომოდა მუშაობას - ფუნთუშებს აცხობდა, ყავას ადუღებდა, პირველი სტუმრისთვის რომ არ ელოდინებინა. ქალბატონი ნ. საუზმეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. საუზმე მხოლოდ ჭამა არ არისო, ამბობდა; საუზმე არის დღის პირველი ღიმილი, პირველი სიმღერა, რომელსაც მოისმენ, პირველი შეხებაც საუზმეაო.
ამიტომაც დილით ადრიანად დგებოდა. არჩევდა სიმღერებს,
რომლის ფონზეც უნდა ესაუზმათ მისი საკონდიტროს დილის სტუმრებს. თუმცა, არავინ იცოდა, როგორი საუზმე
ჰქონდა თავად ქალბატონ ნ.-ს, ან ვინ ზრუნავდა მის საუზმეებზე.
მატილდა დილაობით ადრე იღვიძებდა, დარაბებს აღებდა და ძილბურანში მყოფ, გარინდებულ ქალაქს გადაჰყურებდა. მისი სახლიდან მთელი ქალაქი მოჩანდა და ქალაქს მიღმა - ერთადერთი გზა, რომელსაც აქ მოჰყავდი.
იმ დილით გადაწყვიტა, ქალბატონ ნ.-სთან ესაუზმა. სახლის კარი ფრთხილად გამოხურა და დილის სუსხში გახვეულ ქუჩას გაუყვა. საკონდიტროს კარი რომ შეაღო, ელოდა, რომ ქალბატონი ნ. დახლს იქით საქმეში გართული დახვდებოდა, მაგრამ საკონდიტროში არავინ იყო. არავინ, ერთი ადამიანის გარდა. კუთხეში იჯდა, მხრებამდე თმა, წვერი და კეთილი თვალები ჰქონდა. ყავას სვამდა, ანთებული სიგარეტი საფერფლეზე ედო და ბოლავდა. თვითონ კარისკენ იყურებოდა, მაგრამ აშკარად ფიქრებში გართული, გოგონას საერთოდ ვერ ამჩნევდა. მატილდა დაიბნა. თვალები ოთახს მოატარა, მერე კი უცნობისგან ყველაზე მოშორებულ მაგიდასთან დაჯდა.
სამზარეულოდან დარიჩინის და კარამელის სუნი მოდიოდა.
თბილი, ტკბილი სურნელი, რომელსაც უცნობის ყავისა და სიგარეტის სურნელი ერეოდა.
მატილდამ გადაწყვიტა, ქალბატონი ნ. მოეძებნა და
დახლსმიღმა კარებში შევიდა. სამზარეულოში ქალბატონი ნ. ფუსფუსში გართული დახვდა.
რაღაცის სათქმელად პირი როგორც კი გააღო, მოულოდნელად საიდანღაც სევდიანი, სევდიანი მუსიკა გაისმა. მატილდა გაჩუმდა. თითქოს მუსიკის ჰანგები ჩიტებივით დაფრინავდნენ მის გარშემო და ჰაერში აჰყავდა, ზევიდან ხედავდა ტყეს, ქვაფენილიან ქუჩებს, სიხარულს და დარდსაც ხედავდა თითქოს.
- აჰ, ჩემო კარგო, ვერც კი შეგამჩნიე. მოგწონს სიმღერა?
მატილდა შეკრთა, თვალები გაახილა. წინ ქალბატონი ნ. იდგა და უღიმოდა:
- ახალმოსულმა სტუმარმა მთხოვა, ეს ჩამერთო. საუზმისთვის ცოტა სევდიანი კი მეჩვენა, მაგრამ სტუმარს გული არ გავუტეხე. აჰ, ალბათ ყავა გინდა არა? ახლავე მოვხარშავ და ახალ ფუნთუშებსაც გამოგიტან, შენ მანამდე შეგიძლია სტუმართან საუბარში გაიყვანო დრო - ქალბატონმა ნ.-მ მატილდას ეშმაკურად გაუღიმა და თითქმის ძალით გაიყვანა სამზარეულოდან.
