Saturday, January 25, 2014

In the Bell Jar

   ჩემს ერთ ფეისბუქ ფრენდს ჰქონდა ფოტო დაშეარებული, "ქალი ვიცი მე კუხნაში" - დაახლოებით ამ კონტექსტის. იქ კომენტარის დატოვებას აზრი არ ჰქონდა, ისედაც ნახევრად ხუმრობით იყო დაწერილი და საჭიროდ არ ჩავთვალე, სერიოზული მსჯელობა დამეწყო.

   მაგრამ ვიფიქრე, რომ აუცილებლად უნდა მეთქვა ის 1-2 სიტყვა, რომელზე წერასაც დიდი ხანია ვაპირებ და ხან დრო არ მყოფნიდა, ხან - ნებისყოფა.

   ჰოდა, ძვირფასო Y ქრომოსომიანებო, თქვენ თუ გაინტერესებთ, ასეთი მაგრები თუ ვართ ქალები, რატომ ვერ ვასახელებთ  უცებ 10 მეცნიერ ქალს, მე ამისთვის ძალიან მარტივი პასუხი მაქვს:

    იმიტომ, რომ მე-20 საუკუნემდე, სანამ ფემინისტური მოძრაობა დაიწყებოდა და ქალები, ჯერ მხოლოდ, ხმის მიცემის უფლებას მოიპოვებდნენ, მათ არ ჰქონდათ საშულება, გასულიყვნენ სახლიდან გარეთ, ისინი კორსეტების და ათასგვარი ზიზილ-პიპილოების სიმძიმის ქვეშ იტანჯებოდნენ და მხოლოდ იმას ელოდნენ, როდის გამოჩნდებოდა შესაფერისი საქმრო. საუკუნეები და ეპოქები იცვლებოდა,  ამ დროს კი, Y ქრომოსომიანები, ან ხმლებს ატოლებდნენ ერთმანეთს, ან თუ შესაძლებლობა ჰქონდათ, მეცნიერული თამაშებით ერთობოდნენ, თუ მოუნდებოდათ, წერდნენ კიდეც - პოემებს, რომანებს. ხანდახან ხატავდნენ, ხან სამეფოებს მართავდნენ. უფრო ადრე კი - ნადირობდნენ, ადამიანებს ჯვარზე აკრავდნენ, ომებს აგებდნენ, ან იგებდნენ (მერე გამარჯვებულები შედიოდნენ ქალაქებში და ქალებს აუპატიურებდნენ).

   ქალებისთვის კი, ამ ხნის განმავლობაში, ძირითადად, იცვლებოდა კაბის სიგრძე-სიგანე, მასზე ოქრომკედით მორთული ფიგურების ფორმა, სამკაულებზე ძვირფასი თვლების რაოდენობა და თმის ვარცხნილობა.

   იყვნენ ისეთი ქალებიც, რომელთა სახელი ისტორიაში გაჟღერდა. შესაძლოა, ისინი არ იყვნენ მაინცდამაინც ხელოვნების ან სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები, მაგრამ ძალაუფლება ჰქონდათ და სულ მცირე, საკუთარ ქვეყნებზე დიდი გავლენა მოახდინეს.  მათ მოახერხეს და კაცების ფართო ზურგები გაარღვიეს, რომ მოხვედრილიყვნენ წრეში, სადაც მათ ყველა დაინახავდა. არ მოვუყვები მათი სახელების ჩამოთვლას, თუ გონებას დაძაბავთ, რამდენიმე სახელი აუცილებლად ამოგიტივტივდებათ.

   რატომ მოხდა რომ, ყველა სფეროში, მაინცდამაინც მე-20 საუკუნეში გაჩდნენ ასე, სოკოებივით, ქალები?  იმიტომ ხომ არა, რომ ამისათვის ბრძოლა დაიწყეს?
 
  მითუმეტეს ახლა და აქ, საქართველოში, ნამდვილად არ აქვს არავის უფლება, რომელიმე ქალზე, თუნდაც ხუმრობით, რაიმე დამცინავი თქვას. ყველა თავის ფრონტზე იბრძვის - ვიღაც სამზარეულოში, ქმარს რომ გემრიელი სადილი დაახვედროს, ვიღაც პოლიტიკაში და ვიღაც, თუნდაც,  მაღაზიაში, დახლს მიღმა..

