Saturday, August 25, 2012

ზაფხულის მიწურულს

   ახლა ღამის 2 საათია, თითქმის. მე სამსახურში ვარ. გარეთ კანტიკუნტად მოძრაობენ მანქანები, ბენზინგასამართ სადგურზე ვიღაცას ღვიძავს.

 ზაფხულის მიწურულია.

    ეხლახან დავასრულე ეს ფილმი და მინდა, რომ ხმამაღლა ვიტირო, ძალიან ხმამაღლა. ვიქვითინო.


   ვთვლი, რომ ომი ყველაზე დიდი საშინელებაა ამქვეყნად და ყველაზე მეტად მისი მეშინია, ძალიან მეშინია. 

   კირას მწვანე კაბა მიდგას თვალწინ. ეხლა მე რომ მეცვას ეს  კაბა, დავლევდი 1 ჭიქა ვისკის, მერე ქვევით, აივანზე ჩავიდოდი და მოვწევდი.

   ზაფხულის მიწურულია, გუშინ შესანიშნავი წიგნი წავიკითხე - ტიპი მეზობელი საფლავიდან. თქვენ ვის დანახვაზე გიხტით საკვერცხეები სიხარულისგან?

    აი, ვზივარ სამსახურში და მახსენდება ჩაგდებული კონკურსი, რომელზეც დიდ იმედებს ვამყარებდი. რატომღაც მეგონა, რომ რაღაც გამომივიდოდა. გამოგვივიდოდა, უფრო სწორედ. არ ვიცი, ან მე შევცდი თანაგუნდელების შერჩევაში, ან ლიდერის თვისებები, როგორც ასეთი, ჩემში არ არსებობს. მე ძალიან მჭირდებოდა ამ კონკურში მონაწილეობა. მხოლოდ მონაწილეობა, და ესეც კი არ გამომივიდა.
  ხანდახან მგონია, რომ ის ბავშვი ვარ, ოჯახში გამორჩეული რომ არის. გამორჩეული იმით, რომ როცა უნებურად საშაქრეს გატეხავს, დედა მაშინვე საყვედურებით ავსებს - აი ხომ ვიცოდი, რომ ასეც იზამდი.

   ეხლაც ასეთი, სამდურავით სავსე ხმა მესმის - ხომ ვიცოდი, რომ ასეც მოხდებოდა, ხომ ვიცოდი! ყოველთვის მარცხდები!  ან გეშინია და არაფერს აკეთებ, ან აკეთებ და არ გამოგდის.
 ყურს თუ კარგად დავუგდებ, ეს ხმა მე მეკუთვნის.




  ღმერთო ჩემო, როგორ მინდა ხმამაღლა ვიტირო. ზაფხულის მიწურულია და წინ შესანიშნავი, თბილი შემოდგომაა. ქარვისფერი შემოდგომა, ალერსიანი ამინდებით და მზიანი დღეებით. თუნდაც წვიმიანი. წინ შემოდგომაა.






Friday, August 17, 2012

Fake Empire

We're half-awake in a fake empire
 
    ზუსტად აღარ მახსოვს, როდის მოვუსმინე პირველად The National–ს. მაგრამ კარგად მახსოვს, როდის შემიყვარდა და რა სიმღერით.

   იმ სიმღერაზე მოგვიანებით დავწერ, მანამდე კი უნდა მოგიყვეთ, მეტ ბერნინგერი როგორ უგზოუკვლოდ შემიყვარდა თავის ხმის გამო. აი ჯერ ნანახიც არ მყავდა, როგორი იყო, მაგრამ უკვე მიყვარდა. და როცა დავინახე, თავისი ოდნავ გაჩეჩილი, ქერა თმით,  წვერით და ცისფერი თვალებით, მივხვდი რომ არ შევმცდავარ.  რაღაცნაირად, ისეთი ტიპია, დასტოინი რა : )


   თქვენ არ თვლით, რომ საოცარი ხმა აქვს? ყოველ მოსმენაზე, როგორც კი იწყებს სიმღერას, ჟრუანტელი მივლის.

