Thursday, January 17, 2019

The one with coffee flashbacks

ყავებზე პოსტის იდეა მაშინ მომივიდა, როცა რამდენიმე დღის წინ, დილის 3 საათზე, ინსტაგრამზე ყავის ფოტოების სთორიზე დადებით ვიყავი დაკავებული (დილას ადრიანად ვიყავი ასადგომი და საუკეთესო დრო შევარჩიეთ ამ საქმიანობისთვის).
ახლაც საღამოა და ხვალინდელი ლექციისთვის მასალა მაქვს მოსამზადებელი, ამიტომ სხვა როდის, თუ არა ახლა, ყავებზე პოსტი უნდა დავწერო.
პირდაპირ გადმომაქვს ის ფოტოები სთორიდან, უფრო ვრცელი ისტორიებით.



ეს პირველი დღეა ატლანტაში, 25 აგვისტო. გარეთ საშინლად ცხელოდა, ბალამ და ემელიმ ვილას გარშემო ტერიტორია დამათვალიერებინეს, ყავა მინდოდა და რესტორანში შევედით რომელსაც "ალადინი" ერქვა. თურქული ყავა მოვინდომე (narrator: გაივლის დრო და ნატალია მიხვდება, რომ ატლანტაში ეს მისი პირველი და უკანასკნელი თურქული ყავაა). ვილაში რომ დავბრუნდი, ოთახში ვაპირებდი ასვლას და კამილმა ძალიან თავაზიანი ღიმილით შემაჩერა: ხომ გახსოვს, რომ სასადილო ოთახს იქით ამ ყავას ვერ აიტანო? ამიტომ სასადილოში დავჯექი და იქ დავლიე რაღაც არომატიანი თურქული ყავა (მე მგონი ის ჰქონდა, პასკას რასაც უშვრებიან. მოკლედ, არ მომეწონა).



აქ უკვე ბინაში და ასევე, სტარბაქსის ყავაზე ვარ გადასული (სუმატრა, ჰაიფაივ, ან). ორ უზარმაზარ კოვზს ვყრიდი ხოლმე აპარატში და მერე ღამე რომ ვეღარ ვიძინებდი, მიკვირდა, ნეტავ რატომ-მეთქი. ეს ყურძენი კიდევ ძალიან ტკბილი და ხორციანი იყო, ერთი პერიოდი ვყიდულობდი, მაგრამ მალევე შევეშვი, მე და ხილი ვერ ვმეგობრობთ.



ეს ადგილი დაიმახსოვრეთ - ლენდმარქ დაინერი! იმიტომ რომ, როდესაც კინოში Avengers Endgame-ზე იქნებით, დაინახავთ როგორ შეხვდებიან კეპი, ნატაშა და ენთმენი აქ და იცოდეთ, რომ გადაღებების დროს მეც იქ ვიყავი! კარგი, თავად მათ არ შევხედრივარ, მისვლა ერთი დღით დამაგვიანდა და მაგრამ მთავარი ის მოლოდინი იყო, მე და ბალა რომ უბერში ვისხედით და ერთი სული გვქონდა, გადაღებებზე შეგვეღწია. მართალია, როცა მივედით და ის ტერიტორია (და თავად დაინერიც) ცარიელი დაგვხვდა, ცოტა გულმა რეჩხი გვიყო, მაგრამ მაინც შევედით ფინჯანი ყავის დასალევად და მიმტანმა (ასაკოვანი კაცი იყო) დაგვიდასტურა, გუშინ აქ ფილმის გადაღებები იყოო. So close! მაგრამ მეორე ოცნებაც ავიხდინე - ზუსტად ისეთი დაინერი იყო, როგორში მოხვედრაც მინდოდა, არც ისე გემრიელი ფენქეიქებით, მიმტანი შიგადაშიგ ჩამოივლიდა და ფინჯანში ყავას გვიმატებდა.


ამ ყავის ისტორია კარგად არ მახსოვს, ალბათ ემორის ფინჯანი მინდოდა გამომეჩინა. და კიდევ, ის თეთრი კრემ-ყველია, რომელსაც ნიორი ჰქონდა დამატებული და ვერ ვჭამე, გადავაგდე საბოლოოდ.