 ქალები ყველგან არიან და ვერ დამისახელებთ ვერც ერთ სფეროს, სადაც მათ წარმატებისთვის არ მიეღწიოთ.

We already Did It

Monday, January 20, 2014

ძვირფას მეგობარს - I keep feeling smaller and smaller

   საღამოს, როცა დედებს პატარა ბავშვები ყოველდღიური სეირნობებიდან სახლებში აყავთ, უფროსები სამსახურიდან დაბრუნებული არიან და გვერდით ბინიდან მესმის, როგორ ეძახის ხმამაღლა ქმარი ცოლს "მიყვარხარ", განსაკუთრებით მინდება, რომ  ფრთები გამომესხას და უამრავ განათებულ ფანჯარაში შეხედვა შევძლო;  დავინახო მათი საღამოს რუტინა - ვახშმობა, ტელევიზორის წინ ჯდომა, წიგნის კითხვა.. ეს უბრალო, ადამიანური მომენტები ისეთივე ამაღელვებელია ჩემთვის, როგორც ამელისთვის ლობიოს ტომარაში თითების ჩაცურება.

   ხანდახან  უცნაური კითხვები მიჩნდება, ისეთი, რასაც ვერასდროს გავიგებ. მაგალითად, რაზე ფიქრობდა პოლ ტიბეტსი 1945 წლის 6 აგვისტოს გამთენიისას, როცა კუნძულ ტინიანიდან აფრინდა.

   რატომ ხდება, რომ მაშინ, როცა მინდა ყველაზე დიდი ვიყო, ყოველთვის პურის ნამცეცის ოდენა ვხდები და რამდენიც არ უნდა ვიხტუნო და ხელები ვიქნიო, მაინც ვერავინ მამჩნევს.

I am good, I am grounded
Davy says that I look taller
I can’t get my head around it
I keep feeling smaller and smaller..

    ჩემო ძირფასო მეგობარო, შენ, რომელიც სადღაც ზიხარ და კითხულობ ამ წერილს, დარწმუნებული ვარ, ხვდები, რაზე გწერ მე.

ვიცი, რომ ჩემი ბოლო წერილი უკვე გაყვითლდა და შენც იმედი გადაგეწურა. 

   მინდა იცოდე, რომ სელინჯერი კიდევ უფრო შემიყვარდა; რომ აქ ამინდებს გაზაფხულის სუნი ასდის და მე ჯერჯერობით, მაინც არ ვარ ბედნიერი.

Thursday, January 16, 2014

Quedate Luna

    გადავწყვიტე, რომ ზაფხულამდე აუცილებლად უნდა ვიყიდო ფერადი (სასურველია ყვავილებიანი) კაბები და უკეთესი ადამიანი გავხდე.

     მერე, როცა დახუთული დღე დაღამდება და ჭრიჭინები დაიწყებენ ზუზუნს, მე ნებივრად ჩავესვენები სკამში, მოვუსმენ უდარდელად მომღერალ ბიჭს - დევენდრა ბანჰარტს და ვიტყვი: ესეც ასე, კიდევ ერთი ცხელი დღე გადავაგორე, გაოფლილი სხეულებით და ყინულიანი წყლით სავსე; მაგრამ აჰ, როგორ მიხდება ეს კაბა და როგორ მიბზინავს თმები მზეზე! მოდი ავდგები და ერთსაც ვიცეკვებ ამ უდარდელი ბიჭის სიმღერაზე.. მერედა როგორ ლამაზად ვიცეკვებ!

  გადავწყვიტე, რომ ზაფხულამდე უნდა გავიღიმო ხშირად და უფრო ჭკვიანი ადამიანი გავხდე.

  მერე, მოვუსმენ დევენდრა ბანჰარტს და ვიტყვი: მაგის დედაც, რა საჭიროა ამდენი სულელური (და ხშირად გამოუსადეგარი) ინფორმაციის ცოდნა, როცა ჩემი გონება ისედაც სხარტია და ასე ძალიან მიხდება ეს ყვავილებიანი კაბა?


