Thursday, June 4, 2020

ფუნთუშა კარამელით

ქალაქი მთის ძირში იყო შეყუჟული. სახლების კარი პირდაპირ ქვაფენილიან ქუჩებზე გამოდიოდა. დილაობით ამ ქუჩებში ახლადმოხარშული ყავის სუნი ტრიალებდა. 

ყველა ასეთი დილა უყვარდა მატილდას, როცა უმეტესობას ჯერ კიდევ ეძინა და მხოლოდ ქალბატონი ნ. შესდგომოდა მუშაობას - ფუნთუშებს აცხობდა, ყავას ადუღებდა, პირველი სტუმრისთვის რომ არ ელოდინებინა. ქალბატონი ნ. საუზმეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. საუზმე მხოლოდ ჭამა არ არისო, ამბობდა; საუზმე არის დღის პირველი ღიმილი, პირველი სიმღერა, რომელსაც მოისმენ, პირველი შეხებაც საუზმეაო.

ამიტომაც დილით ადრიანად დგებოდა. არჩევდა სიმღერებს, რომლის ფონზეც უნდა ესაუზმათ მისი საკონდიტროს დილის სტუმრებს. თუმცა, არავინ იცოდა, როგორი საუზმე ჰქონდა თავად ქალბატონ ნ.-ს, ან ვინ ზრუნავდა მის საუზმეებზე.

მატილდა დილაობით ადრე იღვიძებდა, დარაბებს აღებდა და ძილბურანში მყოფ, გარინდებულ ქალაქს გადაჰყურებდა. მისი სახლიდან მთელი ქალაქი მოჩანდა და ქალაქს მიღმა - ერთადერთი გზა, რომელსაც აქ მოჰყავდი.

იმ დილით გადაწყვიტა, ქალბატონ ნ.-სთან ესაუზმა. სახლის კარი ფრთხილად გამოხურა და დილის სუსხში გახვეულ ქუჩას გაუყვა. საკონდიტროს კარი რომ შეაღო, ელოდა, რომ ქალბატონი ნ. დახლს იქით საქმეში გართული დახვდებოდა, მაგრამ საკონდიტროში არავინ იყო. არავინ, ერთი ადამიანის გარდა. კუთხეში იჯდა, მხრებამდე თმა, წვერი და კეთილი თვალები ჰქონდა. ყავას სვამდა, ანთებული სიგარეტი საფერფლეზე ედო და ბოლავდა. თვითონ კარისკენ იყურებოდა, მაგრამ აშკარად ფიქრებში გართული, გოგონას საერთოდ ვერ ამჩნევდა. მატილდა დაიბნა. თვალები ოთახს მოატარა, მერე კი უცნობისგან ყველაზე მოშორებულ მაგიდასთან დაჯდა.

სამზარეულოდან დარიჩინის და კარამელის სუნი მოდიოდა. თბილი, ტკბილი სურნელი, რომელსაც უცნობის ყავისა და სიგარეტის სურნელი ერეოდა.

მატილდამ გადაწყვიტა, ქალბატონი ნ. მოეძებნა და დახლსმიღმა კარებში შევიდა. სამზარეულოში ქალბატონი ნ. ფუსფუსში გართული დახვდა.

რაღაცის სათქმელად პირი როგორც კი გააღო, მოულოდნელად საიდანღაც სევდიანი, სევდიანი მუსიკა გაისმა.  მატილდა გაჩუმდა. თითქოს მუსიკის ჰანგები ჩიტებივით დაფრინავდნენ მის გარშემო და ჰაერში აჰყავდა, ზევიდან ხედავდა ტყეს, ქვაფენილიან ქუჩებს, სიხარულს და დარდსაც ხედავდა თითქოს.

- აჰ, ჩემო კარგო, ვერც კი შეგამჩნიე. მოგწონს სიმღერა?

მატილდა შეკრთა, თვალები გაახილა. წინ ქალბატონი ნ. იდგა და უღიმოდა:

- ახალმოსულმა სტუმარმა მთხოვა, ეს ჩამერთო. საუზმისთვის ცოტა სევდიანი კი მეჩვენა, მაგრამ სტუმარს გული არ გავუტეხე. აჰ, ალბათ ყავა გინდა არა? ახლავე მოვხარშავ და ახალ ფუნთუშებსაც გამოგიტან, შენ მანამდე შეგიძლია სტუმართან საუბარში გაიყვანო დრო - ქალბატონმა ნ.-მ მატილდას ეშმაკურად გაუღიმა და თითქმის ძალით გაიყვანა სამზარეულოდან.