    ეს ვიდეო ერთი ჩვეულებრივი ლაივია, მათი ერთ–ერთი ძალიან კარგი სიმღერის – Fake Empire.


 
 
   ჩვეულებრივი იყო, მანამ, სანამ 1:10–დან არ ვუყურე, ხალხი როგორ ყვება მუსიკის რიტმს ტაშით და უკან ჩამავალი მზის სხივები ანათებს. ლამის ვიტირე. რა მაგარია, მუსიკას ყველა ერთად რომ გრძნობს და ყველას რაღაც დიდი მუხტი აერთიანებს.  მეც იქ რომ ვყოფილიყავი იმ მომენტში, ხმამაღლა ვიტირებდი ბედნიერებისგან.

    ოდესმე თუ მოვხვდები მათ ლაივზე, დარწმუნებული ვარ, ბევრს ვიტირებ.  ადრენალინისგან ფეხებში სისუსტეს ვიგრძნობ და გულისცემა ყურებს დამიხშობს.

   მუსიკის ღმერთებო, დაე კოსმოსში ავიდეს ჩემი სურვილი და როდესმე უკან დამიბრუნდეს.

    რაც შეეხება ჩემი ყველა დროის ფავორიტი სიმღერას,  რომელიც ისე მიყვარს, რომ ხანდახან არც მინდა, სხვებს გავუზიარო და ეხლაც ბევრი ვიფიქრე, მეხსენებინა თუ არა აქ. ეს არ არის მარტო სიმღერა, ეს არის ამბავი, ფილმი, ისტორია, რომელიც შენ გადაგხდა, ან ამ წუთას ხდება შენს თავს. რომლის მოსმენისას სხვა განზომილებაში გადავდივარ და ყველა პრობლემა ამაოა და უმნიშვნელო. ან მგონია, რომ თავდავიწყებით ვარ შეყვარებული ვიღაცაზე, რომელიც არ ვიცი ვინ არის, მაგრამ თან დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს.

მოუსმინეთ და თუ შეიძლება, უკან დამიბრუნეთ  : )



Thursday, August 16, 2012

End of summer. End of story.

    საღამოა, გრილი ნიავი უბერავს, სახლში ახალი მოსული ვარ. კომპიუტერს ვუზივარ და ვცდილობ თავი მოვუყარო აზრებს, რამდენი ხანია ვგეგმავ პოსტის დაწერას. გუშინაც ვაპირებდი, როცა გავიგე, რომ ჯულია ჩაილდის 100 წლისთავი იყო, მაგრამ ამაზე მერე.

  შვებულება ისე უცებ გაფრინდა, რომ ახლაც, როცა დილით მაღვიძარა რეკავს, მგონია რომ ჩემი სოფლის რკინის საწოლში ვწევარ და შემიძლია ეს აბეზარი წკრიალი გამოვრთო და საწოლის ჭრიალით შევიბრუნო გვერდი.
 
   ბავშვობაში ისეთი სიტყვები, როგორიცაა "სამსახური" და "შვებულება", ისე საოცარ რამედ მეჩვენებოდა, მეგონა ისინი, ვისაც ეს რამეები ჰქონდა, ძალიან დიდები და სერიოზულები იყვნენ. მერე, მეც რომ გამიჩნდა იგივე საოცრებები, მივხვდი, რომ ადამიანი საერთოდაც არ იზრდება. მე ზუსტად ისეთი ვარ, როგორიც ვიყავი 5, 10 და 15 წლის წინ. ისევ არ მიყვარს ბევრ უცნობ ადამიანთან ერთად ყოფნა, თავს ისევ ისე უხერხულად ვგრძნობ ასეთ დროს და არ ვიცი, როგორ მოვიქცე.
  ისევ ძალიან მიყვარს ბევრ ახლობელ ადამიანთან ერთად ყოფნა და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, როცა მათთან ერთად ვზივარ და  მათ ვუყურებ.

