Tuesday, April 21, 2020

პანდემიის პროზა

დილაა, სამსახურში ვზივარ და მონიტორს უაზროდ შევყურებ. ოთხდღიანი დასვენების შემდეგ სამსახურში დაბრუნება არც ისე ადვილია. ჯერ კიდევ ვფიქრობ ჩემს ლოგინზე, საიდანაც დილით ძლივს გამოვძვერი. ქარი ნერვებისმომშლელად წუის და ყველა კარს სხვადასხვა ხმაზე აჭრიალებს. არ ვიცი, რამე ფსიქოლოგიური ფენომენია თუ რა, მაგრამ ქარიან ამინდში ყოველთვის დაქვეითებულ გუნება-განწყობაზე ვარ და არაფერი მახალისებს, ხანდახან თავიც მტკივდება (სადღაც წავიკითხე, რომ ქარი შაკიკის ერთ-ერთი ტრიგერია, შეიძლება ამიტომაც). ყავაში შაქარი და ყავა ზუსტად საჭირო რაოდენობით ჩავყარე და იდეალური გემო მივიღე, ვეცადე ამ ფაქტით დავმტკბარიყავი და თითოეულ ყლუპს დიდხანს და ნება-ნება ვსვამდი.

ყავა სულ დავლიე, მაგრამ მაინც მეძინება. ისევ ლოგინი მახსენდება ჩემს პატარა ოთახში. ფიქრებს ვწყვეტ და ჩემს თავს ვებნები, რომ უფლება არ მაქვს, დილას ადგომა და სამსახურში წასვლა მეზარებოდეს - მეგობრები ხშირად შემომნატრიან, რომ სამსახურში დავდივარ. დღეს ეს მართლა დიდი ფუფუნებაა.

ვზივარ და ვიხსენებ, ბოლოს როდის ვიყავი გარეთ მეგობრებთან ერთად. პარასკევი იყო, 6 მარტი, უკვე პანდემიის პერიოდი. იმ საღამოს არ მქონია შეგრძნება, რომ ეს ბოლო შეკრება იყო, იმ ხანგრძლივი იზოლაციამდე, რომელშიც ახლა ვართ. ისიც არც ვიცით, მესამედი გავიარეთ უკვე თუ ჯერ დასაწყისია?  ვცდილობ ამაზე ბევრი არ ვიფიქრო. ასეთი ფიქრები კარგს არაფერს მოგვიტანს. საერთოდ, ვცდილობ ამ პანდემიასთან და ინფექციასთან მიმართებაში ადამიანურად არ ვიფიქრო და ვიყო მხოლოდ ჯანდაცვის წარმომადგენელი. როცა კი ამ ვირუსზე საუბარს ვიწყებ, რაიმე სტატიას ვკითხულობ, მაშინვე ადამიანურ ემოციებს და შეგრძნებებს ვთიშავ და ეპიდემიოლოგი ვხდები. ყველაფერს ანალიტიკური თვალით ვკითხულობ. თუ ადამიანური ფაქტორი ჩავრთე, ვიცი, ძალიან, ძალიან გამიჭირდება. ამიტომ ხშირად, როცა ჩემს მეგობრებთან ვსაუბრობ, მათ დამშვიდებას არ ვცდილობ და არ ვეუბნები რომ "ყველაფერი კარგად იქნება" და ეს ყველაფერი მალე გაივლის (იმიტომ რომ არ ვიცით, როდის გაივლის), მათ ემოციურ მოსაზრებებს კი მშრალ ფაქტებს ვუპირისპირებ.

როცა საქმე ამ პანდემიას ეხება, იქ ემოციებს არაფერი ესაქმება. ალბათ ამიტომ იწვევს ჩემს გაღიზიანებას ისეთი ფოტოები, სადაც დაავადებული საწოლით გამოყავთ გარეთ და მზის ჩასვლას აყურებინებენ. მინდა ყველას დავუყვირო, რომ ამის დრო არ არის! ემოციების დრო არ არის, ამ ინფექციას ემოციებით ვერ შევებრძოლებით. ყველაზე ნაკლებად ახლა ემოციურობა გვჭირდება. თან ვხვდები, რომ ამით შეუძლებელს ვითხოვ. ჩემი ემოციებიც, რომელიც ამდენხანს და ამდენი გროვდება, არ ვიცი რამდენ ხანს გაძლებს ასე.

ეს ნახატიც მაგ ემოციური ჟანრიდანაა, მაგრამ მაინც მომწონს.


2 comments:

  1. ემოციებს ვერაფერს ვუხერხებთ, მთავარია გარდავსახოთ ისინი სხვა რამეში და სხვა რამედ ვაქციოთ. სახლში ვაკვირდები და უცებ ყველა ვგიჟდებით ხოლმე, მერე მშვიდი დღეები მოდის. ყველაზე მეტად სწორი, შეულამაზებელი ინფორმაცია გვშველის და დედ-მამას ვეხმარები ამით. და მთავარია, რომ ყველამ უნდა დავუშვათ, რომ შეიძლება დავიმფიცირდეთ და ეს ქვეყნის დასასრული არაა. ამის მერე გონება უფრო წყნარდება, როდესაც ყველა შესაძლებლობას უშვებ საკუთარ თავზე.

    ReplyDelete
    Replies
    1. რა კარგი რაღაც თქვი როდე, უნდა დავაკვირდე ამიერიდან ჩემს თავს და გამოვიყენო ეგ მიდგომა.

      Delete