და ნიუ ორლეანამდეც მივედით ^_^ ამ დღეს მე და მირამ ბევრი ვიხეტიალეთ, დავიღალეთ და  მოგვშივდა. გუგლზე დავსერჩე ახლომახლო რესტორნები, ამ კაფის სახელმა მიმიზიდა, თან გარედან რომ შევიხედეთ, უკვე მოგვეწონა, ბაღში, სიმწვანეში იყო ჩაფლული კოპწიად. ყავა დავლიეთ და რაღაც სამხრეთული კერძი ვჭამე, ძალიან გემრიელი იყო.



ეს კაფე დუ მონდეა, ადრეც მაქვს დაწერილი (აი ის, რომ ვიჯექი და მისისიპიდან მონაქროლი სიო სახეზე მელამუნებოდა), ნიუ ორლეანური ბენიე გავსინჯე და საკმაოდ გემრიელი ყავა მივაყოლე.


ნიუ იორლეანიდან წამოსვლის დღეს, ჩვენი ავტობუსი საღამოს 10-ზე გადიოდა, ამიტომ ჩექაუთის შემდეგ ეგრევე მეორე მსოფლიო ომის მუზეუმში წავედით, რომელიც აღმოჩნდა უზარმაზარი; მთელი დღე იქ გავატარეთ, ძალიან რომ მოგვშივდა, მუზეუმშივე არსებულ ამ ამერიკულ ფასთ ფუდურ ადგილას შევედით. მუზეუმში საშინლად ციოდა (წყეული ამერიკული კონდიცირება) და ერთი სული გქვონდა, რამე ცხელი დაგველია/გვეჭამა. ყავა, ლობიო სამხრეთულად და შრიმპის წვნიანი შევუკვეთეთ. არასდროს დამავიწყდება როგორ მყუდროდ გაგვათბო ყველაფერმა. უცებ სიცივიდან და დაღლილობიდან ცხელი, ცხარე წვნიანის და ყავის მყუდროობაში გადავედით. დიდი შოკოლადის ქუქიც მივაყოლეთ.


 მუზეუმი 5-ზე დაიკეტა, ამიტომ დრო კიდევ დაგვრჩა გასაყვანი, ძალიან მძიმე ზურგჩანთები გვქონდა და ბევრს ვერ ვივლიდთი. გადავწყვიტეთ, რომ კინოში შესვლა დროის გაყვანის საუკეთესო საშუალება იყო და ახლომდებარე მოლში წავედით. მე ვენომზე მინდოდა შესვლა, მირას უფრო რამე მელოდრამა უნდოდა, ამიტომ ცალ-ცალკე დარბაზებში გავნაწილდით. მირა სულ მარტო იყო დარბაზში :) მე ასაკოვანი ცოლ-ქმარი მეჯდა გვერდით და ერთად ვუყურებდით სუპერგმირებზე ფილმს :) ფილმი რომ დამთავრდა, გამოვედი და მირას მივწერე, ფუდ კორტში გელოდები-მეთქი. იმ დროს გადავიღე ეს ფოტო, ზუსტად იმ მიზეზით, რისთვისაც ახლა ვიყენებ - მერე ამ ფოტოს რომ შევხედავ, გამახსენდება, აქ, ნიუ ორლეანში როგორ ვიჯექი-მეთქი.



სანამ უშუალოდ ფოტოზე გადავიდოდე - ნიუ ორლეანიდან დილის 8-ზე დავბრუნდით, მთელი ღამე ავტობუსში ნამგზავრი და დაღლილმა, სახლამდე რომ მოვაღწიე, შხაპი მივიღე და საბანში გავეხვიე, home sweet home-მეთქი ვთქვი და გავითიშე. საღამოს ალბათ ყავა დავლიე, ეს კონკრეტული ფოტო იმ დღის არაა ნამდვილად. მაგრამ ყოველი მზის ჩასვლა ამ ბინაში ფერების დღესასწაული იყო, ჯერ ასეთი მუქი ყვითელი, ამელის ფერები იყო, მერე წითლდებოდა. ერთხელ ასე გამოვედი აივანზე, ყავას ვსვამდი და ისე ვუყურებდი მზის ჩასვლას, მაშინაც ვიცოდი, რომ ეს მომენტი გამახსენდებოდა მერე ცხადად.
(ეს ფინჯნები ძალიან მიყვარდა, სადა და ძალიან მყუდრო იყო, რაც ამ ბინაში ვცხოვრობდი, ემორის ჭიქა საერთოდ არ მიხმარია).


