Tuesday, January 25, 2022

ოლბანი, ჩანაწერი I

ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, ოლბანიში თოვლი დნება.. 

არა, ვერანაირი თოვლი ვერ დადნება, გარეთ ისე ყინავს. 

ოლბანიში ყინვა ჩვეულებრივი მოვლენაა. რამდენიმე დღის წინ, ღამით, -25 გრადუსი იყო. თუ ტემპერატურა 0 გრადუსამდე ავიდა, ვამბობთ, რომ დათბა. თუმცა აქაური ყინვა თბილისურისგან მაინც განსხვავდება. აქ -10 გრადუსში გარეთ ყოფნა უფრო იოლია, ვიდრე თბილისში -10 გრადუსში იქნებოდა.

ჩვენი ბინა პირველ სართულზეა და პირდაპირ გზას უყურებს. ფარდა ყოველთვის გადაწეული გვაქვს და თვალს ვადევნებთ, გარეთ რა ხდება. გარედანაც ყველაფერი ჩანს, მაგრამ უცნაურია, რომ აქ ეს საერთოდ არ მაწუხებს. მაშინ, როცა, თბილისში პირველ სართულზე ღია ფარდებში ასე თავისუფლად ვერ ვიცხოვრებდი - ალბათ ბევრი ცნობისმოყვარე მაყურებელი მეყოლებოდა. აქ ასე არ არის. პირიქით, უფარდო ფანჯრები მეტ სიმყუდროვეს ქმნის.

დღეს სწავლა დაიწყო და პირველი ლექცია გვქონდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა ჩვენი საცხოვრებლიდან შორსაა და იქიდან უნივერსიტეტის შატლს გამოვყევით - ძალიან დიდხანს იარა, სახლში რომ მოვაღწიეთ, უკვე შიმშილისგან თავი მტკივდებოდა. მაგრამ სახლში ლობიო დაგვხვდა, რომელიც წუხელ წინდახედულად მოვამზადე და ცხელ-ცხელს რომ ვხვრეპდი, გუშინდელ ჩემს თავს გულში მადლობებს ვუხდიდი. ლობიო როგორი კომფორტ ფუდია, არა? იგივე მანუგეშებელი საკვები. ყოველ შემთხვევაში დღეს ნამდვილად იყო.

ხვალ ლექციები არ მაქვს და შვებით ვსუნთქავ, დღევანდელი დღის შემდეგ შესვენება მჭირდებოდა.

არა, მთლად ასე ძალიან არ მიჭირს, ყველაზე მეტად ყინვა მაწუხებს, გარეთ ფეხით სიარულს რომ ვერ ვახერხებ. თუმცა, ისეთ ადგილას ვცხოვრობთ, რომ ბევრი სასეირნო არცაა, უნივერსიტეტის კამპუსის გარდა, რომელიც ზუსტად ჩვენს წინ, გზის მოპირდაპირე მხარესაა. იმედია, მეტ დროს გავატარებთ იქ, ახლა, როცა სწავლა დაიწყო.

დღეს ზუსტად ორი კვირა გახდა, რაც აქ ვარ. ჯერ მიჭირს აღქმა, რომ ისევ ამერიკაში ვარ. ალბათ იმის ბრალიცაა, დიდად ვერსად რომ ვერ დავდივართ (ისევ და ისევ ყინვის გამო). თუმცა ზოგჯერ, ნაცნობი საჭმლის დანახვისას ან გასინჯვისას, ძველი მოგონებები გაკრთება და ატლანტა და ვილა მახსენდება ხოლმე (წეღან მაგალითად ზუსტად ის მარილიანი ნუში ვჭამე, რომელიც ვილაში ყოფნისას სულ მქონდა მარაგად). 


ალბათ, იმ მოგონებებს ახლანდელი ვეღარ ჩაანაცვლებს, ის ხელშეუხებელი, ტკბილი რჩება. მენატრება ის დღეები და ალბათ, მაშინდელი ჩემი თავიც. მენატრება ის ხალხი, ვინც ატლანტაში გავიცანი. რამდენიმე დღის წინ მივწერე კიდეც. ნეტავ, კიდევ ვნახავ თუ არა რომელიმეს.

მაგრამ ეს პოსტი ატლანტაზე არაა, ოლბანიზეა, რომელიც ძალიან ცივია და ჯერჯერობით ვერ მოვახერხე, რომ თავი აქაურად ვიგრძნო.

2 comments:

  1. i feel you...

    რა კარგია ასეთი ჩანაწერი თუნდაც იმ ცვლილების ასახვისთვის, რასაც დროთა განმავლობაში განიცდი... პირველი კვირები raw... და მერე რომ ეშხში შედიხარ და ერგები...

    ლობიო მართლაც კარგია :))

    ReplyDelete
    Replies
    1. აუ კი, ახლა ამ წინა ჩანაწერს რომ ვუყურებ, იმის შემდეგ თითქოს ბევრი არაფერი შეიცვალა, მაგრამ ვხვდები რომ მეტად ადაპტირებული ვარ :)

      Delete