სტუმარი ისევ სიგარეტს ეწეოდა. ყავა, ალბათ უკვე გაგრილებული, ნახევრამდე დაელია. ფანჯრიდან მზე შემოდიოდა და ყავის ზედაპირს ცოტა გამჭვირვალეს ხდიდა.
- მოგწონთ სიმღერა?- აქცენტით ჰკითხა უცნობმა მატილდას.
- ცოტა მეშინია კიდეც, ისე. ასე მგონია, ჰაერში ვლივლივებ.
უცნობმა პირველად შეხედა მატილდას, ოდნავ გაოცებით.
- არ გინდათ, ჩემს მაგიდასთან დაელოდოთ საუზმეს?
მატილდა ნებისმიერ სხვა დროს უარს ეტყოდა. არ მოსწონდა საუზმეების სხვებთან გაზიარება. მაგრამ არა ახლა.
- დიახ. თუ ერთ ღერსაც მომაწევინებთ - გაუღიმა სტუმარს.
- მარიხუანას მოწევთ? თუ სიგარეტს?
- სულერთია.
ქალბატონ ნ.-ს არ გაჰკვირვებია, მატილდა რომ სტუმრის მაგიდასთან დაინახა. კარამელიანი, მოგრძო ფუნთუშები, რომლის ცომიც სულ ახალი გამოგონილი ჰქონდა, კმაყოფილებით დაუწყო წინ, შემდეგ მატილდას მისი საყვარელი თურქული ყავა დაუსხა.
- მეც იგივეს დავლევ - უთხრა უცნობმა.
- მოგწონთ ეს ქალაქი? - მატილდამ პირველი ყლუპი მოსვა. ყველაზე მეტად პირველი ყლუპი უყვარდა - ქაფშერეული, ცხელი სითხე მაცოცხლებელ ძალად რომ შედიოდა სხეულში.
- არც ისე. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. აი, ფუნთუშებს არა უშავს. - უცნობმა მოზრდილი ლუკმა მოკბიჩა. თან მატილდას თვალი თვალში გაუყარა. - დიდხანს არ დავრჩები. ისევე, როგორც სხვაგან არ ვრჩები ხოლმე. ყველა ქალაქი მბეზრდება.
მატილდას გაუკვირდა. მას თავის ქალაქი ძალიან უყვარდა. არ ესმოდა, როგორ შეეძლოთ ადამიანებს ერთი ადგილიდან სხვაგან გადასვლა და ყველგან სახლის შეგრძნება.
მას მხოლოდ ერთი ადგილი შეეძლო ეგრძნო სახლად.
- ეს ქალაქი განსაკუთრებულად ლამაზია. ყველა ამას ამბობს, ვინც ჩამოდის. - ხმადაბლა ჩაილაპარაკა.
- მაპატიეთ, თუ უხეშად გამომივიდა. უბრალოდ იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ. თან, ეს პირველი შთაბეჭდილებაა. ჯერ არაფერი მინახავს, დღეს დილას ჩამოვედი. ფუნთუშებიც უფრო მეტად მომწონს. თუმცა იმას ვერ შეგპირდებით, რომ ეს ქალაქი არ მომბეზრდება.
მატილდამ სტუმარს ზრდილობისთვის გაუღიმა და ფუნთუშა პირველად გასინჯა. თბილი და ტკბილი კარამელი, თითქმის უშაქრო ცომთან საოცარ კონტრასტს ქმნიდა. ასეთი გემრიელი არაფერი გამისინჯავსო, გაიფიქრა. მაშინ მიხვდა, რომ ამ ბიჭთან საერთო არაფერი ჰქონდა.
- ანუ, დამეხმარებით? - სტუმარი სიგარეტს თითებში ათამაშებდა და უყურებდა, ოდნავ, სულ ოდნავ დამცინავი თვალებით.
- რაში?
- ამ ქალაქის შეყვარებაში. არ მისმენდით არა? რატომ ხუჭავთ ჭამისას თვალებს?
- ასე გემოს უფრო მკაფიოდ აღიქვამ.
მატილდა ფეხზე წამოდგა და თბილი ზედატანი შემოიცვა. - დაგეხმარებით. მაგრამ თქვენ თუ არ მოინდომებთ, არაფერი გამომივა.