 გადავწყვიტე, რომ ზაფხულამდე აუცილებლად უნდა გავხდე ბედნიერი.

სხვა დანარჩენი უმნიშვნელოა და თავისით მოვა.

 
 


Monday, January 13, 2014

Beginners

Beginners 1

I was a white girl in a crowd of white girls in the park
You didn't see me I was falling apart
I was a television version of a person with a broken heart
You didn't see me I was falling apart...

   დღევანდელ დღეს ძალიან რთულია იცხოვრო მარტივად, დილით დგებოდე და მხოლოდ იმას დარდობდე, გარეთ როგორი ამინდი დაგხვდება.
  ხანდახან, სასიყვარულო რომანტიკაც ძალიან სასაცილოდ მეჩვენება და ვცდილობ ჩავახშო ყველა ამგვარი, სულელური აღმაფრენები. ჩემს თავს ვუმტკიცებ,  რომ დღევანდელობიდან ძალიან ამოვარდნილია საყვარელი ადამიანის დანახვაზე გული აგიფანცქალდეს, მერე ხელი ჩაკიდო, უდარდელად გაუყვე ქუჩას და ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ამოყო თავი. 
   
 ხანდახან ეჭვები მღრღნის, უნებურად, თავისით.
  
     მერე მახსენდება, რომ მაშინ, როცა აუცილებლობას წარმოადგენდა ყოფილიყავი თავდაჯერებული, ყველაზე და ყველაფერზე გქონოდა საკუთარი, მტკიცე აზრი და დაბეჯითებით დაგეცვა შენი პოზიცია (და მხოლოდ ასეთ შემთხვევებში თუ შეგამჩნევდა ვინმე), მე ვიყავი ყველაფერში მერყევი, ამიტომ საერთოდ არ ვაფიქსირებდი ხმამაღლა ჩემს შეხედულებას და ვემსგავსებოდი ნაცრისფერ მოჩვენებებს, რომლებიც ძალიან ბევრნი დასრიალებენ გარშემო.
  მაშინ გამოჩნდა ადამიანი, რომლისთვისაც ვიყავი ფერადი ნაცრისფერების ბრბოში.

    ახლა შემიძლია, ჩემი მოკრძალებული, მაგრამ მტკიცე აზრები, ჩემთვის შევინახო, მაგრამ აღარ მგონია, რომ მოჩვენებების სამყაროში რუხი ლანდი ვარ.

 I'm so surprised you want to dance with me now
I was just getting used to living life without you around..

Tuesday, December 31, 2013

Ghost of 2013


    მე შეიძლებოდა, ვმჯდარიყავი ბრიუგეში, პატარა მოედანზე. ღია კაფეში მეწრუპა ცხელი გლინტვეინი და მომეწერა წერილები, თუ როგორი ბედნიერი ვარ.

  შეიძლებოდა, პრაღაში ვყოფილიყავი და უგემრიელესი, ცხელი შოკოლადის თანხლებით შემექნა პოსტები.

  კიდევ ათასი ქალაქი არსებობს, სადაც ბედნიერი ვიქნებოდი, თუ ახალ წელს იქ შევხვდებოდი.

   მაგრამ, მე აქ ვარ, თბილისში, სადაც ასაფეთქებლების გამაყრუებელი ხმა ყოველწამს მიფრთხიალებს გულს.
  დღეს საღამოს, როდესაც ქუჩაში ჩემს ნინოს ("ო" გამოითქმის გაგრძელებულად) ველოდი, გული მსოფლიოში ყველაზე ბედნიერად მიცემდა და არ მჭირდებოდა არც პრაღაში ყოფნა, არც გლინტვეინი ან ცხელ-ცხელი შოკოლადი იყო საჭირო, რომ ხმამაღლა მეთქვა - მე ბედნიერი ვარ!  ბედნიერი სწორედ აქ და ახლა.

