Sunday, January 27, 2013

Do more - მოსანახულებელი ადგილები, ნაწილი I



  ბევრი ვიფიქრე, თუ რა არის მთავარი ადამიანის ცხოვრებაში.

 კარიერა, ფული, სიყვარული?

  საბოლოოდ დავასკვენი, რომ არც ერთი კონკრეტულად. მთავარია, იყო ბედნიერი და არ აქვს მნიშვნელობა, სად, როგორ და რა ფორმით იქნები.

  როგორ გავხდე ბედნიერი? 

  ამ პოსტში მოვყვები ერთ–ერთ მძლავრ და დიდ მიზეზზე [და მიზანზე], რომელიც გამაბედნიერებს მე და დარწმუნებული ვარ, სხვებსაც.

   მოგზაურობა მინდა, იცით როგორი?  წინასწარ რომ არ იცი, სად წახვალ და რას ნახავ. ჩახვალ და მერე გადაწყვეტ, საით გასწევ. ამიტომ, ამ პოსტში ხმამაღლა  უნდა ვთქვა ის ადგილები, სადაც მინდა წავიდე ოდესმე. ოდესმე იმიტომ, რომ ამ წელში ვერ მოვასწრებ, უბრალოდ დრო არ მეყოფა, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ.

   მე ვთვლი, რომ არავის არ აქვს უფლება ერთ ქვეყანაში იჯდეს, როცა ჯერ მარტო დედამიწაზე არის ძალიან ბევრი საინტერესო და სუნთქვისშემკვრელი ადგილი. როცა შეგიძლია ერთი ზურგჩანთით და ბათინკებით იხეტიალო და ჩაისუნთქო სხვადასხვა ქვეყნის ჰაერი, გადაგხდეს თავგადასავლები და გაიცნო შემთხვევითი ადამიანები, რომლებსაც შეიძლება მეორედ აღარც შეხვდე, მაგრამ თავის კვალი დატოვონ შენს ცხოვრებაში.

    ეგრევე გული არ გიჩქარდებათ, როცა წარმოიდგენთ, როგორი მაგარია, როცა კვეთ რომელიმე ქვეყნის საზღვარს და არ იცი, წინ რა გელის? როცა შეგიძლია ყველაფერი გააკეთო, შენი სცენარი დაწერო, შენივე 'ფილმისთვის'.
 უბრალოდ ადგე და პირველივე შემხვედრს ჩაეხუტო, შუა ქუჩაში იცეკვო გადარეულივით ან ხმამაღლა იყვირო?  თავისუფლების საოცარი შეგრძნება არ გეუფლებათ ეგრევე?
 
   სავარაუდოდ რამდენიმე გასვლა იქნება საჭირო, ერთ წასვლაზე ყველაფერს ვერ მოვინახულებ ცხადია; მაშინ მომიწევს დიდი ხნით დავტოვო საქართველო და ბევრი ფული ვიქონიო, ან გზადაგზა გამოვიმუშავო. მოკლედ, რაც არ უნდა იყოს, მოგზაურობა უნდა დავიწყო ერთხელ და მერე გამოცდილება თავისით მოვა და შესაბამისად გადაწყვეტ, რა და როგორ გააკეთო. 

    რამდენი ხანია ვოცნებობ იცით ამაზე? აი, ესპანეთზე რომ ვწერდი 2–3 წლის წინ, გამსაკუთრებით იმ დროიდან. მაშინ ესპანეთზე მქონდა აქცენტი, ახლა შეიცვალა, მაგრამ მთავარი იგივე დარჩა – მოგზაურობა მინდა!  ეს არის ხმამაღლა გაცხადებული სურვილი, რომელიც უნდა ასრულდეს, აუცილებლად უნდა ასრულდეს.


რა უნდა გავაკეთო დასაწყისისთვის:

1. ავიღო პასპორტი
2. ვიყიდო კარგი ზურგჩანთა და გამძლე ბათინკები.
3. შევაგროვო ფული.


   ამ ეტაპზე მაქვს შერჩეული რამდენიმე ადგილი, რომელიც განსაკუთრებით მინდა, რომ ვნახო. ჯერ ევროპით დავიწყებ და მერე გადავალ სამხრეთ ამერიკაში [სამხრეთ ამერიკა ცალკე თემაა საერთოდ, რუკაზე რამდენჯერ დავმჯდარვარ და ქვეყნიდან ქვეყანაში გადავსულვარ].

  ამ პოსტში მოგიყვებით მათ შორის რამდენიმეზე.  დანარჩენი მოსანახულებელი ადგილები იქნება შემდეგ პოსტებში : )



 ნორვეგია

   ზოგადად, ნორვეგია განასაკუთრებულ ინტერესს იწვევს ჩემში, ფიორდებით და ხასხასა სიმწვანით. მაგრამ განსაკუთრებით მინდა ვნახო ეს სასწაული ადგილი, სუნთქვისშემკვრელი და ზღაპრული, რომელსაც ჰქვია პრეკესტოლენი. ეს არის მასიური კლდე, საიდანაც იშლება ხეობის საოცარი ხედი.



