Wednesday, June 18, 2014

***

     You talk to me
     as if from a distance
     And I reply
     With impressions chosen from another time, time, time,


   ახლა ისეთ რამეზე უნდა ვწერო, რასაც ალბათ 17 წლის გოგო თუ დაწერდა.

  არ ვიცი, თქვენ თუ გქონიათ ეს შეგრძნება, დაღლილობის. ხანდახან მინდა, რომ ჩემთვის ვიყო, ამდენი სოციალიზაცია მღლის, ამდენი არაბუნებრივი და არაჯანსაღი ურთიერთობა მთელს ჩემს ენერგიას მაცლის და მიაქვს, მე კიდევ არაფრით არ შემიძლია ეს ყველაფერი, მერე იმდენი დრო მჭირდება, ის ენერგია რომ შევივსო, ლამის სახლში გამოვიკეტო და ყველა ადამიანს ავარიდო თავი.

   ნეტავ მე ვინ მეტყვის, რომ კარგი და ლამაზი ვარ, ჭკვიანი რომ ვარ. თუ არ მოითხოვე, არც არავინ გეტყვის, რომ კარგი, ლამაზი და ჭკვიანი ხარ. არადა ყველაფერი ხომ ჩვენს თავშია, მაგრამ ჩემი თავიც აღარ მეუბნება არაფერს კარგს.

  ხანდახან მგონია, რომ ყველაფერი ხელიდან მეცლება. მერე უცებ ვიწყებ ვირჯინია ვულფზე და სილვია პლათზე ფიქრს, მგონია რომ ისინიც ზუსტად იმას გრძნობდნენ სიცოცხლის ბოლო წლებში და ძალიან მეშინია.

  

Sunday, June 8, 2014

ჩემი ნაღვლიანი სიზმრების გახსენების ჟამს

   [ არ ვიცი, იმ ფენომენს რა ჰქვია, შენს ერთ-ერთ საყვარელ შემსრულებელს მოუთმენლად რომ ელოდები და როცა ეს დღე დადგება - ის აქ არის და შეგიძლია ცოცხლად მოუსმინო, წასვლა გეზარება. ]



    წუხელ მესიზმრა, რომ ჩემს სოფელში ვიყავი. ზაფხულის არდადეგები მქონდა, სახლის სხვენში დავძვრებოდი და იქაურ მტვერს ვისუნთქავდი.

19 წლის ვიყავი.

  ალბათ იმის ბრალია, ძილის წინ "ზარხუფს" რომ ვკითხულობდი. მთელი დღეა, 19 წლის მგონია თავი და მგონია, რომ ცხოვრებაში ძალიან ბევრ რამეს მოვასწრებ. მერე მახსენდება, რომ უკვე 26 წლის ვარ, ჯერ მუდმივი სამსახურიც კი არ მაქვს და გუნება მიფუჭდება. ნეტავ 19 წლისას წამეკითხა პლათი, ალბათ მერე ჩემს ცხოვრებას სხვანაირად წარვმართავდი. იმედია თვითმკვლელობაზე არ ვიფიქრებდი და მხოლოდ რაღაც ახლის გაკეთებაზე დავიწყებდი ზრუნვას.

    სიზმარში ჩემს სოფელში ვიყავი-მეთქი, ვამბობდი. აქ ისე გულახდილად ვეღარ ვწერ, არც სიზმრის შინაარსზე მოვყვები და ჩემს ქვეცნობიერში დავიწყებ ქექვას.  ყველაზე კარგ მომენტში გამეღვიძა (არაფერი ისეთი არ ყოფილა, რაც გაიფიქრეთ) და ვეღარაფრით შევიბრუნე ძილი. მერე ვიწექი საათზე მეტი და სიზმრის ამბავს ვაგრძელებდი გონებაში, საბოლოოდ მაინც ვერ მოვიფიქრე დასასრული და თავი დავანებე.

   ზაფხული კი ზანტად მიიზლაზნება; ისეთი კვირადღეა, მხოლოდ ნაყინზე რომ უნდა ჩაირბინო მაღაზიაში, მერე ყავა ყავაზე სვა და ნაყინი მიაყოლო, ხან წიგნი იკითხო და ხან - გრეის ანატომიის სეზონის ბოლო სერიას უყურო. ამ დროს კი ჩაინავუმენი და ოუფენ ეარი მეჩხირება გონებაში, სრულ იდილიას არღვევენ და ამ ზანტი კვირა დღის კონტექსტიდან საერთოდ ამოვარდნილია ერთიც და მეორეც.  ოუფენ ეარს 2 წელია უკვე რაც ველოდები და ჭირის დღესავით მეზარება წასვლა. აი, ამ ფენომენის სახელს გეკითხებოდით ზევით. რა ჰქვია?

   ყოველი ზაფხულის დასაწყისში, ძველი ზაფხულები მახსენდება, სკოლის დამთავრების შემდეგი ანუ არდადეგების პირველი დღე, დილით თვალს რომ გავახელდი და ტკბილად გავიზმორებოდი, როცა ყველანაირი ვალდებულება მხრებიდან მოხსნილი იყო და რამდენ ხანსაც მინდოდა, იმდენს დავიძინებდი, წინ უამრავი წასაკითხი წიგნი და თბილისური ცხელი საღამოები იყო, სოფელში წასაღები წიგნების სია კი - შესადგენი. აი ეს მოგონებები დევენდრა ბანჰარტის სიმღერებს ატარებს მხოლოდ, ამ დროს კი სადღაც აქვე ჩაინავუმენია და დღეს უნდა იმღეროს. არაფრით არ ჯდება დღევანდელი დღის კონტექსტში, მითუმეტეს მაშინ, როცა მე საშინლად მინდა, ჩემს სოფელში ვიყო და წუხელ რაც სიზმარში ხდებოდა, ეგ ამბები ხდებოდეს.