   ქალაქები და თავგადასავლები მერე იქნება, ახლა კი, ამ პოსტის წერისას, როცა ვიხსენებ განვლილ წელს, თავისდაუნებურად მეღიმება და თვალები მიციმციმებს. წელს ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა და გახდა სავსე. სავსე ემოციებით, თავგადასავლებით, დეტალური ბედნიერებებით, ადამიანებით და ადამიანით.

  არ ვიცი, რას ველი ახალი წლისგან. მინდა რომ არ გავჩერდე და განვაგრძო ახალი ქალაქების აღმოჩენა და შეყვარება, წავიკითხო უფრო ბევრი წიგნი,  აღვფრთოვანდე კიდევ უფრო მეტი სიმღერით..   მინდა რომ ისეთი ადამიანი ვიყო, რომელიც კოსმოსში კარგ ენერგიებს გაუშვებს და მერე იგივენაირად დაუბრუნდება.

 მინდა.

 

Sunday, December 15, 2013

We'll Always Have Istanbul (and Batumi)

                                                                                                           Meet me
                                                                                                           In the evening
                                                                                                           For a kiss
                                                                                                           In Taksim Square.

                                                                                                           Dreamy
                                                                                                           Summer evening
                                                                                                           Make it sleazy,
                                                                                                           My dear friend.

     ამ სიმღერას არ ვუსმენდი სტამბულში, არც იქ მიმავალ ან იქიდან მომავალ გზაზე მომისმენია, მაგრამ როგორც კი ჩავრთავ, მაშინვე ის ხვატი მახსენდება, ტაქსიმზე რომ იდგა მოსაღამოვებულზე, აგვისტოს ერთ დღეს.


     ალბათ, არ ვიქნები გამორჩეული, მაგრამ  მაინც ვიტყვი, რომ თითქმის ცხადად მაქვს წარმოდგენილი, როგორ წავალ  კიდევ ერთხელ სტამბულში, დავლევ 1 ჭიქას და ვაკოცებ ტაქსიმზე.
  ასე მგონია, რომ ყველას რაღაც გვაერთიანებს, ვინც კი ამ ქალაქში ყოფილა - ყველას დაგვრჩა რაღაც გასაკეთებელი, რის გამოც უკან აუცილებლად ბრუნდებიან.

  [მახსოვს, როგორ ბობოქრობდა რამდენიმე ადამიანი იმ პერიოდში ფეისბუქზე, ყელში ამოსულ სტამბულზე და იქ მყოფ ქართველებზე, რომელთა გამოისობოთაც  გახდა სტამბული აუტანელი. მე ასეთ ადამიანებს ბოროტებს ვეძახი და არ ვყოყმანობ ამის ხმამაღლა თქმისთვის.]

   სტამბულამდე ბათუმი იყო. ამ ქალაქმა ბევრი ბედნიერი წუთი მაჩუქა, მთელი ცხოვრება რომ მეყოფა.  გამაცნო კარგი ადამიანები და მათთან ერთად დავაგროვე მოგონებები. 
  იქ ყოფნისას ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვიღაც ან რაღაც, ყველა ჩემს ფიქრს კითხულობს და ზრუნავს, რომ ეს ფიქრები მაშინვე და დადებითად ამიხდეს. 

        ბოლო დღეებია, მთელი გულით და სულით მინდოდა, ბათუმში ვყოფილიყავი. დიახ, თოვლიან და უშუქო ბათუმში, პარალიზებულ ქალაქში, რომელიც ყველამ მიივიწყა. ვერც მივდიოდი და არც ვიცოდი, რით დავხმარებოდი მათ, უღონოდ ვიჯექი და მეგობრებისგან დაშეარებულ დათოვლილ ქუჩებს შევყურებდი.
 


  So, meet me in Taksim tonight, a drink and a kiss, what in the world could be more civilized?

Tuesday, December 3, 2013

* * *


     ეს არის ჩემი დღის ფოტო.

   არ ვიცი, ვინც ამ სერიალს არ უყურებს, მათთვისაც ისეთივე ემოციური დასანახია თუ არა, მე კი ლამის ცრემლებამდე მიმიყვანოს.