 აქ  შიშისგან აკანკალებული უნდა მივფორთხდე კლდის კიდემდე და გადავიღო ფეხების ფოტო : )



აი, ასეთი მშვიდი და ლამაზი ადგილებია ნორვეგიაში, ტბები და ფერადი სახლები –




 ხორვატია

  ხორვატია არის სამოთხის ნაგლეჯი, რომელიც ოდესღაც შემთხვევით მოხვდა დედამიწაზე. სასწაულად კამკამა ლურჯი ზღვით, როგორიც სხვაგან არსად არ არის, და პატარა, ლამაზი ქალაქებით. ქალაქებზე შევჩერდეთ. დუბროვნიკი – წითელკრამიტიანი სახლებით, ვიწრო ქუჩებით და საოცარი სანაპიროებით.


  მე თუ მკითხავთ, ხორვატია მთლიანად უნდა შემოიაროს კაცმა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ დუბროვნიკზე და ამ ადგილზე ვისაუბრებ – პილტვიცის ტბები [იმედია სწორად გამოვთქვამ, ჩემი ინტერპრეტაციაა].




  ესეც ხორვატიის ერთ–ერთი სანაპიროს რენდომ ფოტო, რომელსაც სიზმარში ხშირად ვხედავ ხოლმე.


 
ავსტრია

  ტბების მიმართ მაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება. არასდროს არ მინახავს არც ერთი ტბა [ბაზალეთს თუ არ ჩავთვლით], მაგრამ მაქვს special feeling, ქრაში, თუ რაც გინდათ, ის დაარქვით.  ავსტრიაში ბევრი რამეა სანახავი, მაგრამ ეს ტბა, რომელსაც შემთხვევით წავაწყდი ერთ–ერთ ბლოგზე [თუ სწორად მახსოვს], განსაკუთრებულ ადგილთა სიაში ჩაეწერა ჩემთან.



  ეწოდება Grüner See ანუ მწვანე ტბა, განსაკუთრებული მწვანე ფერის გამო.

 ასევე მინდა ვნახო  პატარა, ზღაპრული სოფელი, რომელსაც ჰქვია Hallstatt და მდებარეობს ტბის პირას.



ირლანდია

  ირლანდიაში ჯერჯერობით კონკრეტული ადგილი არ მაქვს შერჩეული, მომავლისთვის გადავწყვეტ, ან შემთხვევით ავარჩევ რუკაზე : )



ჩეხეთი

აქ ძალიან ბანალური ადგილის – პრაღის ნახვა მინდა, ლუდის დალევა და კანჭის ჭამა : )



ესპანეთი

 ესპანეთზე იმდენი მაქვს ნაფიქრი და ნაოცნებარი, სადაც გინდა მოვხვდე, ოღონდ მოვხვდე : )

მალაგას ვნახავდი, თეთრი სახლებით, სადღაც შორს სანაპირო რომ მოჩანს.

  
ბელგია 

  ბრიუგე ამ ფილმიდან შემიყვარდა და აუცილებლად მოსანახულებელ ქალაქად იქცა.





 ევროპიდან გადავიდეთ დიდებულ სამხრეთ ამერიკაში.

ვენესუელა

  ვენესუელაში უნდა ვნახო მთა რორაიმა! ეს არის ყველაზე სასწაული მთა, სულისშემძვრელი, მკვლელი და გულის გამაჩერებელი.


 არც კი ვიცი, შეიძლება თუ არა ასვლა ჩეულებრივი მოკვდავთათავის, მაგრამ შორიდანაც რომ მოვკრა თვალი, საკმარისია იმისათვის, რომ სულ მცირე ტაქიკარდია გამოიწვიოს : )



პერუ

  პერუში მაჩუ პიკჩუ მელოდება, უნდა ავიდე და ასე უდარდელად  გავიშხლართო მწვანე მოლზე : ))



და მერე იქიდან მოგწერთ – 7ობაა, ანათებს მზე. მაგრად ვარ, დავრბივარ.


 პ.ს მუსიკალური მხარდაჭერისთვის მადლობა ლიაპის ტრუბეცკოის და ლაუდსპიკერს.

Friday, January 25, 2013

Do more & make it count

In the end, it's not the years in your life that count, it's life in your years.
                                                                           

                                                                                           - Abraham Lincoln

Without a goal, you can't score

 
      მთავარია, მიზნები დასახო. ხმამაღლა უნდა თქვა – მე მინდა გავაკეთო ეს. მაგალითად, მე მინდა წავიდე ბრიუგეში (მე მართლაც მინდა, წავიდე ბრიუგეში) და მერე თითქოს უფრო მარტივდება ყველაფერი, როცა იცი, მიზანი რა არის. შემდეგი საფეხურია ამ მიზნამდე მიღწევის გზების გამოძებნა, რომელთაგან ყველაზე იოლი და საინტერესო უნდა ამოარჩიო და ეგაა, საქმე თითქმის გაკეთებულია.

