Wednesday, May 18, 2016

Rigid and stiff

"Feel it. The thing that you don’t want to feel. Feel it, and be free."


  რამდენიმე დღის წინ, სადღაც წავიკითხე ეს. უცებ გონება გამინათდა. უკვე რამდენი ხანია ვიბრძვი, რომ არ ვიგრძნო. ყოველდღე მიწევს ამ ბრძოლის გადატანა. ისეთი რთულია, ისეთი, მგონია, ერთ დღესაც ვეღარ გავუძლებ და ათას ნაწილად დავიშლები. 

  ასე მგონია, ოკეანეში ვარ, ვერც წყლის ზედაპირზე ამოვდივარ, მაგრამ არც ბოლომდე ვიძირები. ჩემს თავს ვეუბნები, რომ მარტომ უნდა გავიარო ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ დღის ბოლოს ყველა მაინც მარტო რჩება ფიქრებთან, ვერავინ შემოვა შენს გონებაში და დაგიცავს ამ ფიქრებისგან. მაგრამ, როგორც ჩანს, არასწორად ვფიქრობ და ვერ გავდივარ მარტო. მთელი ძალებით, მთელი არსებით ვცდილობ არგრძნობას, მაგრამ არაფერი გამოდის. ალბათ უნდა შევწყვიტო წინააღმდეგობა, ფსკერამდე დავეშვა, ეს გრძნობებიც გავათავისუფლო, ერთიანად შევიგრძნო და მერე შევძლებ ზედაპირზე ამოყვინთვას. 

ხოდა პირველი აქ ვაღიარებ. იქნებ ეს პოსტი გათავისუფლების დასაწყისი გახდეს.



Thursday, April 28, 2016

ნატალია ბეტმენი

  გუშინ სამსახურის ლეპტოპს ვალაგებდი და ერთ ფოლდერში ვორდის დოკუმენტი ვიპოვე, ადრე მოთხრობის წერა დამიწყია. ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ მახსოვს კარგად, ნოემბერში დავიწყე, სოფელში. იქნებ დავამთავრო კიდეც.

  მანამდე კი, ცეკვას დავუმეგობრდი. აქამდე მხოლოდ მიყვარდა, ახლა უკვე ვმეგობრობთ კიდეც. ოჰ, როგორ ვმეგობრობთ! მარტო ცეკვა საუკეთესო რამ ყოფილა : ) თვალები დახუჭული თუ გაქვს - კიდევ უკეთესი.

არ უნდა დავივიწყო, რომ I am Batman. I can do this.

საკუთარი თავის შეგონებები უფროა ეს პოსტები, ვიდრე სხვებისთვის წასაკითხი :) მაგრამ, ვფიქრობ, ბლოგებმა ეს ნიშა დაიკავეს ისედაც, სხვა ფუნქციები ჩამოშორდა. მარტო პირადი პოსტები უნდა ვწეროთ, სხვა გზა არაა.

სხვებმაც წერეთ რა.


პ.ს ძალიან მინდა, რომ დევენდრა ბანჰარტმა ჩემზე სიმღერა დაწეროს.


Sunday, April 17, 2016

Sing me and wake me

 ძალიან ძნელია, განსაზღვრო, როდის იყავი ბედნიერი და როდის - უბედური. ცხადია,  არ ვგულისხმობ განსაკუთრებულად დიდ ბედნიერებას ან უბედურებას. დრო გაივლის ხოლმე, გადავხედავ გასულ თვეებს და ვიტყვი - მაშინ რა ბედნიერი ვყოფილვარ-მეთქი. შეიძლება ადამიანს თავდაცვის მექანიზმი აქვს ეგეთი, მარტო კარგი შეგრძნებების დამახსოვრება. თითქოს მაშინ ძალიან გიჭირდა, გაურკვევლობაში იყავი, მაგრამ ახლა რომ იხსენებ, ფიქრობ, რომ ბედნიერი ყოფილხარ მაშინ.

 კიდევ ერთს მივხვდი. ხანდახან ადამიანი კი არ გენატრება, უბრალოდ მასთან ერთად გატარებული დრო და ის, თუ როგორ გრძნობდი თავს მაშინ. ეს ალბათ კარგია, უკეთესია, ვიდრე ის, რომ თავად ადამიანი გენატრებოდეს.

ზამთრის მერე ძალების მოკრება ჯერ კიდევ მიჭირს, დღეები კი ამ სიმღერის ტემპში გადის.

Tuesday, March 29, 2016

ძვირფას მეგობარს, წერილი # 1456

რახან ვრცლად ვეღარ ვწერ, იოლ მეთოდს მივმართავ და პუნქტებად ჩამოვაყალიბებ.

ჩემზე:

- წიგნებს ვეღარ ვკითხულობ
- დროს ვერ ვანაწილებ სწორად
- ზაფხული ჯერ არ დამიგეგმავს (ალბათ ვერსად ვერ წავალ და იმიტომ)
- მომავალზე ფიქრის მეშინია
- ჩემი მეგობრები მენატრება, რომლებიც აქ არ არიან

ზოგადად:

 - ყველანაირი ურთიერთობა ზედმეტად ვირტუალური გახდა.
- ფბ-ზე ბავშვის ფოტოები/ბავშვზე სტატუსები ლიდერობენ.

