Saturday, March 9, 2019

Homesick v.2

ვილა მენატრება. მენატრება დილას გაღვიძება და სამრეცხაოდან საშრობის ზრიალის ან ვიღაცების საუბრის მოსმენა - ძირითადად, ვილას ახალ მაცხოვრებელს რომელიმე ძველი წევრი სარეცხი მანქანის და საშრობის მოხმარების წესებს უხსნიდა. მენატრება, ნახევრადმძინარეს, გამათბობლის ჩართვა და ცოტახნით ისევ დაწოლა, ოთახი სასურველ ტემპერატურაზე სანამ გათბება, რომ ჩაცმისას არ ვიკანკალო.
დილას ფარდაგიან კიბეებზე ჩამოსვლა, როგორც წესი, ცარიელ ჰოლში. სასადილოში შეიძლება ვინმე დამხვედროდა, თუ გვიან ვიღვიძებდი, აუცილებლად - ვილას სტაფი, რომლებიც იქაურობას ასუფთავებდნენ. სამზარეულოში შესვლისას კი ვინმეს გადავაწყდებოდი. სანამ შვრიის ფაფის პაკეტს გავხსნიდი, ჯამში ჩავყრი, წყალს დავამატებ და მიკროტალღოვანში შევდგამდი, იმ წუთნახევრის განმავლობაში პარალელურად ყავის აპარატში მომზადებას ვიწყებდი და ვინმე საუბარს გამიბამდა. ამასობაში ფაფა მზადაა, ყავას ჯერ დრო ჭირდება, სანამ ფაფას შევჭამ, მომისწრებს.  მაგიდასთან დავჯდებოდი და როგორც წესი, ამ დროს შემომესწრებოდა პოლი - უუზარმაზარ ჯამში იყრის შვრიის უდიდესი პორციას, ამატებს კენკრას, ასხამს რძეს და მიხსნის, რომ იმდენს ვარჯიშობს, კალორიები ჭირდება. ყავაზე როცა გადავდივარ, დაახლოებით იმ დროს ჩამოდიოდნენ მარიანი და გაელი. სანამ სასადილოში შემოვიოდნენ, მანამდე მათი ხმები გვამცნობდა მოახლოებას, გაელი ჭყიპინებდა და მარიანი რაღაცას ელაპარაკებოდა ესპანურად. გაელი სუფრის თავში ჯდება და გვათვალიერებს, სანამ მარიანი სამზარეულოში საუზმეს უმზადებს. ერთხელ, მე, კიმი და ბელისარიო ვისხედით და რაღაცაზე ვლაპარაკობდით, გაელი გვიჭყიოდა სუფრის თავიდან და ბელისარიომ რაღაც უთხრა ესპანურად, ნატალია-ც ფიგურიდებდა. კიმის ვკითხე და გადამითარგმნა, ბელისარიო ეუბნება, ნუ გეშინია, ნატალია მარტო შენ გეკუთვნისო ❤

ზანტად ყავის სმის შემდეგ ცოტახნით მარიანი გაელს მიტოვებს, სანამ მის ჭურჭელს და მაგიდას რეცხავს, მე ვეთამაშები. ამასობაში კი ოთახში არბენა და ლექციისთვის მომზადების დროა. ერთხელ ყავის სმისას, ეკი საუზმობდა ჩემთან ერთად და უცებ დამარტყა თავში და ვუთხარი, დამელოდე შენთან ერთად წამოვალ-მეთქი, ოთახში ავვარდი, გამოვიცვალე და სარბენად წავედი. დეკემბერი იყო უკვე, მახსოვს, მაგრამ ძალიან თბილოდა. სპონტანური სირბილები საუკეთესო გამოდგება ხოლმე, როგორც წესი.

1 საათზე მეწყებოდა ლექციები, 12:45-ზე ლეპტოპით დამძიმებული ჩანთის მოკიდება და როლინსისკენ გავეშურებოდი. ვილას აღმართზე ასვლისას ყოველთვის ვქოშინებდი, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან სწრაფად დავდიოდი. ლექციების მერე ჯიმში გავლა და საღამოს დამშეული ვილასკენ გამოქცევა, მიუხედავად დაღლილობისა და შიმშილისა, შატლს მაინც არ მოვყვებოდი და ფეხით მოვდიოდი ბოლომდე. გზად CVS-ში შესვლა და რიგებს შორის უმიზნო ხეტიალი, ხანდახან ნაყინს ან რამე სნექს გამოვაყოლებდი ხელს. მაგალითად, ერთხელ ქუქიზ ვიყიდე და სახლში რომ მოვედი, მერე დავხედე, ვეგან, გლუტენ და კიდევ ძალიან ბევრი რამე free აღმოჩნდა, როგორც ფოტოზე ხედავთ. გემო თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ.


საღამოს რიტუალი - ვილაში დაბრუნებისას, ოთახში ასვლამდე სამზარეულოში შევლა და ნახვა, ვინმე რამე საინტერესოს ხომ არ ამზადებს. ერთხელ, პოლის ვალი მქონდა, 50 დოლარი, ვინაიდან ქეში არასდროს მქონდა, სანამ გამოვიტანე, 1 კვირა გავიდა, თან ყოველდღე ვახსენებდი, შენი ვალი რომ მაქვს-მეთქი. ერთ საღამოს ჯიმის შემდეგ გამოვიტანე ფული და სამზარეულოში რომ შევიარე, პოლი იქ დამხვდა, მოჰამედთან ერთად, ფალაფელის როლებს ამზადებდებდნენ. ეს ფული რომ ამოვიღე და მივეცი, ძალიან გაღიმებული ვიყავი და why are you so happy-ო, ოდნავ გაკვირვებული ღიმილით მკითხა პოლმა. მგონი, ვარჯიშის შემდგომი rush მქონდა, და მიხაროდა, თბილ სახლში რომ დავბრუნდი და იქ ის ხალხი დამხვდა, ვისთან ერთადაც ყოფნა მინდოდა და მალე გემრიელი ვახშამი გვექნებოდა. მაგ ვახშამზე, ზემოხსენებული ფალაფელის როლები ხომ ვჭამე არაჟანით და კიტრის მწნილი, ჰუმუსი, ყავა და ნაყინი დავაყოლე. მერე ღამით კუჭის ტკივილმა აღარ დამაძინა, წამლებმაც კი არ მიშველა.

No comments:

Post a Comment