 ეს არის შესავალი პოსტი, არ ვიცი გახსოვთ თუ არა, ოდესღაც მაქვს ნათქვამი, რომ უნდა დამეწერა იმ ადგილებზე, რომელთა მონახულებაც მინდა. ის პოსტი ჯერ კიდევ დრაფტებში გდია და დაწყებულიც კი არ მაქვს. მაგრამ აუცილებლად დავწერ და ეგ იქნება ხმამაღლა ნათქვამი მიზანი. ნელ–ნელა გზებიც დაისახება და როგორც ვთქვი, მერე ყველაფერი ადვილია.

     ერთ–ერთი ძლიერი ინსპირაცია გახდა ეს ვიდეო და ეს ადამიანი, Casey Neistat. 

Wednesday, January 2, 2013

Over the misty mountains

  რამდენიმე დღის წინ, პატარა, ასე 6-7 წლის ბიჭი იყო ამოსული ოფისში, ხატები იყიდეთო, გვეხვეწებოდა. სახელი ვკითხე, ლევანი ერქვა. პაწაწინა, ჭუჭყიანი სახე ჰქონდა. ხატები არ გვინდოდა, მაგრამ გოგოებმა ფული მისცეს. მეც უნდა მიმეცა, მაგრამ გვერდით ოთახში გავიდა და მერე ისე გამასწრო, ვერ მოვასწარი დაძახება.
  ყელში ბურთი გამეჩხირა.
  მერე დავფიქრდი, შეიძლება ეს პატარა, მტვრიანი ბავშვი ძალიანაც ბედნიერია, იმიტომ, რომ ვერ ხვდება, რომ უჭირს, რომ მისი ცხოვრების წესი არ არის კარგი, რომ ის ხატებს არ უნდა ყიდდეს კარდაკარ.

    გამახსენდა, თუ როგორი იყო ჩემი ბავშვობის ახალი წლები. 

  მახსოვს, ერთ წელს, ნოემბერი იყო თუ ოქტომბერი, გარდერობში, ტანსაცმლის ქვეშ, ერთი შოკოლადის ფილა და 2 ჭრელი ბუშტი ვიპოვე. რამდენიმე დღის განმავლობაში, დღეში რამდენჯერმე ავდიოდი სკამზე და ვამოწმებდი, ისევ იქ იდო თუ არა. ვერ ვბედავდი დედასთვის მეთქვა. ერთ დღესაც, რომ ვეღარ მოვითმინე, ჩამოვიღე შოკოლადი და დედას მივუტანე, აი ეს ვიპოვე და გამოგადგება-მეთქი. მეგონა გაუხარდებოდა.  ჩემი მოლოდინის მიუხედავად, დედა გაბრაზდა, მე კინაღამ ვიტირე.
 მოგვიანებით გამიმხილა, რომ  საახალწლო ტკბილეულის და საჩუქრების შეგროვებას რამდენიმე თვით ადრე იწყებდა, ახალი წლისთვის თოვლის პაპას რომ მოეტანა ჩვენთვის. მე რომ ეს დამალული საჩუქრები აღმოვაჩინე, ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევდა.

   მახსოვს, ერთ ახალი წელს, 12 საათი რომ გახდა, ფანჯრის ქვეშ, ნაძვის ხესთან ვიყავი ჩამჯდარი და სალიუტებს (ასე ვეძახდით სხვადასხვა ფერის, მოციმცე ვარსკვლავივით ნათებებს, რომლებსაც ახალ წელს ისროდნენ) ვეღარ ვხედავდი, ვინაიდან მეზობლად ავტომატებს ისროდნენ და ბრმა ტყვია რომ არ მოგვხვედროდა, დედა და მამა ფანჯრიდან არ გვახედებდნენ.

  მახსოვს, როგორ მიხაროდა თითოეული კანფეტი თუ საღეჭი რეზინი, რომელსაც თოვლის პაპა მომიტანდა, ყველაფერს საგულდაგულოდ ვინახავდი და ვიზოგავდი, რაც შეიძლება დიდხანს რომ მყოფნოდა.
 მახსოვს ყველა სათამაშო, რომელიც მოუტანია  სხვადასხვა წლის განმავლობაში.
 მახსოვს, როგორ ველოდებოდი სანატრელ კაკუნს კარზე, რომ გავვარდნილიყავი და კარებთან დაწყობილი პარკები ამეტაცა. მახსოვს, როგორ ვოცნებობდი ერთხელ მაინც დამენახა ეს თეთრწვერა კაცი, რომელიც ყოველთვის უჩუმრად ახერხებდა გაპარვას.
  ეს ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ბედნიერი მომენტი იყო. რომ ვიგონებ იმ შეგრძნებებს, სულ ერთი ბეწოთიც არ უახლოვდება ეხლანდელი სიხარული იმ განცდებს.



  ეს არასაახლწლო სიმღერა ძალიან უხდება ამ პოსტს. მთელი დღეები ვუსმენ, მერე  დავდივარ და ჩუმად ვმღერი: ”Far over, the misty mountains cold.."