   არაფერიც არ იცვლება. ყველა ბავშვს უნდა გავაგებინოთ, რომ არავინ არ იზრდება და დიდებსაც ისევე აქვთ იგივე სურვილები, რაც პატარაობისას ჰქონდათ. უბრალოდ, რაღაცების დამალვას ვსწავლობთ და ათასი ვალდებულებები გვემატება.

  მინდა, რომ 3 თვიანი არდადეგები მქონდეს ზაფხულში და უდარდელად გავატარო მთელი ის დრო. ნაცვლად ამისა, 2 კვირიანი დასვენებისას, პირველი კვირა ვერაფრით ვაჯერებდი ჩემს თავს რომ დილით არსად ვიყავი გასავარდნი და მუდმივად აფორიაქებული ვიძინებდი. მეორე კვირას, ყოველ საღამოს ვალერიანის მიღებით და სოფელში არაფრის კეთებით, როგორც იქნა სასურველ სიმშვიდეს მივაღწიე და ზუსტად ამ დროს, უცებ ყველაფერი დამთავრდა.

   სოფელში ზუსტად ისე ვიყავი, როგორც ვგეგმავდი – უნდა ვიჯდე და ვიყო–მეთქი. აი ეგრე, ვიჯექი და ვიყავი. 
 ყოველდღე ვაკეთებდი მცირე ჩანაწერებს, ეხლა რომ გადავხედე, ძირითადად ამინდზე ვწერ, როგორც მჩვევია.

 04.08.12  11:02   ჩავედით დვალთაში, ვარ ძალიან მტვრიანი, თმა მაქვს ბობ მარლივით :D ეხლა შემოვედი სახლში.

 05.08.12  17:40  ცხელა, ყავის წყლის ადუღებას ველოდები. ყველაფერი მეზარება, სულ მეძინება. გუშინ ფიჭვებში ვიყავი.დღეს მთელი დღეა არაფრის კეთებით ვარ დაკავებული. აჰ, მებრძოლთა კლუბი წავიკითხე და wow, wow, wow!

 06.08.12  12:42 ღამით ტურა იყო ამოსული და ყმუილმა გამაღვიძა. ეხლა დილის ყავის რიტუალი მაქვს. დღის შემდგომ პერიოდში ვგეგმავ ბადმინტონის თამაშს. ქარია და იმედია მოვახერხებ.

 07.08.12  12:37  დილიდან თავი მტკივა. მზე აჭერს და ქარია. ცოტახნით ვიყავი გასული მზეში  და უფრო გამიძლიერდა ტკივილი. დენი წავიდა, მანამდე ვუყურებდი ჯ.ლოს და პიტბულს (gosh). ვსვამ ნელთბილ ყავას. გუშინ ბადმინტონი ვითამაშე და მას შემდეგ ხელი მიკანკალებს.
16:52  ფრენი და ზუი წავიკითხე, საოცრად კარგია. ვერ ვხვდები, თამაში ჭვავის ყანაში რატომ არის უფრო პოპულარული. ცხელა და ოთახში ვარ შემოკეტილი.
22:28  ვარსკვლავი ჩამოვარდა ისე ლამაზად, რომ აღფრთოვანებისგან სურვილის ჩაფიქრება დამავიწყდა.

 08.08.12  16:58   ვწევარ და ვუყურებ რიჰანას "Umbrella"–ს ლაივს (ლაივს!). მინდა შაურმა და ამ სურვილს ვერაფერს ვუხერხებ უკვე 2 დღეა. შაურმავ, მინდიხარ! შენ ძალიან შორს ხარ და ჩვენი შეხვედრა შეუძლებელია ამჟამად.