სტუმარი ისევ სიგარეტს ეწეოდა. ყავა, ალბათ უკვე გაგრილებული, ნახევრამდე დაელია. ფანჯრიდან მზე შემოდიოდა და ყავის ზედაპირს ცოტა გამჭვირვალეს ხდიდა.

- მოგწონთ სიმღერა?- აქცენტით ჰკითხა უცნობმა მატილდას.

- ცოტა მეშინია კიდეც, ისე. ასე მგონია, ჰაერში ვლივლივებ.

უცნობმა პირველად შეხედა მატილდას, ოდნავ გაოცებით.

- არ გინდათ, ჩემს მაგიდასთან დაელოდოთ საუზმეს?

მატილდა ნებისმიერ სხვა დროს უარს ეტყოდა. არ მოსწონდა საუზმეების სხვებთან გაზიარება. მაგრამ არა ახლა.

- დიახ. თუ ერთ ღერსაც მომაწევინებთ - გაუღიმა სტუმარს.

- მარიხუანას მოწევთ? თუ სიგარეტს?

- სულერთია.

ქალბატონ ნ.-ს არ გაჰკვირვებია, მატილდა რომ სტუმრის მაგიდასთან დაინახა. კარამელიანი, მოგრძო ფუნთუშები, რომლის ცომიც სულ ახალი გამოგონილი ჰქონდა, კმაყოფილებით დაუწყო წინ, შემდეგ მატილდას მისი საყვარელი თურქული ყავა დაუსხა.

- მეც იგივეს დავლევ - უთხრა უცნობმა.

- მოგწონთ ეს ქალაქი? - მატილდამ პირველი ყლუპი მოსვა. ყველაზე მეტად პირველი ყლუპი უყვარდა - ქაფშერეული, ცხელი სითხე მაცოცხლებელ ძალად რომ შედიოდა სხეულში.

- არც ისე. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. აი, ფუნთუშებს არა უშავს. - უცნობმა მოზრდილი ლუკმა მოკბიჩა. თან მატილდას თვალი თვალში გაუყარა. - დიდხანს არ დავრჩები. ისევე, როგორც სხვაგან არ ვრჩები ხოლმე. ყველა ქალაქი მბეზრდება.

მატილდას გაუკვირდა. მას თავის ქალაქი ძალიან უყვარდა. არ ესმოდა, როგორ შეეძლოთ ადამიანებს ერთი ადგილიდან სხვაგან გადასვლა და ყველგან სახლის შეგრძნება.

მას მხოლოდ ერთი ადგილი შეეძლო ეგრძნო სახლად.

- ეს ქალაქი განსაკუთრებულად ლამაზია. ყველა ამას ამბობს, ვინც ჩამოდის. - ხმადაბლა ჩაილაპარაკა.

- მაპატიეთ, თუ უხეშად გამომივიდა. უბრალოდ იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ. თან, ეს პირველი შთაბეჭდილებაა. ჯერ არაფერი მინახავს, დღეს დილას ჩამოვედი. ფუნთუშებიც უფრო მეტად მომწონს. თუმცა იმას ვერ შეგპირდებით, რომ ეს ქალაქი არ მომბეზრდება.

მატილდამ სტუმარს ზრდილობისთვის გაუღიმა და ფუნთუშა პირველად გასინჯა. თბილი და ტკბილი კარამელი, თითქმის უშაქრო ცომთან საოცარ კონტრასტს ქმნიდა. ასეთი გემრიელი არაფერი გამისინჯავსო, გაიფიქრა. მაშინ მიხვდა, რომ ამ ბიჭთან საერთო არაფერი ჰქონდა.

- ანუ, დამეხმარებით? - სტუმარი სიგარეტს თითებში ათამაშებდა და უყურებდა, ოდნავ, სულ ოდნავ დამცინავი თვალებით.

- რაში?

- ამ ქალაქის შეყვარებაში. არ მისმენდით არა? რატომ ხუჭავთ ჭამისას თვალებს?

- ასე გემოს უფრო მკაფიოდ აღიქვამ.

 მატილდა ფეხზე წამოდგა და თბილი ზედატანი შემოიცვა. - დაგეხმარებით. მაგრამ თქვენ თუ არ მოინდომებთ, არაფერი გამომივა.

No comments:

Post a Comment