 ეს დილაადრიან არის გადაღებული ბიბლიოთეკაში, შაბათს ერთდღიანი ვორკშოპივით რაღაც გაიმართა, მთელი დღე შეგეძლო შენს პროექტზე გემუშავა ან გემეცადინა, საუზმით და ლანჩით უზრუნველგყოფდნენ. ეს მეორე მისვლაა, დილას ყავა დავისხი, პეკანის ფუნთუშა მოვიმარჯვე და ვიღაცას გავუგზავნე ეს ფოტო, მეც შემომრჩა იმ დღის მოსაგონრად.



სამშაბათს და ხუთშაბათს ლექციებს შორის 1 საათიანი შუალედი მქონდა ხოლმე, ამ დროს სტარბაქსში ყავას ვიღებდი და როლინსში ვჯდებოდი, ან ვმეცადინეობდი,  უფრო ხშირად - ოფისს ან ფრენდსს ვუყურებდი. ეს ერთ-ერთი ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ამ შესვენებისას ვმეცადინეობ.


ახლა გამახსენდა ეს ფოტო რატომ გადავიღე - არასდროს ვამთავრებდი ყავას ბოლომდე, ყოველთვის ვტოვებდი რაღაც ნაწილს და მერე ვაქცევდი (მიკროტალღოვანში რომ შეიძლებოდა, შემეთბო, ძალიან გვიან მოვიფიქრე). ამ დროს აღმოვაჩნე, რომ ბოლომდე დამილევია და ამიტომ გადავიღე. ფონად ხედავთ ფრენდსს.



ამ ულამაზეს ბრანჩზე მე, ბალა, ემელი და მოლი წავედით (მოლი გახსოვთ? კულინარიული სუპერგმირი რომ არის). რამდენიმე ვარიანტიდან ეს ადგილი ავარჩიე, კვირა დღე იყო, დეკემბერი, მაგრამ უჩვეულოდ და სასიამოვნოდ თბილოდა, მოკლესახელოიანი მაისური მეცვა. სანამ ჩემს ომლეტს მოიტანდნენ, იმდენი ვჭამე ის პურები და ჯემები, რომ ომლეტის მხოლოდ ერთი ლუკმის შეჭმა შევძელი, დანარჩენი ვილაშ წამოვიღე და მერე ვჭამე.




ამ კოხტა დაინერში მე და ბალა წავედით, მე მგონი ჯიმის მერე, ვინაიდან ძალიან დამშეულებმა შევუკვეთეთ ომლეტები (ცალ-ცალკე), ფენქეიქები ნუთელით და ბანანით და ვაფლი. რა თქმა უნდა, ყველაფერი უზარმაზარი პორცია იყო და ბოლომდე ვერ დავამთავრეთ. ყავაც მოჩანს კუთხეში მიკუჭული :)


ეს ვილაში (და ატლანტაში) ყოფნის ბოლო დღეებია, გამოცდები უკვე მორჩენილი იყო, ერთ შუადღისას ყავას ვსვამდი და ჰარი პოტერის კითხვა დავიწყე. გაელსაც თავის ლანჩი ჰქონდა. ასე ვისხედით მზით განათებულ სასადილო ოთახში და გვქონდა ზაფხული არა და, ზამთარი :)



ეს დღევანდელი ყავის ფოტოა. ახლა დიღომში ვარ, გარეთ ქარი ღმუის, სქელქაფიან თურქულ ყავას ვსვამ, ველოდები, გამოძახებული საჭმელი როდის მოვა და ვუსმენ ამას (შემთხვევით მოსმენილი სიმღერების სერიას ვაგრძელებ):




იმ დღეს ტაქსიში იყო ჩართული და იმის შემდეგ ავიკვიატე. ისე, დაკვირვებული ხართ, რომ აკვიატებული სიმღერა თქვენს იმ პერიოდის განწყობას შეესაბამება? იმას ვგულისხმობ, ფილმი რომ გადაეღოთ თქვენი ცხოვრების იმ პერიოდზე, თუ როგორ გრძნობდით თავს, ეს აკვიატებული სიმღერა საუნდტრეკად ზუსტად მოუხდებოდა.

3 comments:

  1. This post is absolutely brilliant! Thank you so much for sharing!

    ReplyDelete
  2. ინსტაგრამზე როგორ გიპოვო? :) მიყვარს აქაურობა <3

    ReplyDelete
    Replies
    1. ვერა, დიდი მადლობა <3

      natalia.adamashvili ესაა ინსტაგრამის პროფილი :)

      Delete