 09.08.12  18:00 ბაღში ვზივარ ბალახზე, უბერავს ქარი. აქ იმ მიზნით ჩამოვედი, რომ მოვშორებოდი ყველაფერს და არაფრის კეთებაში გამეტარებინა შვებულება. მაგრამ მივხვდი რომ ადამიანები და ხმაური მენატრება. ამაზე დარდი დიდხანს არ მომიწევს, შვებულება მალე მთავრდება. (შენიშვნა: ეს არის წმინდა წყლის ტყუილი, მხოლოდ რამდენიმე წამით მეგონა რომ ასე მინდოდა, სინამდვილეში სულ მალევე გამოვუტყდი ჩემს თავს რომ ძალიანაც მომწონდა უადამიანებოდ ყოფნა)
20:23  დვალთური საღამოა, მშვიდი, ჰაერი ადამიანების ხმებით არის სავსე. დღეს ძალიან ცხელოდა, ეხლაც ნიავიც კი არ იძვრის, მაგრამ აგრილდა ნელ–ნელა. მე აივანზე ვზივარ, მინდა შოკოლადი და მაღაზიაში ასვლა წარმოუდგენლად მეჩვენება. ადამიანებთან მინდა, მაგრამ თან მარტო ყოფნაც მსიამოვნებს. ბებო ხახვს წნავს და თან დედას ელაპარაკება.

 10.08.12  20:21  ალგეთზე ვიყავით ჩასული, ვიბანავე და შემწვარი სიმინდი ვჭამე. Fucking mood.

 11.08.12  15:36  ცხელა და უსაქმურობის ბოლო დღეებს ვითვლი. ჯერ პიჟამაც არ გამიხდია, ბებო კარტოფილის ხინკლისთვის ემზადება.
23:28 თავი მტკივა და მეძინება, გარეთ ხმაურია – მეზობლები მწვადს წვავენ. არ მინდა თბილისში :/

 12.08.12  12:53 საღამოს მივდივართ, ეკლესიაში ვიყავი გასული, ახლა ბაღში ვზივარ და სასტიკად მცხელა. Fucking mood
13:58  ვბარგდებით. არ მინდა წასვლა. მაგრამ ძველებურად მაინც არ იყო არაფერი, არც ბავშვებთან ერთად მიცეკვია ქუჩაში და არც ბადმინტონი მითამაშია ბევრჯერ. Wonderland გაქრა.
20:35 Waiting.. 




Wednesday, August 1, 2012

Valar Morghulis

And who are you, the proud lord said,
that I must bow so low?
Only a cat of a different coat,
that's all the truth I know.
In a coat of gold or a coat of red,
a lion still has claws,
And mine are long and sharp, my lord,
as long and sharp as yours.
And so he spoke, and so he spoke,
that lord of Castamere,
But now the rains weep o'er his hall,
with no one there to hear.
Yes now the rains weep o'er his hall,
and not a soul to hear.


    ჩართეთ და მოუსმინეთ ამ სიმღერას. რომ დამთავრდება, თავიდან დაიწყეთ. მერე ისევ მოუსმინეთ, და ისევ და ისევ..



   იმიტომ, რომ ზამთარი მოდის.

  ის ძალიან ახლოსაა და ცივი სუსხი უკვე იგრძნობა. შორიდან მებრძოლების შეძახილი და იარაღის ჟღარუნი ისმის, სადღაც ხმლების ნაპერწკლებიც გაკრთება და ჰაერში სისხლის სუნი ტრიალებს. 

   ზამთარი ახლოსაა, მაგრამ ჩვენ გრძელი და ბასრი ბრჭყალები გვაქვს, ისეთივე გრძელი და ბასრი, როგორიც ჩვენს მტერს. ისმინეთ ჩვენი ღრიალი!

  ჩვენში დრაკონის სისხლი ჩქეფს და სიცივის მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო დუღდება.

ისმინეთ ჩვენი ღრიალი!


  მე ვარ დროგო, დიდი ქხალი და დოთრაკიელების ლიდერი.

 მე ვარ ედარდ სტარკი, ვინტერფელის მბრძანებელი.

 ისმინეთ ჩვენი ღრიალი!


 მე ვარ დაინერისი – თქვენი ქხალისი.

მე ვარ ჯონ სნოუ, ღამის გუშაგი.

ისმინეთ ჩვენი ღრიალი!


 მე ვარ თეონ გრეიჯოი და ჯეიმი ლანისტერი, არია სტარკი და ჯორაჰ მორმონი – ისმინეთ ჩვენი ღრიალი!


მოემზადეთ – ზამთარი მოდის!