საქართველოში:

 -  ხალხი ბიძინას მიერ ხის გადატანაზე კაიფობს. გესმით? ხუმრობენ, ვიდეოებს აკეთებენ, იცინიან, გულს აყოლებენ. არადა ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი, სევდიანი ამბავია რაც ბოლო პერიოდში მოხდა. ჩვენ ამ დროს ვიცინით, სეირს ვუყურებთ.

 - საქართველოში ეკლესიაში გაჩენილ ხანძარზე ქილიკობენ ("აბა სად არის ახლა ღმერთი, ჰე ჰე ჰე?").

 -  აქ ისევ სექსიზმი მძვინვარებს. ყოველდღიურად ვაწყდებით წვრილმან (ხუმრობები "კუხნაზე", ფიზიკურ სისუსტეზე) თუ მსხვილმან პრობლემებს. საქართველოში ქალები ისევ კაცებზე ნაკლები ჰგონიათ.

 - საქართველოში ქალებს იმით ებრძვიან, რომ ინფორმაციას უვრცელებენ, რომ მას სექსი აქვს.

 აი, ასეთი პრობლემებია დღეს აქტუალური.


როგორც ჩემი მეგობარი, დათა იტყოდა, ანუ, ამ ქვეყანაში თუ ბოღმა, ჩათლახი და განდონი არ ხარ, უკვე კაი ტიპი ხარ რა.

Thursday, February 25, 2016

I am Batman. I can do this.

I'm fucking ok, ok?

 სანამ ვზივარ და ლექციის დაწყებას ველოდები [ონლაინ ლექციაა. სახლში ვარ, ხალათშემოხვეული და საღეჭ რეზინ "Love is.."-ს (ანუ ლოვეს კევს) ვაღლაჭუნებ], ვცდილობ ყველანაირი ფორმით უსაქმურობა მოვასწრო - თამბლერი ვსქროლო, ფეისბუქზე უმიზნოდ დავალაიქო ერთი-ორი პოსტი და ბლოგროლს დავხედო.



 ეს ფოტო არის ჩემი ამჟამინდელი ყოფის ილუსტრაცია. როგორც მანქანების ფარებია წაშლილი და ერთ დიდ ხაზად გადღაბნილი სიჩქარის გამო, ეგრე ვარ მეც. ბევრი რამე უნდა მოვასწრო.

ამიტომ, პოსტის პირველი წინადადება ზუსტად ისაა, როგორც ვარ. გესმით ხომ?

Saturday, January 16, 2016

#პოსტისსათაური

იანვრის 16, შაბათი. გარეთ მზიანი დღეა. ჩემს ოთახში ყავის და ციტრუსების სუნი დგას.

   შუადღისკენ, ოთახის მილაგებას რომ მოვრჩი და ყავა დავისხი, მომინდა ჩამოვმჯდარიყავი ლეპტოპთან და ბლოგებისთვის ჩამომევლო. ზუსტად ისეთი პოსტების წაკითხვა მომენატრა, რაც ყველაზე ხშირად იწერებოდა (და კრიტიკდებოდა) ოდესღაც - დღეს ესა და ეს ვჭამე/დავლიე. ყოველდღიურობა, მოკლედ.

    ბლოგზე რომ შემოვედი და უახლეს პოსტებს გადავხედე, აღმოჩნდა, რომ აღარავინ წერს. ამიტომ ისევ ოფისს ვუყურე. ერთ-ერთ საუკეთესო სატელევიზიო შოუს ისტორიაში. ბოლო სეზონზე ვარ უკვე და რომ მოვრჩები, იმ სიცარიელის შეგრძნება არ მინდა, "ახლა რაღას ვუყურო"-ს რომ მოაქვს.

  ფილმებს ვეღარ ვუყურებ. ბევრი ვიცი, ვინც იგივეთი იტანჯება. ალბათ სერიალების ბრალია. უფრო მცირე ხანგრძლივობისაა თითქოს, მაგრამ ერთდროულად იმდენ სერიას ვუყურებ, საბოლოოდ არაერთ ფილმს რომ ვნახავდი.

 ორშაბათის ლექციისთვის რაღაც მაქვს მოსამზადებელი და უკვე შევუდექი პროკრასტინაციას - ჩავმოვსქროლე ფეისბუქი და თამბლერი, გადავამოწმე ყველა მეილი, იუთუბზე ჩავრთე უცნობი რექომენდიდ სიმღერა (იხ.პოსტის ბოლოში), დავიწყე ამ პოსტის წერა. Damn, I'm really good at procrastinating.

 ყოველ წუთს თითებს ვყნოსავ, ფორთოხალ-მანდარინის სუნი მაქვს და ტუჩებზე ჯერ კიდევ შემომრჩა ფორთოხლის მომჟავო, მწკლარტე გემო. წუხანდელი სიზმარი არ მინდა მახსენდებოდეს (არაფერი პერვერტული) ყოველ წუთს. როგორც სჩანს, ჩემს ქვეცნობიერს ძალიან უყვარს რაღაცების შელამაზება და სიზმარში შემოპარება.



Tuesday, December 8, 2015

I remember

I remember a faraway laugh, a sweet caress you'd help me zip up my dress.
I remember the never-ending summer rain.


Please, don't let what was get in the way of what's next, don't forget that what's to come hasn't come yet.